ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტი: პუტინი ცდილობს სტალინისებური მკაცრი სახე დაიმკიდროს


სუვენირები მოსკოვის მაღაზიებში, 2 დეკემბერი, 2015.
სუვენირები მოსკოვის მაღაზიებში, 2 დეკემბერი, 2015.

ორშაბათს, მოსკოვის წითელ მოედანზე ყოველწლიური რიტუალი გაიმართა: რუსეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტებმა, იოსებ სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთის კომუნისტური პარტიის მეთაურმა, გენადი ზიუგანოვმა სტალინისადმი მოწიწებით აღსავსე გრძელი სიტყვა წარმოთქვა:

„სტალინის გამოცდილება და გაბედულება, მისი გენია და ტალანტი ყველა იმ სახელმწიფო მოხელის მასაზრდოებელი წყარო უნდა იყოს, ვისაც გულწრფელად სურს, რომ რუსეთი ბედნიერი და ჭეშმარიტად სუვერენული იყოს.“

მხატვარმა ოქსანა ჯუღამ წითელ მოედანზე მის მიერ შესრულებული ბელადის პორტრეტი მიიტანა. აი, რა თქვა მან:

„რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში სტალინი უდიდესი ლიდერი იყო. რუსეთს ასეთი ლიდერიჯერ არ ჰყოლია.“

სტალინის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვება სტალინის დამსახურებაა. ამას გარდა, ცივი ომის პირველ ეტაპზე ის დასავლეთს წინ აღუდგა.

ზიუგანოვმა თქვა:

„სტალინმა რუსეთის საუკეთესო იმპერიული ტრადიცია გააგრძელა და ომის შემდგომ ყველაზე ძლევამოსილი ალიანსი შექმნა, ალიანსი სლავურ სახელმწიფოებსა და მათი მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით, რომელმაც თვით ნატო შეაკავა.“

პრეზიდენტ პუტინის რუსეთში სტალინის რეპუტაცია სულ უფრო მაღლა მიდის. სტალინს ხშირად აქებენ, როგორც ძლიერ ლიდერს, რომელმაც რუსეთის იმპერია აღადგინა. ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ პუტინს სტალინის მიღწევის გამეორება სურს.

კარნეგის მოსკოვის ცენტრის წარმომადგენელი ანდრეი კოლესნიკოვი ამბობს:

„პუტინი ისტორიას თავიდან წერს, რათა სტალინის მსგავსად, საკუთარი ძალიან მკაცრი და ეფექტური ლიდერის სახე შექმნას.“

აღსანიშნავია, რომ პუტინი სტალინის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ცერემონიას არასდროს დასწრებია. მეტიც, მან საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. კოლესნიკოვის აზრით, ამგვარი ქმედებით პუტინი შეეცადა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის გული მოეგო. ამავე დროს პუტინის მხარდაჭერით, მოსკოვში გულაგის ახალი მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი შეგვახსენებს, რომ სტალინურ რეპრესიებს მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. კიდევ მილიონი გულაგის ბანაკებში შიმშილით დაიღუპა.

გალინა პეტროვა, რუსული ლიტერატურის მასწავლებელი, ამბობს:

„ძნელია, წარმოვიდგინო ვინმე, ვინც ადამიანის უფლებები სტალინზე მეტად დაარღვია. სტალინი, შეიძლება, ჰიტლერსაც კი გავუტოლოთ. ის ურჩხულია, ჯოჯოხეთის ნაშიერი. ის ადამიანი არ არის. ის რუსეთისა და მსოფლიო ისტორიის შავი ლაქაა.“

მაგრამ რუსეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტალინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რიცხვი 2001-დან 2015 წლადე, 43 პროცენტიდან 21 პროცენტამდე შემცირდა. რუსების დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ სტალინური რეპრესიები საჭირო იყო.

„მოსკოუ თაიმსის“ ინფორმაციით , სანკტ პეტერბურგში რუსი ნაციონალისტების ჯგუფი შეეცადა, სტალინის მსხვერპლთა მოსაგონებელი ცერემონიის ჩაშლას შეეცადა. რუსული ლიტერატურის მასწავლებელ პეტროვას მიაჩნია, რომ სტალინის მზარდი პოპულარობა საზოგადოების ერთგვარი რეაქციაა იმ ზღვარგადასულ კორუფციაზე, რომელიც დღეს რუსეთში მძვინვარებს, სტალინის ეპოქაში კი შეკავებული იყო. პეტროვა ამბობს:

„მაშინ ხელისუფლებაში ვერ ნახავდით იმდენ კრიმინალს, რამდენსაც დღეს. ამიტომ მკაცრი ხელის მონატრება ბუნებრივია.“

კოლესნიკოვი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიამ რუს ხალხს იმპერიული ამბიციები გაუღვივა. მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსების მოქმედებასაც ოფიციალური მოსკოვი ნოვოროსიაში ეთნიკური რუსების დაცვის მოტივით ამართლებდა. „ნოვოროსია“ უკრაინის ცარისტული პერიოდის სახელია.

ამ სახელის ფართოდ მოხმარება მას შემდეგ შეწყდა, რაც ცხადი გახდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთებას ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს.

დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „მსოფლიო წესრიგი“, რომელიც რუსული ტელევიზიების ეთერში 20 დეკემბერს გადაიცა, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი ცდილობს, რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის საშუალება არ მისცეს. პუტინმა თქვა:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უკრაინის ინტერესები არ აღელვებთ. ისინი ცდილობენ, არ დაუშვან საბჭოთა კავშირის ხელახალი შექმნა. არავის სურს, დაიჯეროს, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენას არ ვცდილობთ.“

კოლესნიკოვი შეგვახსენებს, რომ ის რუსები, რომლებსაც საკუთარი ისტორია ავიწყდებათ, მონსტრებს გმირებად აქცევენ და პირიქით. თუმცა, მისი თქმით რუსული საზოგადოებრივი აზრი ხშირად იცვლება და შესაძლოა, ახლაც, ძალიან უცბად, ეს აზრი მომავალ წლამდე გამოიცვალოს.

XS
SM
MD
LG