ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიკრო ატომური ელექტროსადგურები ამერიკაში თანდათან იკიდებს ფეხს


სადემონსტრაციო ნაგებობა კომპანიაში "ლასთ ენერჯი" (Last Energy), რომელშიც მიკრო რეაქტორის პროტოტიპია განთავსებული. 17 იანვარი, 2023 წ. ბრუკშირი, ტეხასი, აშშ.
სადემონსტრაციო ნაგებობა კომპანიაში "ლასთ ენერჯი" (Last Energy), რომელშიც მიკრო რეაქტორის პროტოტიპია განთავსებული. 17 იანვარი, 2023 წ. ბრუკშირი, ტეხასი, აშშ.

ატომური ელექტროსადგურის ხსენებისას, უმეტესობას წარმოუდგენია დიდ ტერიტორიაზე აგებული გიგანტური კომპლექსები, ბეტონის გრანდიოზული ცილინდრული გამაგრილებელი ნაგებობებით. თუმცა, მათი ალტერნატივაც არსებობს - მცირე ზომის ატომური ელექტროსადგურების სახით, რომლებიც მიკრო ბირთვული რეაქტორებითაა აღჭურვილი.

ამ მიკრო ელექტროსადგურების სიმძლავრე გაცილებით მცირეა. ისინი რიგითი სადგურების დაახლოებით მეასედ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და ფიზიკურად იმდენად მცირე ზომის არიან, რომ მათი ადგილზე მიტანა ჩვეულებრივი სატვირთო მანქანითაც შეიძლება. ამავე დროს, მსგავს მოწინავე მიკრო ელექტროსადგურს შეუძლია ათეულობით შენობისგან შემდგარი, მთელი სამხედრო კომპლექსების, საავადმყოფოების, საუნივერსიტეტო კემპუსების განათებით და გათბობით უზრუნველყოფა.

მიკრო რეაქტორები ენერგოსექტორში "გარდატეხას შეიტანს", ამბობს ჯაკოპო ბონჯორნო - ატომური ენერგიის და ინჟინერიის პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ის ე.წ. სუფთა ენერგიის წყაროებში ბირთვული ენერგიის როლს სწავლობს. "სწორედ ეს გვსურს, რომ ბირთვული ენერგია პროდუქტის სახით ვიხილოთ და არა როგორც მეგა პროექტის" - აღნიშნავს ის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ენერგიის მსგავსი წყაროებით დაინტერესება იზრდება, განსაკუთრებით - უნივერსიტეტების ტერიტორიებზე. "აშკარაა, რომ რეაქტორების ამ მოწინავე ტექნოლოგიებს მომავალი ნამდვილად აქვს მსოფლიოში მიმდინარე დეკარბონიზაციის ფონზე" - ამბობს კალებ ბრუქსი, ატომური ინჟინერიის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში.

ილინოისის უნივერსიტეტი მათ შორისაა, ვინც მსგავსი რეაქტორის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროფესორი ბრუქსი ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც კომპანიასთან Ultra Safe Nuclear Corporation მსგავსი მოწინავე სადგურის აშენებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ მის ამოქმედებას 2028 წლისთვის შეძლებს.

გასულ წელს, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტმა მიკრო რეაქტორის ტექნოლოგიის საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა მემორანდუმს კომპანიასთან Westinghouse. ინდიანის შტატში პერდიუს უნივერსიტეტი ანალოგიურ პროექტზე მუშაობს კომპანიასთან Duke Energy. ბირთვული რეაქტორები შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სიახლეს არ წარმოადგენს, ისინი ამერიკაში 25-მდე უნივერსიტეტს უკვე აქვს. თუმცა, ენერგიის წყაროდ მათ გამოყენებაზე აქამდე საუბარი არ ყოფილა.

მიკრო ატომური ელექტროსადგურები ასაშენებლად მიწის გაცილებით ნაკლებ მონაკვეთს მოითხოვს, ვიდრე სოლარული ფერმები, ან ქარის ტურბინები. ამას გარდა, ისინი გაცილებით იაფიც ჯდება. ტრადიციული ატომური ელექტროსადგურის აშენება ამერიკაში მილიარდობით დოლარი ღირს. მაგალითად, ჯორჯიის შტატში უკვე არსებულ სადგურზე რეაქტორების დამატება ელექტროსადგურს $30 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება. მიკრო ელექტროსადგურის დამზადება, აწყობა და დამონტაჟება კი მაგალითად, კომპანიაში Last Energy $100 მილიონზე ნაკლები ღირს.

კომპანია Westinghouse, რომელიც ინდუსტრიაში 70 წელზე მეტია ლიდერობს, უახლეს მიკრო რეაქტორებზე მუშაობს, სახელწოდებით eVinci. მათი ლიცენზირება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2027 წლისთვის იგეგმება. ახალ მიკრო რეაქტორებზე ექსპერიმენტებს არამარტო კერძო კომპანიები, არამედ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც ატარებს. "პროექტი პელე" აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში მობილურ ატომურ მიკრო რეაქტორს ცდის.

მიკრო ატომური ელექტროსადგურების პოპულარობის გზაზე მთავარ გამოწვევად მეცნიერები ნარჩენების მოვლის პრობლემას მიიჩნევენ. 2022 წელს გამოქვეყნებულმა სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ზომის რეაქტორები, რომლებიც დაახლოებით მიკრორეაქტორებს და ჩვეულებრივი მოცულობის ბირთვულ რეაქტორებს შორისაა, გაცილებით მეტ ნარჩენებს გამოყოფს, ვიდრე ტრადიციული ატომური ელექტროსადგურები.

ამას გარდა, მიკრორეაქტორებს ჯერჯერობით მეტი ურანი ესაჭიროებათ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთეულზე, ვიდრე ტრადიციულ ელექტროსადგურებს. ცალკე განხილვის საკითხია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორისტთა სამიზნეში მოხვედრის ალბათობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG