ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი: მოკლულია ჰამასის რამდენიმე სამხედრო მეთაური


ისრაელის დაბომბვაში მოყოლილი საცხოვრებელი შენობა ღაზის სექტორში. 12 მაისის ფოტო.

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, მოკლულია ჰამასის რამდენიმე სამხედრო მეთაური. განცხადება ისრაელმა ოთხშაბათს, მხარეებს შორის სამხედრო ესკალაციის ფონზე გააკეთა.

ჰამასი ადასტურებს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ღაზის სექტორის სამხედრო ოპერაციის ლიდერი ბასემ ისა და დაჯგუფების რამდენიმე სხვა მეთაური. მათ შორის არიან ინჟინერიის, კიბეროპერაციების და სარაკეტო განვითარების მიმართულებების ლიდერები.

ისრაელის მთავრობის ცნობით, მათ ჰამასის, სულ ცოტა, 16 მეთაური მოკლეს. ოთხშაბათის საჰაერო იერიშების სამიზნე პოლიციის და უსაფრთხოების პუნქტები იყო, თუმცა დაინგრა ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე ნაგებობა. ისრაელი იუწყება, რომ შენობაში ამ მომენტში არავინ იყო.

ღაზის სექტორში ისრაელს და პალესტინელებს შორის დაპირისპირება ორშაბათის შემდეგ გამწვავდა. პალესტინელების ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათ მხარეს, სულ ცოტა, 65 ადამიანია მოკლული, მათ შორის, 16 ბავშვი და 5 ქალია. 365 ადამიანი დაშავდა.

სამშაბათს და ოთხშაბათს დილით განხორციელებულ სარაკეტო იერიშის დროს მსხვერპლი ისრაელის მხარესაც იყო. ჰამასის მიერ ნასროლმა ასობით რაკეტამ 6 ადამიანი იმსხვერპლა.

მსგავსი ესკალაცია ისრაელს და პალესტინელებს შორის 2014 წლის ომის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ დაპირისპირება იერუსალიმის კონტროლის გამო დაიწყო, როცა ისრაელმა განსახლების პროგრამა არაბული დასახლებების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიწყო.

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა მის კოლეგას ისრაელში ბენიამინ განცს. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ურღვევია" პენტაგონის მხარდაჭერა "ისრაელის ლეგიტიმური უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი".

ლოიდმა დაგმო ჰამასის და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ასევე "გაუსვა ხაზი იმას, რომ [დაპირისპირებაში] ჩართულმა მხარეებმა საჭიროა გადადგან ნაბიჯები სიმშვიდის აღდგენისკენ".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG