ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები სანქციების გაძლიერებას ითხოვენ


უკრაინის კრიზისის და ამერიკის საპასუხო ნაბიჯების განსახილველად დახურულ კარს მიღმა მთელი სენატი შეიკრიბა

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივი დაწესების ობამასეული მიდგომის მიმართ კონგრესში მოთმინებას კარგავენ. სენატის საგარეო ურთიერთობების კომეტეტის რესპუბლიკელი წევრი, ბობ კორკერი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მცდელობა გავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ -ვლადიმირ პუტინზე- და მის ვიწრო წრეზე, უნაყოფოა.

„გასულ ორშაბათს სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ რუსულ საფონდო ბირჟებზე აქციებმა თითქმის 4 პროცენტით მოიმატა. რუსები ამაზე სიცილით კვდებიან. ამას რუსეთის ქცევაზე ეფექტი საერთოდ არ აქვს“ - აცხადებს ის.“

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ეს ასე სულაც არა არის.

„ბატონო სენატორო, ვერ დაგეთანხმებით სანქციების შედეგების შესახებ. რუსეთის ეკონომიკა უკვე აჩვენებს, რომ ტერიტორიული აგრესიის მოდელს რუსეთი დიდებისკენ არ მიჰყავს, ის მას ნგრევისკენ მიჰყავს. რუსეთის კრედიტუნარიანობის შეფასება უსარგებლოს დონიდან ოდნავ ზემოთ იმყოფება. ამ წლის დასაწყისიდან, რუსეთიდან 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი გაედინა.“

კორკერი ერთ-ერთია იმ რამდენიმე რესპუბლიკელს შორის, რომლებიც რუსეთის ბანკების და ეკონომიკური სექტორის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემოღებას მოითხოვენ. უკრაინაში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამას არ გამორიცხავს. სამშაბათს გამართულ მოსმენაზე, კორკერმა რამდენჯერმე დასვა კითხვა, თუ ასეთი სანქციები წინმსწრებად რატომ არ მიიღეს, რათა რუსეთის შემდგომი აგრესია თავიდან აეცილებინათ. ნულანდმა უპასუხა, რომ ადმინისტრაცია, ნატოელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, უფრო მკაცრ სანქციებს ამზადებს. მან არ დააზუსტა თუ როდის, ან როგორ პირობებში მოხდება ამ ზომების მიღება.

უფრო ძლიერი ამერიკული პასუხის მოთხოვნაში რესპუბლიკელი კანონმდებლები მარტონი არ არიან. კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა რობერტ მენენდეზმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მომზადება მოითხოვა.

„მე არ მერიდება სანქციების გამოყენება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მშვიდობიანი დიპლომატიისთვის ეფექტურ იარაღს წარმოადგენს, იქნება ეს ირანის თუ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებმაც მოსკოვი ისეთ ქალაქად აქციეს, სადაც მსოფლიოში მილიარდერების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს.“

მენენდეზმა დაურთო, რომ უკრაინისადმი დახმარება უნდა დაჩქარდეს, სადაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობაც უნდა შევიდეს, როგორიცაა ჯავშანჟილეტები.

მოგვიანებით, უკრაინის კრიზისის და ამერიკის საპასუხო ნაბიჯების განსახილველად დახურულ კარს მიღმა მთელი სენატი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG