ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ვერ თანხმდებიან


შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში უკიდურესი სიღარიბე ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

გასულ კვირას გამართულ მოსმენაზე, დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის მწვავე კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ როგორი როლი უნდა ჰქონდეს მთავრობას, ხალხის სიღარიბიდან გამოყვანის დახმარების საქმეში. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა თქვა, რომ მთავრობამ მარცხი განიცადა.

„ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ დღეს-დღეობით ვაშინგტონი სიამაყის საფუძველს არავის აძლევს. ამჟამად, ფედერალური მთავრობა სიღარიბის დასაძლევ 92 სხვადასხვა პროგრამაზე წელიწადში დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, სიღატაკის ოფიციალური დონე, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მაღალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, უკიდურესი სიღარიბე ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო. აშკარაა, რომ ჩვენ უკეთესად მუშაობა გვმართებს.“

დემოკრატი კანონმდებლების უმრავლესობა ამას გადაჭრით არ ეთანხმება და რაიანის გეგმას ეწინააღმდეგება, რომელიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ღარიბებისთვის გამიზნული საშინაო პროგრამების ხარჯებს მკვეთრად შეკვეცს. კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა, მაგრამ სენატმა არა.

არაკომერციული ჯგუფის: „სამეზობლო წამოწყებათა კვლევის ცენტრ“-ის პრეზიდენტი რობერტ ვუდსონი ამბობს რომ სამთავრობო პროგრამებზე აქცენტმა მთელი ინდუსტრია შექმნა, რომელიც ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ემსახურება.

„ამ წლების განმავლობაში ღარიბებზე დახარჯული ფულის 70 პროცენტი სწორედ ამ ინდუსტრიაში გადაირიცხა. “

ვუდსონი ამბობს, რომ ფოკუსი უნდა გაკეთდეს კერძო ბიზნესზე, რომელიც ღარიბებს დაასაქმებს. კონგრესმენი რაიანი კრიტიკის სამიზნედ იქცა იმის გამო, რომ თავის გამონათქვამებში მან, ზოგი ღარიბი ადამიანი დიდი ქალაქების ცენტრალური უბნებიდან, ბეჯითი შრომის კულტურის არმქონედ მოიხსენია. დემოკრატმა კონგრესმენმა კრის ვან ჰოლენმა, რესპუბლიკელები სიღარიბის მიზეზების არცოდნაში დაადანაშაულა.

„ის, რასაც რესპუბლიკელები აკეთებენ, არღვევენ სოციალური უსაფრთხოების ბადეს. ისინი ამბობენ, რომ ეს სინამდვილეში ეხმარება მათ, ვინც ყოველდღიურად თავის გატანას ცდილობს, რაც რეალურად დაზარალებულისთვის დამატებითი შეურაცხყოფის მიყენებაა. ეს განცხადება იმ ყალბ და დამღუპველ სტერეოტიპს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დასაქმების ნაცვლად ურჩევნია ამ უსაფრთხოების ბადეს დაეყრდნოს, რასაც დაცინვით ჰამაკს უწოდებს. ასეთი განწყობა, წარმოსახვითი სამყაროს მეთოდით მიდგომაა, რომ თითქოს სიღატაკის საწინააღმდეგო პროგრამების გაუქმება, სიღატაკეს შეამცირებს.“

გასულ კვირასვე სიღატაკის შესამცირებელი ზომების განსახილველად, რაიანი შავკანიანი კონგრესმენების ფრაქციას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, შავკანიანი დემოკრატი კონგრესმენების ფრაქციის თავმჯდომარე მარშა ფაჯი ჟურნალისტებს ესაუბრა.

„მივესალმებით თავმჯდომარე რაიანის ჩვენს შეხვედრაზე მოსვლას. დიდს ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრ რამეზე შევთანხმდით. ერთი ისაა, რომ ამ ქვეყანაში არსებული სიღატაკე ჩვენ ყველას გვაღელვებს. ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ვერ ვთანხმდებით.“

ფაჯმა თქვა, რომ რაიანი დათანხმდა სიღატაკის შემცირებისადმი მიძღვნილ შემდეგ მოსმენაზე კონგრესის შავკანიანთა ფრაქცია მიიწვიოს.
XS
SM
MD
LG