ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს


შეერთებული შტატების დედაქალაქში, საქართველოს არჩევნებს აფასებენ. სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის.

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - აცხადებს სენატორი.

„ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად 4 ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა ასევე, სენატორმა ჯიმ რიშმაც.

„საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურებზე“, - ამბობს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში.

„შეშფოთებული ვარ დაშინების და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით. არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, - ამბობს სენატორი.

მკაცრი იყო ასევე შეფასებები შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდანაც თბილისში. განცხადებაში, საელჩო ამბობს, რომ 2 ოქტომბერს „ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა გააჩინა ეჭვები არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG