ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ის მართვაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი


შეერთებულ შტატებში დიდ ცვლილებებს ელოდებიან პანდემია კოვიდ-19-თან ბრძოლაში. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად დასახა, რადგან მას უკავშირდება ეკონომიკის აღორძინებაც, ახლადარჩეული პრეზიდენტის რიგით მეორე პრიორიტეტი.

ბაიდენმა უკვე გამოაცხადა საგანგებო სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებას ჩაუდგება სათავეში. მას კოვიდ-19-ის საკონსულტაციო საბჭო ჰქვია. "ისე ჩანს, რომ ის [ჯგუფი] კარგად ორგანიზებულია, გარკვევით ჩამოყალიბებული კომუნიკაციით, და როგორც ეტყობა, მეცნიერებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებებია" - თქვა ტომას ფრიდენმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ყოფილმა დირექტორმა.

დაახლოებით 240 000 გარდაცვლილით, შეერთებული შტატები კვლავ მსოფლიოს ლიდერია. კოვიდ-19-ის გართულებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამერიკაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პროცენტულად, ყოველ 100 000 მოსახლეზე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკა სიკვდილობით მე-7 ადგილზეა.

ბაიდენის მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლის ჯგუფში შედიან როგორც ინფექციური დაავადებების გამოცდილი სპეციალისტები, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. პანელს სამი თანათავმჯდომარე ჰყავს. ესენი არიან ექიმები: დევიდ კესლერი (აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის უფროსი, რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის და დემოკრატი პრეზიდენტის ბილ კლინტონის დროს); ვივეკ მარტი (აშშ-ის ყოფილი მთავარი სამხედრო ქირურგი, დემოკრატ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს) და მარსელა ნუნეს სმიტი (ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ჯანდაცვის სამართლიანობის დარგში).

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და არჩეული ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის შეხვედრა კოვიდ-19-ის საკონსულტაციო საბჭოსთან
არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და არჩეული ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის შეხვედრა კოვიდ-19-ის საკონსულტაციო საბჭოსთან

"ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ წინა ხაზზე მეცნიერები და ექსპერტები არიან" - ამბობს ადრიან გასალოტი, საგრაფოების და ქალაქების ჯანდაცვის ოფიციალურ პირთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბაიდენის ჯგუფშია ასევე ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური წევრი, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პანდემიის მართვაში უთანხმოების გამო. ეს არის რიკ ბრაითი, ავტორიტეტი მოწინავე ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით.

ბევრი მეცნიერი აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პანდემიის მართვას. ის 9 თვის მანძილზე, ინფიცირების და სიკვდილობის მხრივ შექმნილი სიტუაციის უფრო შემსუბუქებულად მიწოდებას დღესაც აგრძელებს. პრეზიდენტი კარგად გამოუცდელი მედიკამენტების რეკლამას აკეთებდა და არც ადრე და არც დღეს სათანადო სერიოზულობით არ უდგება ნიღბის ტარების აუცილებლობას.

საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში, მაშინაც კი, როცა ყოველდღიურად ინფიცირება და ჰოსპიტალიზაცია რეკორდულ მასშტაბებს აღწევდა, პრეზიდენტი ტრამპი გამუდმებით იმეორებდა, რომ სიტუაცია გამოსწორების გზაზეა. "ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერია მსოფლიოში პრობლემას ისე, როგორც ჩვენ" - ამბობდა პრეზიდენტი.

"გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით იმაში მდგომარეობდა, რომ [ტრამპის] ადმინისტრაცია ბევრი ნიშნით ძალიან ანტისამეცნიერო იყო" - ამბობს ჯორჯეს ბენჯამინი. ის ამერიკული ჯანდაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, "ახლა გვექნება რეაგირება, რომელიც მეცნიერებაზეა დაფუძნებული".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG