ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენს პრეზიდენტობა ისტორიული გამოწვევების პირისპირ მოუწევს


ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გარდამავალი პერიოდისთვის გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს. ის დღესვე შეუდგა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის შექმნას. "მომდევნო თვეებში ჩვენ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია" - განაცხადა მან უილმინგტონში, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპონენტის გამარჯვებას ჯერჯერობით ისევ არ აღიარებს. ტრამპი მტკიცებულების გარეშე აცხადებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და რამდენიმე საჩივრის საფუძველზე, ზოგიერთ შტატში, სასამართლოში ბრძოლას აგრძელებს.

ქვეყნის 46-ე პრეზიდენტს 20 იანვრიდან, როცა ინაუგურაციაა დაგეგმილი, ბევრ გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება. მათ შორის პრიორიტეტად ბაიდენი პანდემიასთან ბრძოლას ასახელებს, რომელმაც 240 400-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა და 10 მილიონზე მეტი დააავადა. ამას გარდა, პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას.

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამერიკის სენატორი დელავერის შტატიდან, იმ დაპირებით აირჩიეს, რომ ის პოლარიზებული ქვეყნის გაერთიანებას შეეცდება. მას ასევე გაცილებით პრაგმატული პოლიტიკის გატარება აქვს გეგმაში, სურს გააფართოვოს ჯანდაცვაზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გაზარდოს მინიმალური ხელფასი, იბრძოლოს კლიმატური ცვლილებების გავლენის შემცირებისთვის და შექმნას მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი.

თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება იმ ფონზე, როცა ქვეყანა პარტიულად უკიდურესად პოლარიზებულია, რთული ამოცანა იქნება. მათი აზრით, ბაიდენი პირველ რიგში უნდა შეეცადოს კონგრესის რესპუბლიკელ კანონმდებლებთან საერთო ენის გამონახვას. ისინი მართალია წარმომადგენელთა პალატას ვერ აკონტროლებენ, მაგრამ სენატის მოგების დიდი შანსი აქვთ. 3 ნოემბერს რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი სენატში კიდევ ერთხელ აირჩიეს.

"პოლარიზება ღრმაა", ამბობს დევიდ რედლაუსკი, დელავერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი. "იმედი მაქვს, რომ მალე გადავალთ ჭრილობების მოშუშების გზაზე. ეს სწრაფად არ მოხდება. და არც იოლი არ იქნება".

თუ დემოკრატებმა წელს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, ბაიდენი პირველი პრეზიდენტი იქნება ბოლო 100 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ვისი პარტიაც სენატსა და წარმომადგენელთა პალატას არ გააკონტროლებს.

ამის მიუხედავად, ბაიდენის კამპანია პოზიტიურადაა განწყობილი. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სენატში მუშაობის 3 ათეულ წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ზომიერი პოლიტიკის წყალობით, მოლაპარაკების კარგი უნარებიც გააჩნია. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან, სწორედ ბაიდენი აწარმოებდა მთავარ საბიუჯეტო მოლაპარაკებებს, როცა საქმე სენატის რაიმე შეთანხმებაზე დაყოლიებას ეხებოდა. მოლაპარაკება ძირითადად სენატორ მიტჩ მაკკონელთან ხდებოდა.

"ჯო ბაიდენს ურთიერთობების ამ კაპიტალის გამოყენება შეუძლია ისეთი კოალიციების შესაქმნელად, რომლის მსგავსიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ გვინახავს" - ამბობს ჯეფ ბენეტი, კომუნიკაციების პროფესორი ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან.

შაბათს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სწორედ ორპარტიული თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. "ჩვენ შესაძლოა ოპონენტები ვიყოთ, მაგრამ მტრები არ ვართ" - თქვა მან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG