ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკავშირეები შიშობენ, რომ საქართველო არასწორ გზას კიდევ ერთხელ ადგება


რუსთავი 2-ის შენობა, იანა კორბეზაშვილის ფოტო, civil.ge

ამერიკაში საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და დაპირისპირებულ მხარეებს ქვეყნის ზოგადი ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დროებითი მმართველები საკონსიტუციო სასამართლოს მიერ პირვანდელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად გამოყენებული ერთ-ერთი საკანონმდებლო ნორმის შეჩერების შემდეგ დაუნიშნა. საქალაქო სასამართლოს მეორე განჩინებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად ობიექტური და სამართლიანი სარედაქციო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. განჩინების ამ ნაწილს განსაკუთრებით კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

არავინ ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დემოკტარიული პრინციპები არ ირღვეოდა და ყველაფერი გამჭვირვალედ და სუფთად ხდებოდა.რა თქმა უნდა არა! მაგრამ არც დღევანდელი მოვლენებია იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
კურტ ვოლკერი

საქართველოში ევროკავშირის ელჩებმა, ამერიკის ელჩთან ერთად, შეშფოთება ერთობლივ საჯარო განცხადებაში გამოხატეს, სადაც ნათქვამია, რომ „მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.“

შეშფოთება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიის თავისუფლების წარმომადგენელმაც გამოხატა და თქვა, რომ „სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება რედაქციაში უნდა ხდებოდეს და არა სასამართლოს დარბაზში. სასამართლოს მცდელობა უკანონო გავლენა მოახდინოს მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის და საზოგადოების დემოკრატიული ფუნდამენტების ბოროტად გამოყენება.“

დასავლეთის მხდირან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ განცხადებებს საზოგადოების ნაწილი საქართველოში შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა საკონსტიტუციო ფარგლებს არ სცება, როგორც ამას მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მძიმე პოლიტიკური შედეგის მოტანა შეუძლია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. შიდა იურიდიული პროცესის შედეგად დამდგარი საგარეო პოლიტიკური რისკების შეფასება მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსთვის პრიორიტეტული თემად იქცა.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მომავალში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დასავლეთში ბევრი ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს. საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც სურთ ახლო მომავალში ქვეყანა ევროატლანტიკური ოჯახის წევრად მიიღონ. მაგრამ ის ამბობს, რომ მოვლენებმა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებით ვითარდება, შესაძლოა ეს პროცესი შეანელოს.

ჩვენ არ ვაწარმოებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას, არ ვაფინანსებთ ანტი-დასავლურ პროპაგანდას ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, რომლებსაც თქვენთან ღირებულებების გაზიარების სურვილი მომავალშიც აქვთ.
კენეტ იალოვიცი

მისი თქმით, სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა ქმინს შთაბეჭდილებას, რომ „საქართველოში სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებით ხდება. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულვებელყო. მხოლოდ ეს ფაქტია შემაშფოთებელი იმ მხრივ, რომ გაურკვეველია რომელი ინსტანციის სასამართლოს ენიჭება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა დემოკრატიულ სახელმწიფოში. არავინ ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული პრინციპები არ ირღვეოდა და ყველაფერი გამჭვირვალედ და სუფთად ხდებოდა. რა თქმა უნდა არა! მაგრამ არც დღევანდელი მოვლენებია იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.“

სასამართლო პროცესის საგარეო იმიჯზე გავლენაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ისაუბრა და დაპირისპირებულ მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა: „მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად, აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.“

საქართველოს ზედმეტი კრიტიკა არავის სურს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00


პრეზიდენტის განცხადებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთი პოლიტიკურ კონტექსტს დიდ ყურადღებას აქცევს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ეს სასამართლო დავა პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილოს.

„საქართველოში ელჩობის შემდეგ არავის მხარე არ დამიჭერია. ყოველთვის საღი აზრის და დემოკრატიის მხარეს ვარ. ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს არის ის, რაც პრეზიდენტმა უნდა აკეთოს - დადგეს პარტიულ დაპირისპირებებზე მაღლა და ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ზოგადი ინტერესების დასაცავად. სასამართლო საქმიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროცესი იყო ნაჩქარევი და არ იყო ბოლომდე გამჭვირვალე. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ეჭვს იწვევს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური კონტექსტიც. მომავალ წელს საქართველოში არჩევნებია დანიშნული. დღეს მმართველ ძალას და ნაციონანლურ მოძრაობას საზოგადოებაში თითქმის ერთნაირი მხარდაჭერა აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. მე სწორედ ის მაშფოთებს, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურს უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივს.“

ვოლკერის თქმით, როგორც ყოფილი ხელისუფლების ასევე ახლანდელი მთავრობის დროს დასავლეთი, და მათ შორის ამერიკა, მკაფიოდ გამოხატავდა საკუთარ შეხედულებებს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე. ვოკლერს მიაჩნია, რომ დასავლეთი ამ გზავნილებს „რბილად“ ავრცელებდა, რის გამოც ისინი შესაძლოა ნაკლებად სერიოზულად აღიქმებოდეს.

„არავის უნდა საქართველოს მიმართ ზედმეტად კრიტიკული იყოს. ჩვენ გვსურს საქართველო ჩვენი თანამეგობრობის ნაწილი გახდეს. დასავლეთის რბილი მიდგომის გამო შეიძლება მთავრობის მიერ გზავნილების მიღება ისე ხდება, თითქოს ისინი არასერიოზულია. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ნაწილი შესაძლოა მოელოდა, რომ დასავლეთი უფრო კრიტიკული იქნებოდა და მთავრობას საქართველოს დემოკრატიის დანგრევაში დაადანაშაულებდა. ასეთი მოქმედება ჩვენი მხრიდან ზედმეტი იქნება და ამით მდგომარეობა გაუარესდება, რადგან მთავრობას სურვილი აღარ ექნება იმ გამოწვევებს გაართვას თავი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ, ამავდროულად, არ მგონია დასავლეთის გზავნილებში რაიმე გაურკვეველი იყოს. ჩვენ საქართველოს იმედით ვუყურებთ და გვაწუხებს ის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა კიდეც ერთხელ არასწორ გზას ადგება.“

თუ საქართველო საჯაროდ განცხადებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციის ერთგულია, მთავრობამ მოკავშირეების მიერ გამოხატული შეშფოთება და რჩევები სერიოზულად უნდა აღიქვას. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. ამ მიმართულებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. იალოვიცი ამბობს, რომ ეს პროცესები შეფერხების გარეშე უნდა გაგრძელდეს. ის რასაც საქართველოს დასავლეთში ქვეყნის მეგობრები ურჩევენ, მთავრობამ არა კრიტიკულად, არამედ კონსტრუქციულად უნდა მიიღოს და რჩევები გაითვალისწინოს:

„ამერიკა არ ცდილობს საქართველოს უკარნახოს, ან უბიძგოს გარკვეული მომავლისკენ. ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ საქართველო იმ ღირებულებებს გაიზიარებს, რომლებითაც დასავლური საზოგადოება ცხოვრობს. საქართველომ უნდა იცოდეს საკუთარი მეგობრების წუხილის შესახებ და ეცადოს გაითვალისწინოს მათი რჩევები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და იმას ვაკეთებთ რასაც კარგი მეგობრები აკეთებენ. როცა ხედავ, რომ შენი მეგობარი შესაძლოა არასწორ გზას ადგება, მას ამის შესახებ უნდა დაელაპარაკო და რჩევა მისცე. ჩვენ არ ვაწარმოებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას, არ ვაფინანსებთ ანტი-დასავლურ პროპაგანდას ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, რომლებსაც თქვენთან ღირებულებების გაზიარების სურვილი მომავალშიც აქვთ.“

იალოვიცი და ვოლკერი თანხმდებიან, რომ დღემდე მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას უდავოდ იმსახურებს. დემოკრატიული პრინციპებისადმი თავდადება, კანონის უზენაესობის ყველა დონეზე დაცვა და პოლიტიკური და მედია პლუირალიზმის შენარჩუნება და განმტკიცება ამ მიზნის საბოლოო მიღწევისთვის ერთადერთი გზაა.

XS
SM
MD
LG