ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო


18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა დადგენილი არ არის. შესაბამისად, კანონიერად იქნა ცნობილი საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები და „რუსთავი 2“ ის მფლობელი - ქიბარ ხალვაშია. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი იყო და რის გამოც არხი 2017 წლის გადაწყვეტილებისთანავე არ გადავიდა ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში.

"რუსთავი 2-ს" შეუძლია გადაწყვეტილება ერთ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2"-ს დარჩეს ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელიც მას გააჩნდა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ადამიანების ნაწილს "რუსთავი 2", ეს არ ნიშნავს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
სულხან სალაძე, საია

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ; ასევე გაუქმდა შეჩერების ღონისძიება და გადაწყდა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ - თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ კი გადაწყდა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა. ამ საქმეზე განსხვავებული მოსაზრებები გამოხატა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, რომლის აზრითაც, თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

ქიბარ ხალვაშმა წილი დღესვე უკვე ოფიციალურად დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. მან განაცხადა, რომ არხის პოლიტიკა არ შეიცვლება და მხოლოდ დირექტორ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს. საჯარო რეესტრმა არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა დაადასტურა. რეესტრის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია გადაყენებულია. პაატა სალია ქიბარ ხალვაშის ადვოკატია.

არხის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებმა კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტიაა.

"ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას... მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა“, - ვკითხულობთ არხის თანამშრომლების განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტრაქტი მისი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, არხს ამ კონტრაქტის დარღვევისთვის რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მოვლენები ფორსირებულ რეჟიმში ვითარდება. "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში ოფიციალური პროცედურების ერთ დღეში გავლა მიუთითებს, რომ "როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის დღესვე დასრულება".

„ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2"-ს დარჩეს ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელიც მას გააჩნდა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ადამიანების ნაწილს "რუსთავი 2", ეს არ ნიშნავს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ არხის ეთერში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება.

"შეიძლება, რომელიმე არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოგვწონდეს, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მრავალფეროვნება. არ ვიტყოდი, რომ ერთადერთი კრიტიკული არხია, მაგრამ ყველაზე დიდი და გავლენიანი არხია "რუსთავი2". თუკი შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა, უნდა შევეგუოთ, რომ არც რომელიმე მინისტრის კორუფციაზე იქნება საუბარი, არც სასამართლო სისტემაზე და არც სხვა. ეს არის დემოკრატიისთვის დიდი გამოწვევა, 2020 წელს გვექნება ძალიან სერიოზული არჩევნები,"- ამბობს ეკა გიგაური.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას უთხრა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის.

"როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მთლიანად ვეთანხმები არხის და მისი დირექტორის პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად. დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას, რის გამოყენებასაც „რუსთავი 2“ აპირებს. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება ეს სწორი გზაა და ამას ვეთანხმებით", - ამბობს ბაქრაძე.

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ზოიძე კი ამბობს, რომ "უხერხულია რიდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა". მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა და"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG