ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის თავისუფლების ინდექსი: ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა არა დამოუკიდებელი


მედიის წინააღმდეგ პოპულისტი პოლიტიკოსების თავდასხმა დემოკრატიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, აცხადებენ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ და „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“. ორივე ორგანიზაციამ საკუთარ ყოველწლიურ ანგარიშში, დასავლეთში პოპულისტური მთავრობები მკაცრად გააკრიტიკა მედიაზე შეტევების და მათი დისკრედიტაციის მცდელობის გამო.

„ხუთი წლის წინ, მედიის წინააღმდეგ გლობალური ზეწოლა ამერიკასა და ევროპის ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ რეჟიმებზე გავლენას არ ახდენდა“, - ამბობს "ფრიდომ ჰაუსი" მედიის თავისუფლების 2018 წლის ანგარიშში. „დღეს პოპულისტი ლიდერები გამოხატვის თავისუფლებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ“.

"ფრიდომ ჰაუსის" მსგავსად, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსგავსი შეფასებები გამოსცა. დემოკრატიულად არჩეული ლიდერები მედიას უფრო ნაკლებად მიიჩნევენ დემოკრატიისთვის საციცოცხლოდ, არამედ პირიქით- განიხილავენ როგორც მათ მტერს და ღიად გამოხატავენ მათ ანტიპათიას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურად პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს 180 ქვეყანაში მედია გარემოა გაანალიზებული.

პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყნიდან 62-ე ადგილი უკავია. ორგანიზაცია ამბობს, რომ „საქართველოს მედია ლანდშაფტი პლურალისტურია, თუმცა პოლარიზებული“. ორგანიზაციის თქმით, უკანასკნელი წლების რეფორმებმა „მედია მფლობელების შესახებ მეტი გამჭირვალობა მოიტანა, თუმცა მედიის მეპატრონეები სარედაქციო პოლიტიკას ჯერ ისევ განსაზღვრავენ“. მათი თქმით, რუსთავი 2-ის დავის გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მედია გარემოსთვის. ორგანიზაცია ამბობს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა „ნაკლებად ხშირია“ თუმცა, „მუქარას ხშირად აქვს ადგილი“. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და დასძინა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ორი მაღალი თანამდებობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იქნა დათხოვნილი, საქართველოს გამოძიებას ჯერ არ წარუდგენია დამაჯერებელი ახსნა თუ როგორ მოხდა ეს [გატაცება]“.

2018 წლის კვლევაში მედია თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეას 180-ე ადგილი უკავია. ამ ანგარიშში, ამერიკა 45-ე ადგილზეა. ვაშინგტონმა ორი ადგილით ქვემოთ დაიწია. ეს ტენდენცია პრეზიდენტ ობამას დროს დაიწყო და დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში გრძელდება. ამერიკა ისეთ ქვეყნებთან ერთადაა სიაში, როგორიცაა ბელიზი, იტალია, რუმინეთი და სამხრეთ კორეა.

პრესის გლობალური თავისუფლების შეფასებისას, საქართველოზე საუბრობს ასევე "ფრიდომ ჰაუსიც" და ამბობს, რომ „საქართველოს მედია ლანდშაფტზე ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის "რუსთავი ორის" საკუთრების დავა დომინირებს, რამაც ტელეარხს ფინანსური სირთულეები შეუქმნა“. ორგანიზაციის შეფასებები შეეხო ასევე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, სადაც "ფრიდომ ჰაუსის" თქმით „მთავრობის მომხრე სარედაქციო პოლიტიკა“ შეიმჩნევა. ამასთან, "ფრიდომ ჰაუსი" ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს, რომელიც ორგანიზაციის თქმით „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების აშკარა ხელშეწყობით“ მოხდა.

ევროპაში ტრადიციულად, მედია თავისუფლების კუთხით საუკეთესო მდგომარეობაა. თუმცა, სიტუაცია აქაც იცვლება. საფრანგეთში ჟურნალისტი პრეს-კონფერენციიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკოსის გახმაურებულ სკანდალში მონაწილეობის შესახებ კითხვა დასვა. პოლონეთში მედია მარეგულირებელმა ერთ-ერთი მთავარი ტელევიზია დააჯარიმა „არაკანონიერი ქმედებების ხელშეწყობის“ მიზეზით, მას შემდეგ რაც ტელევიზიამ მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები გააშუქა.

უნგრეთში თავისუფალი პრესა თითქმის აღარ არსებობს. მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედია შეისყიდეს, - ამბობს "ფრიდომ ჰაუსი".

თურქეთში ერდოღანი მედიის წინააღმდეგ ხშირად ილაშქრებს და ცოტა ხნის წინ მასთან დაახლოებულმა პირმა უკანასკნელი დამოუკიდებელი მსხვილი მედია შეიძინა. თურქეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი, 75, ჟურნალისტი ჰყავს დაკავებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG