ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკის მოქალაქის სასამართლო ნოემბერში გაიმართება


რუსეთის სასამართლომ ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ოფიცრის პოლ უელანის სააპელაციო პროცესი ნოემბრისთვის ჩანიშნა. რუსული მართლმსაჯულება მას ბრალს ჯაშუშობაში სდებს. ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლო სააპელაციო სარჩელს 8 ნოემბერს განიხილავს.

მორდოვიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა ამერიკაში გადაყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა და ადვოკატები სწორედ ამ უარს ასაჩივრებენ.

უელანის უფლებადამცველები ამ ნაბიჯს მართლმსაჯულების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს ამერიკის მოქალაქის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევაა.

გასულ თვეში მორდოვიის უზენაესმა სასამართლომ უელანის მოთხოვნა ამერიკაში გადაყვანის საფუძვლების თაობაზე, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უკან დაუბრუნა "საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ამერიკულ მხარესთან წინასაწარი კოორდინაციის საჭიროებისთვის". ადვოკატებმა თავდაპირველად მოსკოვის სასამართლოს მიმართეს უელანის მიერ სასჯელის ნაწილის ამერიკაში მოხდის მოთხოვნით, თუმცა მოსკოვის სასამართლომ საქმე კვლავ მორდოვიას გადასცა, სადაც უელანი სასჯელს იხდის.


მორდოვია, რეგიონი, რომელიც მოსკოვიდან 350 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ისტორიულად უმკაცრესი ციხეებითაა ცნობილი. საბჭოთა პერიოდში იქ პოლიტიკური პატიმრები შრომით კოლონიებში იხდიდნენ სასჯელს.

პოლ უელანი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. მას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და 2020 წლის მაისში 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამერიკამ ეს გადაწყვეტილება დაგმო და "მართლმსაჯულების დაცინვა" უწოდა.

კანადის, ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეობის მქონე უელანი ყველა ბრალს უარყოფს და ციხის თანამშრომლებს ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებს. უელანი დაკავებისას, ავტო-ნაწილების მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის და მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ ის რუსეთში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.

რუსეთში სასჯელს კიდევ რამდენიმე ამერიკელი იხდის. მათ შორისაა ყოფილი საზღვაო ოფიცერი - ტრევორ რიდიც, რომელსაც ასევე მორდოვიაში 9 წელი აქვს მისჯილი. მას რუსი პოლიციის ოფიცრების შეურაცხყოფა ედება ბრალად.

XS
SM
MD
LG