ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკის მოქალაქეს დაკავების ვადა გაუხანგრძლივა


პოლ უელანი

მოსკოვში დღეს გამართულ სასამართლოზე, ამერიკის მოქალაქე პოლ უელანს დაკავების ვადა კიდევ სამი თვით, 29 მარტამდე გაუხანგრძლივეს. გათავისუფლების თაობაზე დასავლეთის მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, უელანი თითქმის ერთი წელია რუსეთშია დაკავებული.

მას ირლანდიის, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. უელანი ჯაშუშობის ბრალდებით, გასული წლის 28 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურებმა აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 49 წლის ამერიკელს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

თავად უელანი ბრალს უარყოფს. ადვოკატების ვარაუდით, ის ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი, რათა მომავალში რუსეთმა ამერიკასთან ტყვეთა გაცვლა აწარმოოს. უელანი წარსულში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მაგრამ იქიდან ცუდი საქციელისთვის დაითხოვეს. ეჭვმიტანილის ოჯახი აცხადებს, რომ ის რუსეთში მეგობრის ქორწილში ჩავიდა.

ორშაბათს, უელანი მოინახულეს ამერიკელმა, კანადელმა, ირლანდიელმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა, რომელთაც მას საშობაო მილოცვები და ნობათი გადასცეს. ის მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება.

უელანის დაცვის მონაცემებით, გასულ წელს, უელანს რუსეთის მოქალაქემ ე.წ. USB-ფლეშ-მეხსიერება (USB Flesh Drive) გადასცა, რომელზეც რუსეთში მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები უნდა ყოფილიყო. უელანს არ შეუმოწმებია ის, თუ რა ფოტოები იყო მასში ჩატვირთული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ ფოტოებზე რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ფაქტები იყო აღბეჭდილი. შესაბამისად, დაცვა აცხადებს, რომ უელანს ეს ამბავი მოუწყვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG