ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ავტობაზარი


რუსეთი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზრების ხუთეულში შევიდა

რუსეთში წარმოებული ავტომობილები ყოველთვის დამტვრეულ და მოძველებულ ლადასთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, რუსეთი უცხოური მანქანების უდიდეს ბაზრად გადაიქცა.

ამ კვირაში მოსკოვი ავტომობილების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსეთი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზრების ხუთეულში შევიდა.

რუსეთში სულ უფრო იზრდება უცხოურ მანქანებზე მოთხოვნილება, როდესაც ევროპაში ავტომობილებით ვაჭრობის მაჩვენებლები კლებულობს. 2014 წელს რუსეთი გერმანიას გადაუსწრებს მანქანებით ვაჭრობაში და მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გადავა ჩინეთის, შეერთებული შტატების და იაპონიის შემდეგ.

ორი კვირის წინ, რუსეთი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი გახდა და უცხოელი ავტომწარმოებლები ახლა იმპორტულ მანქანებზე ტარიფების დაწევის მოლოდინში არიან.

ამერიკის ავტოგიგანტები - ფორდი, ჯენერალ მოტორსი და კრაისლერი რუსეთის ავტოქარხნებში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავენ.

როგორც რუსეთში ფორდის წარმომადგენელი ტედ კანისი აცხადებს:

„ჩვენ აქ პირველები შემოვედით ათი წლის წინ. ფორდისთვის რუსეთი უდიდესი პოტენციის ქვეყანაა.“

ჯენერალ მოტორსის პრეზიდენტი რუსეთში, ჯეიმს ბოვენზი მომავალი ხუთი წლის მანძილზე პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. მისი თქმით:

„რუსეთი ჩვენთვის ძალზე ღირებული ქვეყანაა, ის მსოფლიოს ყველაზე მზარდი ბაზარია.“

ამერიკელებმა პეტერბურგში ჯენერალ მოტორსის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე ჰენრი კისინჯერიც კი ჩამოიყვანეს. წელს რუსეთში 14%-ით გაიზარდა ავტომობილებით ვაჭრობა.

როგორც მოსკოვში კრაისლერის წარმომადგენელი, ჯონ სტეჩი აცხადებს:

„ჩვენ რუსეთში სულ ახალი მანქანები შემოგვყავს, რაც მყიდველთა ინტერესებში შედის. მომავლისთვის კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს.“

ამჟამად, რუსეთში ყოველ მეოთხე ადამიანზე ერთი ავტომობილი მოდის, რაც ორჯერ ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპის და შეერთებული შტატების მაჩვენებელს.

როგორც პოლიტოლოგი ქრის ვიფერი ამბობს:

„რუს მომხმარებელს ჯიბეები ფულით აქვს დატენილი. ეს ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარია, ხალხს დიდი შემოსავალი აქვს და მზად არის ფულის დასახარჯად.“

როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩები უახლესი ავტომობილებით არის გაჭედილი, ახლა ჯერი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა, რაც ახალი გზების და ავტოსადგომების აშენებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG