ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა დღეს


ერთგვარი დათბობის მიუხედავად, რიგ საკითხებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, მათ განხსხვავებული შეხედულებები აქვთ

პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება საკუთარი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედად აქცია. რამდენიმე მთავარ მიზანს პირველივე ვადაში მიაღწია: ორ ქვეყანას შორის დაიდო შეიარაღებაზე კონტროლის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რის გამოც საერთაშორისო ეკონომიკური რეგულაციების დაცვა მოუწევს და ბოლოს, მოხდა შეთანხმება ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირეულ საკითხზე.

ამავე დროს, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ პრინციპულ განსხვავებებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ამერიკის და რუსეთის პოლიტიკაში ნარჩუნდება. საუბარია ძირითადად სირიაში მიმდინარე კრიზისზე, რომლის ესკალაცია წელიწადზე მეტია გრძელდება. ორი მხარე ასევე ვერ თანმხდება სარაკეტო თავდაცვითი ფარის საკითხზეც, რომელიც შეერთებული შტატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

სტივენ ჯონსი, რუსეთის ექსპერტი მასაჩუსეტში მდებარე მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში, ამბობს, რომ მოსკოვის სამთავრობო წრეებში ობამას ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით ერთგვარი შვების შეგრძნება გაჩნდა:

(Jones ACT-1)
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ობამა რუსეთს აწყობს და მოსკოვს მიაჩნია, რომ მასთან მუშაობა შესაძლებელია. პრეზიდენტ ობამას ისინი უკვე მიეჩვიენ. როგორც იტყვიან, შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ ახალ ეშმაკს“.

პროფესორ ჯონსს ეთანხმება რობერტ ლეგვოლდი ნიუ იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ რუსებს მიტ რომნის არჩევა ნდომოდათ. ადამიანის, რომელმაც რუსეთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაახასიათა, როგორც ამერიკის „ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მეტოქე“. ლეგვოლდის თქმით, ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა გაგრძელდეს. ამას შეერთებული შტატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

„ამ ეტაპზე რუსებს პროგნოზირებადი საგარეო სიტუაცია ურჩევნიათ, ნაკლები სიურპრიზებით. მათ სახლშიც უამრავი პრობლემა აქვთ. მოსკოვისთვის გაურკვეველი მდგომარეობა მსოფლიოს ბევრ კუთხეში ნარჩუნდება, ისლამური სამხრეთიდან დაწყებული რუსეთის სამხრეთით მდებარე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დამთავრებული. ამიტომ თანმიმდევრულობას შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან პოლიტიკაში რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნავს პროფესორი ლეგვოლდი.

სხვა საკითხია, ჩადებს თუ არა იმდენივე ენერგიას ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში და შეინარჩუნებს თუ არა იმ გავლენას, რომელიც პრეზიდენტ ობამას პირველი ვადის პერიოდში ჰქონდა.

„შეერთებული შტატების ყურადღებამ ამჯერად ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში გადაინაცვლა. ჩინეთიც მნიშვნელოვანი ხდება. ფაქტია, რომ ეს საკითხები ამერიკას რუსეთზე უფრო აინტერესებს და შესაბამისად, ყურადღებაც საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებზე გადადის“- ამბობს შტეფან ჯონსი, რუსეთის საკითხების ექსპერტი.

პროფესორ ლეგვოლდსაც მიაჩნია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, ამერიკა-რუსეთის შემდგომი პოლიტიკა ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება.

„საქმე კარგად მიდის მაშინ, როცა არსებობს ინიციატივა და ყურადღება. დარწმუნებული ვარ ეს შესაძლებელიცაა. ამიტომ ურთიერთობა, რომელსაც ყურადღება მოაკლდება, ჰაერში იქნება გამოკიდებული და მისი შეცვლა ნებისმიერ მოულოდნელობას შეუძლია“ - აღნიშნავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ანალიტიკოსების აზრით, ერთი რამ ცხადია: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობამ უკანასკნელ წლებში ევოლუცია განიცადა. ახლა ისინი ისეთ ფაზაში იმყოფებიან, როცა ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის აღდგენა პრაქტიკულად გამორიცხულია.
XS
SM
MD
LG