ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშს კიევზე


უკრაინამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით კიდევ 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ქვეყნის მიმართულებით, ერთ-ერთი მათგანი, ოდესაში, ქარხანას მოხვდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს 29 რაკეტა, ასევე ორი თავდასხმითი და ორი სადაზვერვო დრონი.

ზოგიერთი რაკეტის სამიზნე კიევი იყო, ეს მეცხრე თავდასხმაა დედაქალაქზე მაისის დასაწყისიდან. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ თქვა, რომ რუსული რაკეტების ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა რამდენიმე რეგიონში ცეცხლი გამოიწვია.

კიევში ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმები კიევის მოსალოდნელი კონტრიერიშის წინ, რუსეთის მხრიდან კიევზე ზეწოლის გაზრდის მცდელობას წარმოადგენს.

მოსკოვმა ოკუპირებულ ყირიმში მარცვლეულის გადამზიდავი რვა ვაგონის რელსებიდან გადავარდნის შესახებ განაცხადა, რამაც განახლდა ეჭვები რუსეთის ხაზებს მიღმა უკრაინელი დივერსანტების შესაძლო მოქმედების შესახებ. ყირიმის რკინიგზის კომპანიამ განაცხადა, რომ მატარებლის რელსებიდან გადასვლა "არაუფლებამოსილი პირების ჩარევამ" გამოიწვია, მაგრამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის ოფიციალური პირები უარს ამბობენ შესაძლო დივერსიულ აქტებზე კომენტარის გაკეთებაზე.

ამ ფონზე, ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ამ კვირის დასაწყისში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პეკინის სამშვიდობო წინადადების განსახილველად, თუმცა ამას გარღვევა არ მოჰყოლია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მხარეებმა „ნდობა უნდა დააგროვონ“ პროგრესის მისაღწევად.

პარალელურად, დიდი შვიდეულის ლიდერთა ჯგუფი, იაპონიაში შეიკრიბა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისაუბრებენ. თუმცა დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული.

რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, G-7 შეხვედრა ყურადღებას გაამახვილებს კიევის მხარდაჭერაზე და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაზე. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ სამიტი ყურადღებას გაამახვილებს სანქციების აღსრულების საკითხზე და მასზე თავის არიდების შემთხვევებზე.

ამასთან, რუსეთი და უკრაინა ოთხშაბათს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ორთვიან გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, 18 ივლისამდე. შეთანხმება უკრაინის პორტებიდან რუსეთის მიერ კონტროლირებადი შავი ზღვის გავლით გლობალურ ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის საშუალებას იძლევა, რათა შემსუბუქდეს მსოფლიო საკვების დეფიციტი.

გახანგრძლივება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მანამ, სანამ სტამბოლში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 11 საათიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. თურქეთმა და გაერომ საკვანძო როლი შეასრულეს ადრინდელ შეთანხმებებში, რომელმაც საშუალება მისცა 30 მილიონ ტონაზე მეტი სიმინდის, ხორბლის და სხვა პროდუქტების გატანას გასული წლიდან მოყოლებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG