ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს


ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში თავს მშვიდობისმყოფელად წარმოადგენს, არბიტრად, რომელთანაც რეგიონის ყველა ლიდერს შეუძლია მისვლა, რადგან იციან, რომ ის არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას კარგ საქმედ მიიჩნევს, რეჟიმის შეცვლას კი ცუდად. თუმცა, როცა საქმე მეზობელ უკრაინას ეხება, სურათი სრულიად განსხვავებულია.

ბოლო დღეებში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა თავდასხმები გააძლიერეს. უკრაინის მთავრობის და დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანახმად, საპორტო ქალაქ მარიუპოლთან განლაგებულ უკრაინული თავდაცვითი პოზიციები მძიმედ დაბომბეს.

16 ოქტომბერს, პრო-მოსკოვურმა სეპარატისტებმა უკრაინულ ძალებს ცეცხლი 30-ზე მეტჯერ გაუხსნეს, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს.

უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ბრალს სდებენ 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების გამოყენებაში, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის 2015 წელს მინსკში მიღებული შეთანხმებით იკრძალება.

მოსკოვის მიერ წაქეზებულმა ამბოხებამ, რომელიც 2014 წლის აპრილში, მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო, უკვე 14 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კრემლის მხარდაჭერილი ძალები რატომ აძლიერებდნენ თავდასხმებს იმ დროს, როდესაც კიევი და მოსკოვი თანხმდებიან დაიწყონ სერიოზული მოლაპარაკებები და გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც შესაძლოა ორ გამოყოფილ რეგიონს უკრაინის შემადგენლობაში თვითმმართველობა მიანიჭოს, გაურკვეველია.

გეგმის მონახაზი ე.წ. “შტაინმაიერის ფორმულას” ეფუძნება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებს საგანგებო ავტონომიური სტატუსი უნდა მიენიჭოს და უკრაინამ რუსეთთან საზღვრის კონტროლი დაიბრუნოს. გეგმის თანახმად, არჩევნები კრემლის გავლენის გარეშე უნდა ჩატარდეს.

სამშვიდობო გეგმის პირობებით, სანამ მხარეები დაპირისპირების შეწყვეტას ერთდროულად დაიწყებენ, ცეცხლის შეწყვეტა სულ ცოტა შვიდ დღეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა უკრაინელი დიპლომატი დარკა ოლიფერი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ამბობს, რომ პრო-რუსულ ძალებს ფრონტის ხაზიდან მძიმე არტილერია არ გააქვს და ამის ნაცვლად, ფრონტზე ტანკებს და ნაღმმტყორცნებს განალაგებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი სამშვიდობო პროცესის დაყოვნებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ჯარები პირველად კიევმა გაიყვანოს, იმის ნაცვლად, რომ ეს ორივე მხარემ ერთდროულად გააკეთოს.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც თავს “მშვიდობის პრეზიდენტად” წარმოადგენს, ამბობს, რომ ომის დასრულება მისი მთავარი მიზანია. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ამერიკის საიმპიჩმენტო ქარიშხლის შუაგულში უკრაინის მოხვედრის გამო, ზელენსკის საერთაშორისო პოზიციები სუსტდება და რუსეთთან დაპირისპირებაში, შეერთებული შტატებისგან მყარ ორპარტიულ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ამან, თავის მხრივ შესაძლოა რუსეთი წაახალისოს მოლაპარაკებები გააჭიანუროს იმის იმედით, რომ კიდევ მეტ დათმობებს მოიპოვებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი კრემლის მშვიდობიანი განზრახვების მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი და ირწმუნებოდა, რომ ის ერთს ილაპარაკებდა და მეორეს გააკეთებდა ჩაერთვებოდა მოლაპარაკებებში, მაგრამ იმავდროულად პრო-მოსკოვური ამბოხების ხელშეწყობას გააგრძელებდა. ისინი ამბობენ, რომ კრემლი მოლაპარაკებებში დასავლეთის დასაყვავებლად ჩაერთო და ეძებს შესაძლო უთანხმოებას დასავლეთის ქვეყნებს შორის იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნონ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც თავდაპირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს.

ადრიან კარატნიცკი, “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი, ამბობს, რომ “პუტინს სურს უკრაინაზე დომინირება, ან მისი დანაწევრება. სამშვიდობო შეთანხმება კი არცერთს არ ითვალისწინებს. როდესაც მისი პოპულარობა ეცემა, მას გარეშე მტრები სჭირდება, შეიძლება რამე არ მესმის, მაგრამ ვერ ვხედავ სამშვიდობო ხელშეკრულებას ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს რუსი ხალხის ნაწილად მიაჩნია იმ დროს, როდესაც მოლდოვა და რეგიონის სხვა ცხელი წერტილები ათწლეულებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება.”

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG