ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეცვალა აგვისტოს ომმა გეოპოლიტიკური რეალობა?


„ამ ომის მიზეზი გეოპოლიტიკური იყო. საქართველო მიზნად ისახავდა დასავლეთისკენ წასვლას, რუსეთი კი ამის აღკვეთას“, - წერდა ამერიკელი დიპლომატი რონ ასმუსი თავის წიგნში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი შესახებ.

ომმა გაკვირვებული დატოვა ის ადამიანები, რომელებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი არ გადალახავდა წითელ ხაზს. მიუხედავად თბილისის გაფრთხილებისა, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას ამზადებდა, დასავლეთში ამ მესიჯებს ცოტამ თუ ათხოვა ყური.

„რუსეთის 2008 წლის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების, ევროპის, ეუთოს თუ ჰელსინკის აქტის პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა. ქვეყანა მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, დაიკავა და აგრძელებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტმა.

კენტი ამბობს, რომ ქართველები დასავლეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ მათი პრობლემა და ეს საერთაშორისო არენაზე მოსკოვის რევანშიზმზე მიუთითებდა.

„ზოგი ამბობდა, რომ ეს ქართველების ბრალია, რომლებიც ქართულად იქცევიან. რაც უბრალოდ არასწორი იყო. ქართველები ამბობდნენ, რომ ჩვენ პირველები ვართ და რომ ეს თამაშის ახალი წესებია. რუსეთის შემდეგმა მოქმედებებმა ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში აჩვენა, რომ იმან, რაც საქართველოში მოხდა 11 წლის წინ შეცვალა გეოსტრატეგიული რეალობა. დღეს ჩვენ ყველამ, ქართველებმა, ამერიკელებმა და სხვებმა უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა მან.

90-იანი წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთში მიმომხილველების ნაწილი საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი იცვლებოდა და ერთ დღესაც საერთაშორისო საზოგადოების სანდო წევრი გახდებოდა. ჩეჩნეთის ომმა და რუსულმა ქმედებებმა საქართველოში ეს წარმოდგენა დაანგრია. თუმცა, ბევრი კვლავ იტოვებდა იმედს, რომ რუსეთთან მისი სამეზობლოს შესახებ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იყო. მათ იმედს, ნაწილობრივ, კრემლში დმიტრი მედვედევის მოსვლა აძლევდათ, რომელსაც დამოუკიდებელ მოთამაშედ აღიქვამდნენ. ეს ილუზია მალევე დაინგრა.

იმაზე, რომ რუსეთის მიზანი დასავლეთის დასუსტება, საერთაშორისო არენაზე საკუთარი გავლენის გაზრდა და სამეზობლოზე კონტროლის შენარჩუნება იყომ, ბევრი რამ მიანიშნებდა. თუმცა ახალ გეოპოლიტიკურ შეჯიბრს, თვალი მხოლოდ უკრაინის მოვლენების შემდეგ გაუსწორეს.

“სამწუხაროდ, ომმა ძალიან ნელა შეცვალა დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვები. 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება რუსეთის ქმედებებზე სამეზობლოში, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა. 11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთისთვის ამას არ მოჰყოლია არანაირი საფასური, შედეგად, დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ. რადგან რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა. მე ვგულისხმობ ჰაკერულ შეტევებს, დეზინფორმაციას და საშინაო საქმეებში ჩარევას. ისინი ამას აგრძელებენ. ნელნელა ხალხი ხვდება, რომ ეს სისტემური კონფლიქტია, ორ იდეას შორის. დასავლეთი დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ინსტიტუტებზე, ხოლო აღმოსავლეთი კორუფციაზე, კლიენტალიზმზე და შერჩევით სამართალზე. საქართველო ფრონტის ხაზია ამ დაპირისპირებაში“, - ამბობს ბრაიან უიტმორი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკლევარი.

„მე ვფიქრობ საქართველოს უსაფრთხოება დღეს, არანაირად არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში“, - თქვა მან "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

2008 წელს, მას შემდეგ, რაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე, საქართველომ ვერ მიიღო ორგანიზაციაში წევრობის სამოქმედო გეგმა, თუმცა მიიღო დაპირება რომ ის გახდება ნატოს წევრი, სეპარატისტების და რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციები ცხელ ფაზაში გადავიდა. კონფლიქტთან ერთად, რუსული საინფორმაციო საშუალებები თბილისს ბრალს სდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო რუსეთის მიზანი სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსი მშვიდობისმყოფელების დაცვა იყო.

ვაშინგტონმა, ჯორჯ ბუშის მეთაურებით, რომელიც პრეზიდენტობის მეორე ვადას ასრულებდა და მოქმედების არეალი შეზღუდული ქონდა, საქართველოს რამდენიმე პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა. მათ შორის, შავ ზღვაში ამერიკული გამანადგურებლების გაგზავნა, ერაყიდან ქართველი სამხედროების დაბრუნება და რუსეთისადმი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ ღია მოწოდება იყო.

თუმცა, ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკაც თავდაპირველად რუსეთთან დიალოგისკენ სწრაფვით დაიწყო.

„მე ჩავხედე ამ კაცს [პუტინს] თვალებში. და ვიხილე, რომ ის ძალზედ პირდაპირი და სანდოა“, - თქვა ბუშმა 2001 წელს პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტ ბუშის მსგავსად, საქართველოს და შემდეგ უკრაინის მოვლენებმა, რუსეთის პოლიტიკის და ინტერესების აღქმა დასავლეთის დედაქალაქებში ბევრს შეუცავალა.

გასულ წელს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვენებულ სტატიაში, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ შეერთებული შტატები შეეცადა, რუსეთის შეჩერებას და თბილისის დაცვას. „ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა 1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს ქართველებს. სანქციები დავუწესეთ სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებიც დღემდე ძალაშია“, - წერს ის. რაისი ასევე იხსენებს მის საუბარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან და ამბობს, რომ მისთვის „შოკისმომგვრელი იყო“ ლავროვის ერთ-ერთი მოთხოვა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა წასულიყო“. სახელმწიფო მდივანი წერილში ასკვნის, რომ „შეერთებულმა შტატებმა ვერ შეაკავა მოსკოვი ამ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ვიმოქმედეთ და საქართველო გადარჩა. ეს მაინც სევდიანი ისტორიაა - და ალბათ პუტინმა აქედან არასწორი გაკვეთილი მიიღო“.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ „ამ გაკვეთილმა“ მისცა საშუალება ვლადიმირ პუტინს მოგვიანებით უკრაინაში ემოქმედა, რადგან 2008 წელს მან არ აგო პასუხი საქართველოში შეჭრაზე.

11 წლის წინ, საქართველოში საომარი ვითარების კვალდაკვალ, შეერთებულ შტატებში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. ერთმანეთს რესპუბლიკელი ჯონ მაიკკეინი და დემოკრატი ბარაკ ობამა უპირისპირდებობდნენ.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე, რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირებას პირველი ჯონ მაიკკეინი გამოეხმაურა. მაიკკეინმა მის მხარდაჭერებს უთხრა ნაცნობი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“. მოვლენებზე მოგვიანებით ბარაკ ობამაც გააკეთა კომენტარი და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მაიკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, კურტ ვოლკერი საუბრობს იმაზე, თუ რა როლი ითამაშა ომმა ამერიკის მიერ რუსული საფრთხის აღქმაში. ის აცხადებს, რომ ორივე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშს, პუტინის "გასაცნობად" დრო დასჭირდათ.

„ბუშის ადმინისტრაციის დროს დიდი მხარდაჭერა ქონდა თავისუფლებას და დემოკრატიას მსოფლიოს გარშემო და მათ შორის, საქართველოშიც. ამას აბალანსებდა რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის ქონის მცდელობა. ბუში ძალიან ცდილობდა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნებას 2006, 2007 და 2008 წლებში. რუსეთს საქართველოში შეჭრისას ბუში და პუტინი ერთად იყვნენ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. პრეზიდენტისთვის და რესპუბლიკელებისთვის ეს იყო ბოლო წვეთი და ნიშანი, რომ მათ არ შეეძლოთ რუსეთთან თანამშრომლობა პუტინის პირობებში, როცა ის მეზობლის ტერიტორიაზე იჭრებოდა. ეს იყო წყალგამყოფი. შემდეგ, თქვენ გახსოვთ, რომ ობამა ხელისუფლებაში, „გადატვირთვის“ პოლიტიკით მოვიდა. დაივიწყეს საქართველოს ომი და ეცადნენ რამდენადაც შეეძლოთ რუსეთთან ემუშავათ. თუმცა მისი ადმინისტრაციაც, 2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამავე დასკვნამდე მივიდა“, - ამბობს კურტ ვოლკერი.

ვოლკერის თქმით ვაშინგტონის რუსეთის პოლიტიკის ცვლილებაში საქართველოს მოვლენები იყო პირველი ეტაპი, ხოლო უკრაინა, მეორე.

„2014 წლის შემდეგ შეიქმნა ორპარტიული კონსენსუსი შეერთებულ შტატებში, რომ ჩვენთვის პრობლემაა რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ და უნდა ვეცადოთ ამის შეკავებას. საქართველო იყო პირველი ნაბიჯი, უკრაინა იყო მეორე ნაბიჯი - თუმცა, ამ ყველაფერმა ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენები იმაზე თუ როგორ მოქმედებს პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა საპასუხოდ“, - ამბობს ვოლკერი.

აგვისტოს ომმა, მართალია რადიკალურად ვერ შეაბრუნა დასავლეთის წამყვან დედაქალაქებში რუსეთის აღქმა, მაგრამ რონ ასმუსის სიტყვებით რომ ვთქვათ, პატარა ომმა, დასავლეთი შეარყია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG