ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი:კიევში არსებული მთავრობა სწორად იქცევა


4
4

თუ რუსეთი დეესკალაციის გზას აირჩევს, საერთაშორისო საზოგადოება ამ ნაბიჯს მიესალმება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანად მიიჩნევს, რომ კიევში არსებული მთავრობა სწორად იქცევა სიტუაციის დე-ესკალაციის მიზნით, მაშინ როცა მოსკოვს „დესტრუქციის, მოტყუებისა და დესტაბილიზაციის სჯერა.“
ჯონ კერი: რუსეთი ცხადად აგრძელებს დონეცკში შეიარაღებული სეპარატისტული მოძრაობის დაფინანსებას, კოორდინირებას და წაქეზებას. იმავდროულად, რუსეთის ლიდერები აღმაშფოთებელ ბრალდებებს თხზავენ საკუთარი მოქმედების გასამართლებლად.“
რუსეთის დუმის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი ამბობს, რომ რუსეთი არასდროს ჩარეულა უკრაინის საქმეებში და ამას არც მომავალში გააკეთებს.
პუშკოვის განცხადებით, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინის ყოფილმა ოპოზიციურმა პარტიებმა პასუხი უნდა აგონ უკრაინაში არსებულ ქაოსზე.
ამ დღეებში, უკრაინის უსაფრთხოების ძალებსა და პრო-რუს შეიარაღებულ ძალებს შორის მომხდარ დაპირისპირებას აღმოსავლეთ უკრაინაში 5 მეამბოხის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს ფაქტი „დანაშაულად“ შეაფასა და „შედეგებით“ დაიმუქრა.
ამ ფონზე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა, არმიის შეიარაღებულ დანაყოფებთან ერთად, ხუთი პრო-რუსი შეიარაღებული პირი მოკლეს და სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაშალეს ქალაქ სლავიანსკის შორიახლოს.
ამერიკის ხმისთივს მიცემულ ინტერვიუში, გაეროში უკრაინის ელჩმა იური სერგეევმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ჩარევის გამო დროა მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდეს.
„ბუნებრივია, რომ ჩვენი მოლოდინით დემოკრატიული სამყაროს რეაქცია და მოქმედება არსებულ მდგომარეობაზე სოლიდური უნდა იყოს, სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ჩათვლით.“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჯონ კერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას, ეს სერიოზული შეცდომა იქნება, და იმავდროულად, ეს მას ძვირი დაუჯდება. მან დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინს და რუსეთს არჩევანის საშუალება აქვთ. თუ რუსეთი დეესკალაციის გზას აირჩევს, საერთაშორისო საზოგადოება ამ ნაბიჯს მიესალმება. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო უზრუნველყოფს, რომ რუსეთის საზღაური გაიზრდება.
პუშკოვის თქმით, დამატებითი სანქციები რუსეთს და მასთან მოვაჭრე ევროკავშირის ქვეყნებზე იმოქმედებს, თუმცა სანქციები შეცდომაა და ისინი უკრაინის კრიზისს ვერ დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG