ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხედრო გაწვევის ელექტრონულ სისტემაზე გადადის


მოსკოვი სამხედრო სამსახურში გაწვევის ელექტრონული სისტემის შექმნას გეგმავს, რათა სამხედრო სამსახურისთვის თავიდან აცილების შემთხვევები შეამციროს. აქამდე გაწვევის ცნობა პირადად მიეწოდებოდა პირს, თუმცა სამხედრო უწყება ხშირად პირებს ან ვერ პოულობდა მისამართზე, ან ზოგი გაწვევის ცნობის აღებას თავს არიდებდა.

მას შემდეგ რაც გასულ წელს, რუსეთმა „ნაწილობრივი“ მობილიზაცია გამოაცხადა, ქვეყანა ათეულ ათასობით ადამიანმა დატოვა. ახალი სისტემით, მათ ვისაც ელექტრონული გაწვევა მიღებული ექნებათ და არ გამოცხადდებიან სამხედრო ოფისში, ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება. „ჩვენ გვჭირდება სამხედრო გაწვევის სისტემის სრულყოფა და მოდერნიზება“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

ახალი სისტემის მიხედვით, გაწვევის ცნობა წვევამდელებს სამთავრობო პორტალზე გაეგზავნებათ და ის გაგზავნისთანავე მიწოდებულად ჩაითვლება. ახალი სისტემა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევების შეზღუდვას ისახავს მიზნად. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აქვთ გეგმა აიძულონ მეტი ადამიანი, მათი სურვილის საპირისპიროდ, უკრაინაში წავიდნენ საომრად.

„გამოძახება მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ის განთავსდება სამხედრო ასაკის პირის პირად ანგარიშზე“, - თქვა ანდრეი კარტაპოლოვმა, რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთმა გასულ წელს სამხედრო სამსახურში 300,000 ადამიანი გაიწვია, უკრაინაში მისი ომისთვის ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში. მას შემდეგ რაც, მოსკოვმა მობილიზაციის შესახებ განაცხადა, რუსეთის საზღვრებს ათობით ათასი ადამიანი მიაწყდა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ნაწილობრივ მობილიზაციას, ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ახალ კანონპროექტს, სახელმწიფო დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ორი მოსმენით დაუჭირა მხარი. შემდეგი ნაბიჯი, კანონპროექტის დამტკიცების გზაზე, ზედა პალატის მხარდაჭერაა და ბოლოს, მისი კანონად ქცევისთვის, საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა.

გასული წლის გაწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთში პირველი სამხედრო მობილიზაცია იყო. რუსეთში 18-დან 27 წლამდე მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულოა და გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება.

სტატიაში გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" და Agence France-Presse (AFP) მასალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG