ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი რუსეთს "ისლამურ სახელმწიფოს" ადარებს


უკრაინა რუსეთს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ადარებს. კიევი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ ვიდეოს შინაარსის გამოძიებას სთხოვს, სადაც ასახულია, რომ სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცები უკრაინელ ტყვეს თავს სჭრიან.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი თავს ჭრის კაცს, რომელიც ყვითელ სამხრე ნიშანს ატარებს. ამ უკანასკნელს სწორედ უკრაინელი მებრძოლები იყენებენ. ჯერჯერობით დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის, თუ რამდენად ასახავს ვიდეო რეალობას.

კრემლი ვიდეოს "საშინელს" უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ მისი ავთენტურობა უნდა შემოწმდეს. მოსკოვი დღემდე უარყოფს, რომ მისმა ჯარისკაცებმა კონფლიქტის მიმდინარეობისას რაიმე ტიპის ომის დანაშაული ჩაიდინეს.

"აქ არის ის, რისი იგნორირებაც მსოფლიოში არავის შეუძლია: როგორ ადვილად კლავენ ეს მტაცებლები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეოში. "ამ ყველაფრისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ამ ტერორის დამარცხება აუცილებელია".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვიდეოზე საუბრისას კიდევ ერთხელ გმობს იმას, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელია. "აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოზე" უარესია, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს. რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან, და მათი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგონ", - ამბობს უკრაინის პირველი დიპლომატი.

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ერაყსა და სირიაში მოქმედებისას ხშირად ავრცელებდნენ ვიდეოებს, სადაც ტყვეებისთვის თავის მოჭრის კადრები იყო ასახული. კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს უთხრა, რომ "ყალბი ამბების ეპოქაში" გასაკვირი არაფერია და უნდა შემოწმდეს, სიმართლეა თუ არა ეს, მართლა მოხდა თუ არა და თუ მართლაც მოხდა, ვინ ჩაიდინა და სად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, რომ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი "კიდევ ერთი საშინელება" დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საჯაროდ არ ისაუბრონ ჯარისკაცის ვინაობაზე მანამ, სანამ მისი იდენტობა სამართალდამცავების მხრიდან არ დადასტურდება და ნუ გაავრცელებენ ვიდეოს ონლაინ სივრცეში. "გახსოვდეთ, მტერს ჩვენი დაშინება სურს, მათ ჩვენი დასუსტება უნდათ", თქვა მან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები ვიდეოსთან დაკავშირებულ გარემოებებს უკვე იძიებენ. გავრცელდა სხვა ვიდეოც, სადაც სავარაუდოდ ომის ტყვეების, უკრაინელი მებრძოლების დასახიჩრებული ცხედრები ჩანს.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა ჟენევაში განაცხადეს, რომ გავრცელებული ვიდეოები გამოირჩევა სისასტიკითა და საშინელებით. "სამწუხაროდ, ეს არაა ცალკეული ინციდენტი. ბოლო ინციდნტები შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG