ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოჯოხეთი კემეროვოში: მსხვერპლის უმრავლესობა 2-დან 13 წლამდე ბავშვები არიან


კემეროვოს სავაჭრო ცენტრი Зимняя вишня ხანძრის შემდეგ, აქ 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი

რუსეთში დღეს გლოვის დღეა, ქალაქ კემეროვოში შემზარავი ხანძრის დროს დაღუპულებს ეთხოვებოდნენ. ზნამენსკის ტაძრიდან იმ გარდაცვლილთა ცხედრები გამოასვენეს, რომელთა ამოცნობაც მოხერხდა. მათ შორის იყო ქართული წარმოშობის ტატიანა დარსალია, კემეროვის მე-17 გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებელი.

25 მარტს, სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში, ხანძრის გაჩენის დროს, 37 წლის ტატიანა დარსალია 14 წლის ქალიშვილთან ელეონორასთან ერთად, მეოთხე სართულზე განთავსებულ კინოთეატრში იმყოფებოდა. საშინელი პანიკის მიუხედავად მან მოახერხა ქალიშვილის და კიდევ რამდენიმე ბავშვის შველა, თუმცა თავად დაიღუპა.

ტატიანა დარსალია და მისი ქალიშვილი ელეონორა
ტატიანა დარსალია და მისი ქალიშვილი ელეონორა

ტატიანა კემეროვოსთან ახლოს მდებარე სოფელ ტოპკიდან იყო, სადაც დარსალიების რამდენიმე ოჯახი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცხოვრობს. შვიდი წელი ტოპკის სკოლაში მუშაობდა, ბოლო სამი წელი კი კემეროვოს გიმნაზიაში. დღეს ინგლისურის მასწავლებელი ბოლო გზაზე მისმა მოსწავლეებმა გააცილეს. ელენე მოროზოვა ამბობს:

დაუჯერებელია რომ ის ჩვენთან აღარ არის, წმინდა ადამიანი იყო, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში გვედგა. კვირას საღამოს გავიგეთ რო ხანძრის დროს დაიკარგა და ეძებდნენ, ბოლო მომენტამდე ყველას გვეგონა რო ცოცხალი იქნებოდა"
ელენე მოროზოვა, ტატიანა დარსალიას მოსწავლე

„ინგლისურ ენას მეხუთე კლასიდან გვასწავლიდა, დაუჯერებელია, რომ ის ჩვენთან აღარ არის. წმინდა ადამიანი იყო, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში გვედგა.

კვირას საღამოს გავიგეთ რო ხანძრის დროს დაიკარგა და ეძებდნენ, ბოლო მომენტამდე ყველას გვეგონა რო ცოცხალი იქნებოდა, თუმცა დილით, სკოლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ტატიანა მასწავლებელი აღარ არის. ორი-სამი დღე დამშვიდება ვერ შევძელით, ვღრიალებდით, ვტიროდით, დღემდე შოკში ვართ“

ოფიციალური ინფორმაციით, კემეროვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 64 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 41 აქედან 2-დან 13 წლის ასაკის​ ბავშვია. ამ დროისთვის მხოლოდ 27 ცხედრის ამოცნობა მოხერხდა.

Зимняя вишня-ს კინოთეატრი ხანძრის შემდეგ, ყველაზე მეტი ბავშვი აქ დაიღუპა
Зимняя вишня-ს კინოთეატრი ხანძრის შემდეგ, ყველაზე მეტი ბავშვი აქ დაიღუპა

ბავშვების უმრავლესობა სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე დაიღუპა, სადაც კინოთეატრის გარდა, საციგურაო მოედანი, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და ბატუტის ოთახი იყო განთავსებული. ხანძარი სწორედ მეოთხე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრის სახურავი ჩაინგრა.

გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა რომან ვოსტრიკოვი 2 წლის იყო, მასთან ერთად = 7 წლის და ანა, 5 წლის ძმა არტიომი, დედა და დეიდა დაიღუპნენ. გარდაცლილთა შორის არიან სამი დები: 11 წლის მაია, 11 წლის ქსენია და 5 წლის ვალერია ანანიევები. საშინელმა ხანძარმა კიდევ რამდენიმე არასწრულწლოვანი დედმამიშვილის სიცოცხლე შეიწირა.

კემეროველები ამ დრომდე ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ არ იყო სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში დაცული ელემენტარული სახანძრო უსაფრთხოების წესები, რატომ არ იმუშავა სახანძრო სირენამ და რატომ ვერ მოხერხდა ხანძარზე ოპერატიული რეაგირება? უმწეო ბავშვების გადარჩენა, რომლებიც მშობლებს ტელეფონით განუწყვეტლივ ურეკავდნენ და შველას სთხოვდნენ? ნაწყვეტი კემეროველი „გულაგის“ ბლოგიდან:

ზედამხედველი ორგანოების და ჩინოვნიკების საშინელი გულგრილობა, სავალდებულო შემოწმებების არარსებობა, ქრთამები, ქრთამები და ქრთამები. დაბნეულობა... თუ სადმე არის ჯოჯოხეთი, ის დღევანდელი რუსეთივით გამოიყურება“
კემეროველი ბლოგერი "გულაგი"

„ყოველი ახალი ინფორმაცია კემეროვოს ტრაგედიას რაღაც არაერალურად აქცევს, შეუძლებელია დაიჯერო რომ ეს სიზმარი არ არის. სავაჭრო ცენტრში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს არ აქვს სპეციალური განათლება და მას აქამდე რთულ ტექნიკასთან არასოდეს უმუშავია. სპეციალობით იგი მზარეულია.

მაშველები სპეცტექნიკის, ბატუტის, გასაბერი ბალიშებისა და ბადის გარეშე, ალმოდებული შენობის ფანჯებიდან გადმომხტარი ბავშვების დასაჭერად. კინოთეატრის თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვები დარბაზში ჩაკეტეს, რომ უბილეთოები არ შესულიყვნენ.

ზედამხედველი ორგანოების და ჩინოვნიკების საშინელი გულგრილობა, სავალდებულო შემოწმებების არარსებობა, ქრთამები, ქრთამები და ქრთამები. დაბნეულობა... თუ სადმე არის ჯოჯოხეთი, ის დღევანდელი რუსეთივით გამოიყურება.“

საპროტესტო მიტინგი კემეროვოში
საპროტესტო მიტინგი კემეროვოში

მესამე დღეა კემეროვოში, სადაც ნახევარი მილიონი ადამინი ცხოვრობს, კემეროვის ოლქის გუბერნატორის, რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს წევრის, 73 წლის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ, იგი უკვე 20 წელზე მეტია ამ თანამდებობას იკავებს და ციმბირში კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლოა.

ტულეევი ტრაგედიის ადგილზე საერთოდ არ მივიდა, მოგვიანებით მან თქვა, რომ ხანძრის დროს ახლო ნათესავი ბავშვი დაეღუპა, მომიტინგეებს კი სკანდალისტები (бузотеры) უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც კემეროვოში ჩავიდა და ტულეევს პირისპის დემონსტრაციულად არ შეხვდა, შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა კემეროვოს ოლქის გუბერნატორის გადაყენება, განაცხადა, რომ „ყველა აგებს პასუხის ვინც დამნაშავეა.“

თბილისი, რუსეთის ყოფილი საელჩო, 28.03.2018
თბილისი, რუსეთის ყოფილი საელჩო, 28.03.2018

დღეს, კემეროვოში ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საქართველოს დედაქალაქშიც მიაგეს, ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა ყვავილები და სათამაშოები, თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან მიიტანეს. ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც, ვარდების სკვერში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG