ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი სირიაში თვითმფრინავის ჩამოგდებას ისრაელს აბრალებს


რუსული ილ-20m. 23 ივლისის ფოტო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს “მტრული” უწოდა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავის პილოტთა ქმედებას, რის გამოც სირიის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინციდენტზე, რომელიც ორშაბათს ღამით მოხდა, ისრაელს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სამინისტროს პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განმარტებით, ისრაელის თვითმფრინავი იერიშს სირიის პროვინცია ლატაკიაზე ახორციელებდა. პილოტები რუსეთის თვითმფრინავის “ილ-20m” უკან დაიმალნენ და ის სირიის რაკეტებისგან თავის დასაცავად, ერთგვარ ფარად გამოიყენეს.

სირიის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავს S-200 ტიპის რაკეტა ესროლა და ჩამოაგდო. ბორტზე მყოფი 15-ვე ადამიანი დაიღუპა.

ისრაელს და რუსეთს შორის რამდენიმე წელია სპეციალური ცხელი ხაზია გახსნილი, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს რეგიონში მიმდინარე სამხედრო ქმედებებზე აფრთხილებენ. ამ გზით ორი ქვეყანა თავს არიდებს ერთმანეთთან დაპირისპირებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს, რომ ისრაელმა საკუთარი ოპერაციის შესახებ ისინი მხოლოდ ერთი წუთით ადრე გააფრთხილა. შესაბამისად, რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს იმ ადგილის დასატოვებლად დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა.

იგორ კონაშენკოვი ისრაელის პილოტების საქციელს “უპასუხისმგებლოს” უწოდებს. პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთი “საპასუხო ზომებს გაატარებს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG