ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასშტაბური სამხედრო წვრთნები და მოსკოვის პოლიტიკური გათვლა


მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნები რუსეთს ცივი ომის შემდეგ არ ჩაუტარებია. ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში გამართულ წვრთნებზე მოსკოვმა ჩინეთის და მონღოლეთის სამხედრო კონტინგენტი პირველად მიიწვია.

მანევრებში მონაწილეობს 36 000 ტანკი და 300 000 ჯარისკაცი - ქვეყნის სამხედრო პერსონალის მესამედი. წვრთნები აღმოსავლეთ ციმბირის ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. ჩინეთმა ერთობლივ წვრთნებში 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა.

ჩინეთის საზღვართან ახლოს, რუსეთის ცაზე 1 000 თვითმფრინავი პატრულირებს. მათ შორის, სტრატეგიული შორი რადიუსის ბომბდამშენებიცაა. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის და წყნარი ოკეანის მხრიდან ჩართულია 80 სამხედრო გემი, რომლებიც დადგმულ საზღვაო და სახმელეთო მანევრებში მონაწილეობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს, სანახაობის მაყურებლებს შორის, პირველ რიგში იჯდა. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ აღმოსავლელ მეზობელთან კარგი ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით რუსეთის მიღწევებს.

წინა პლანზე: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
წინა პლანზე: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

„მსურს საგანგებო მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და მონღოლეთის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენს სამხედრო მეგობრობას ხანგრძლივი და მტკიცე ტრადიციები გააჩნია“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მოსკოვმა სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „ვოსტოკ-2018“ დასავლეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე ჩაატარა. ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობები ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის ბოლო მიზეზი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი შვილის აკრძალული ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტი გახდა. თუმცა, ურთიერთობა მანამდეც გართულდა ჯერ უკრაინაში ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტრუქციული საქმიანობის გამო და მოგვიანებით, შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზეზით.

პარალელურად, გრძელდება და ღრმავდება კიდეც დაძაბულობა ამერიკას და ჩინეთს შორის. ვაშინგტონს და პეკინს შორის სავაჭრო ტარიფებით შექმნილ პრობლემებს, ანალიტიკოსები ხშირად სავაჭრო ომსაც კი უწოდებენ.

ექსპერტების აზრით, იმის მიუხედავად, რომ კრემლი სამხედრო წვრთნებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ნაწილში მართავს, მას მაინც გლობალური რეზონანსი აქვს. „ის ემსახურება ჩინეთთან ალიანსის დასავლეთისთვის დემონსტრირებას. ეს რუსეთისთვის იმის საშუალებაც არის, რომ აჩვენოს, თუ რა ისწავლა სამხედრო ინტერვენციებით, მაგალითად სირიაში, ან აღმოსავლეთ უკრაინაში“ - ამბობს ემილი ფერისი, ბრიტანელი ანალიტიკოსი ლონდონში მდებარე გაერთიანებული სამეფო სამსახურის ინსტიტუტიდან (RUSI).

სწორედ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, რომ მოსკოვისთვის სანქციების დაწესება აუცილებელი იყო.

„დასავლეთის სანქციებმა რუსეთი მრავალმხრივ დააზიანა. მათ შორის იმითაც, რომ მან დაკარგა იმ სამხედრო კომპონენტების შეძენის შესაძლებლობა, რომელსაც კრემლი დასავლეთის პარტნიორებისგან ყიდულობდა. ამასობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები 10-წლიან რეფორმირების და განახლების პროცესს გადიან. ამ ნაწილების შესაძენად კი რუსეთს ალტერნატიული პარტნიორები დასჭირდება“ - განმარტავს ემილი ფერისი.

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში

რუსეთმა წვრთნები აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს დაამთხვია, რომელიც ვლადივოსტოკში მიმდინარეობს და რომელსაც რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური ესწრება. მაშინ, როცა პეკინი ვაშინგტონთან სავაჭრო ომის სპირალშია ჩათრეული, მოსკოვი ამ მომენტს საკუთარ შესაძლებლობად აღიქვამს და ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს.

„მათი პოლიტიკური სიახლოვეც თანდათან უფრო ღრმავდება. ეკონომიკურად, რუსეთს და ჩინეთს შორის ვაჭრობა ყვავის, მაშინ როცა სხვა ქვეყნებთან რუსეთს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. სამხედრო თვალსაზრისითაც ისინი საომარ თამაშებში მხარდამხარ მონაწილეობენ და საბოლოო ჯამში ამ თამაშების მიზანი, მისი შეერთებული შტატებისთვის და ამერიკის მოკავშირეებისთვის ჩვენებაა“ - აღნიშნავს მოსკოველი ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი.

თუმცა, რუსეთს და ჩინეთს შორის ურთიერთობა არც ისე იდილიურია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, რუსეთს არ მოსწონს ის, რომ ჩინეთი, რუსეთის გვერდის ავლით, დიდ პროექტებშია ჩართული ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა და ბელორუსი, ამბობს ემილი ფერისი. ჩინეთი ცდილობს ამ ორი ქვეყნიდან გზა ევროპაზე გაჭრას, რასაც რუსეთი ექსპერტის თქმით, „ეჭვის თვალით უყურებს“.

სამშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს და ჩინეთს შორის ალიანსს შორეულ პერსპექტივაში დიდად ვერ აღიქვამს. შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებაზე საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ მოსკოვზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მართალია, რუსეთი ეკონომიკურად დასუსტდა, მაგრამ სანქციებმა ვერ აიძულა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღებული კურსიდან გადაეხვია, არც სირიაში და არც უკრაინაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG