ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ-მალიქი მოსკოვში პუტინს ხვდება


Russia Iraq
Russia Iraq

ერაყის სამთავრობო დელეგაცია რუსეთში უკანასკნელად 10 წლის წინათ იმყოფებოდა

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ერაყის პრემიერ მინისტრი, ნური ალ-მალიქი მიიღო. ერაყის სამთავრობო დელეგაცია რუსეთში უკანასკნელად 10 წლის წინათ იმყოფებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით: „ერაყელი სპეციალისტები კარგად იცნობენ ჩვენი იარაღის შესაძლებლობებს და ამ სფეროში ჩვენ ურთიერთგაგებას აუცილებლად მივაღწევთ.“

ერაყის სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში რუსული იარაღის შესაძენად იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი, ალექსანდრ გოლცი ამბობს, ერაყელები კარგად იცნობენ რუსულ იარაღს და შესაბამისად უფრო იოლი იქნება მათი გაწვრთნა: „სადამ ჰუსეინის არმია 90%-ით რუსული შეიარაღებისგან შედგებოდა.“

როგორც კარნეგის ფონდის ექსპერტი, ალექსეი მალაშენკო აცხადებს, ჯერჯერობით გაურკვეველია - ეს წმინდა კომერციული გარიგებაა, თუ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება: „მე არ ვიცი ფულს ნამდვილად გადაიხდიან თუ არა, მაგრამ კრემლში იმედი აქვთ, რომ ერაყელები იარაღს იყიდიან.“

ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ერაყი შეიარაღების საკითხში შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

ერაყსა და თურქეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯეიმს ჯეფრი აცხადებს, რომ რუსეთთან 4 მილიარდიანი კონტრაქტი მნიშვნელოვნად არ იმოქმდებს ერაყის შეიარაღების სისტემებზე. მისი თქმით: „ეს ძალზე მცირე ნაწილი იქნება იმისა, რასაც ერაყი შეერთებული შტატებისგან იღებს, რაც საერთო ჯამში 12 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ბაღდადი და ვაშინგტონი ერთობლივად აწარმოებენ კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებს და თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში.“

რუსული ენერგოკომპანიები დღესაც მუშაობენ ერაყში, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს მათი საქმიანობის გაფართოება სურს. როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრ მალაშენკო მიიჩნევს არაბული გაზაფხულის შემდეგ მოსკოვს ამ რეგიონში თავისი გავლენის აღდგენის იმედი აქვს. მისი თქმით: „შესაძლოა მოსკოვში ფიქრობენ, რომ სწორედ ერაყიდან დაიწყება რუსეთის დაბრუნება ახლო აღმოსავლეთში.“

მოსკოვში ვიზიტის დროს ერაყის პრემიერ მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა რუსეთის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელიც სირიაში თურქეთის და სუნიტი არაბების ინტერვენციის წინააღმდეგ არის მიმართული. ამან მოსკოვის კმაყოფილება გამოიწვია, რომელიც გაღიაზიანებულია თურქების მიერ სირიაში მიმავალი რუსული თვითმფრინავის დაკავების გამო.

როგორც ბატონი მალაშენკო აცხადებს: „მოსკოვსა და სირიის მმართველ რეჟიმს შორის არსებული მჭიდრო კავშირების მიუხედავად რუსეთი დაინტერესებულია თურქეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით.“

ანალიტიკოსებს აზრით, რუსეთი შიიტური ალიანსის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომელშიც ლიბანის ჰეზბოლა, სირია, ერაყი და ირანი შედიან. მათ უპირისპირდება თურქეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის და არაბული მონარქიების სუნიტური კავშირი.

ალექსანდრ მალაშენკოს აზრით, რუსეთის მიზანი რეგიონში თავისი გავლენის აღდგენაა ისე, რომ მოსკოვი არ აღმოჩნდეს მუსულმანებს შორის მიმდინარე რელიგიურ დაპირისპირებაში ჩართული.
XS
SM
MD
LG