ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგინეს


პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგინეს

რუსეთის პრემიერმა მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს ”ედინაია როსიას ” წევრებს. მათ 24 სექტემბერს პარტიის ყრილობაზე პრემიერის, ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, რომელიც ყრილობაზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია: სტრასბურგის სასამართლოში შეტანილია საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთმა ომის შემდეგ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, სულ ორი დღის წინ თბილისმა დაგმო რუსეთის მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ბაზებზე შეთანხმების რატიფიცირება. როგორ აფასებენ თბილისში ვლადიმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტებას?

პოლიტოლოგი ზურაბ დვალი თვლის, რომ პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მოულოდნელი არ იყო :

” - არა მგონია,რომ ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო, რადგანაც გასაგები იყო, რომ მედვედევის ფიგურა იყო დროებითი. ფაქტიურად პუტინი ლეგიტიმური გზით რომ დაბრუნებულიყო, ამისთვის დასვა მედვედევი თავის ადგილზე. აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ მსოფლიოში ვინმეს გაუკვირდა, რომ პუტინი ისევ კენჭს იყრის და დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

რას ელოდება თბილისი პუტინის ამ მესამედ მოსვლისგან? არა მგონია, რომ რაიმე სასიკეთოს მოუტანს საქართველოს პუტინის დაბრუნება. ცხადია, საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები იმდენად ცუდია, რომ პუტინის დაბრუნებით ალბათ საუკეთესო შემთხვევაში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის და ალბათ ახლო პერსპექტივაში ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მოსკოვის და თბილსის ურთიერთობები დათბება”.

”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე მიიჩნევს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლების სათავეში, საქართველომ პოლიტიკური ხერხებით უნდა იმოქმედოს და შეძლოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს: ” - მე ვერაფერს პრობლემატურს და საგანგაშოს ამაში ვერ ვხედავ. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მოსაგვარებელია პირველ რიგში. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. აქ მნიშვნელობა აქვს ჩვენ დამოკიდებულებას, გვინდა თუ არა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, გვინდა თუ არა, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდეს რუსეთის ბაზარზე. ამ ხედვებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მთავარია ჩვენი დამოკიდებულება , თუ რა გვინდა? როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას? ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი რუსეთში, არ უნდა შეუშინდეთ. მთავარია თვალი გავუსწოროთ რეალობას და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. პოლიტიკური ხერხებით შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG