ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსული ფარსი"


"რუსული ფარსი"
"რუსული ფარსი"

რუსეთის ლიდერებმა ძალაუფლების კონსოლიდაციას მედია საშუალებებზე კონტროლის დაწესებით მიაღწიეს.

პოლიტიკური მიმომხილველები რუსეთში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წამოყენება პრეზიდენტის თანამდებობაზე და მედვედევის გაპრემიერება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსეთის პოლიტიკის ექსპერტის რობერტ ლიგვოლდის განცხადებით:

“ ხალხი გაურკვევლობაში იყო, თუ რა მოხდებოდა ამ ორ ადამიანს შორის, თუმცა მაშინაც არსებობდა ეჭვები, რომ პუტინი უკან დაბრუნებას გეგმავდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, როდესაც ორი წლის წინათ რუსეთში საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაზარდეს.“

რუსი ანალიტიკოსები თვლიან, რომ პუტინსა და მედვედევს შორის თანამდებობის გაცვლამ მომავალი წლის მარტში დაგეგმილი არჩევნები ფარსად გადააქცია.

როგორც კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის ექსპერტი მეთიუ როჯანსკი აცხადებს:

“მე ვფიქრობ რომ აქ ფარსის არსებობა კი არ არის მთავარი, ან პუტინის და მედვედევის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებას არა აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება.“

ანალიტიკოსები წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის ლიდერებმა ძალაუფლების კონსოლიდაციას მედია საშუალებებზე კონტროლის დაწესებით მიაღწიეს. ამის გამო, ამ არჩევნებში პუტინის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს და 6 წლის შემდეგაც ალბათ იგივე განმეორდება. თუ მართლაც ასე მოხდა, ვლადიმერ პუტინს ხელისუფლების სათავეში ყოფნა 2024 წლამდე გარანტირებული აქვს.

როგორც მეთიუ როჯანსკი ამბობს:

“ამხელა ძალაუფლება სტალინის შემდეგ არავის ჰქონია. პუტინმა საკუთარი პიროვნების კულტი შექმნა და პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა.“

პოლიტოლოგების საერთო აზრით, პუტინი რუსეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, როგორც რობერტ ლიგვოლდი აცხადებს, იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთის მთავრობაზე:

“ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ პუტინს იმედი აქვს საკუთარი პოპულარობით რეჟიმის განმტკიცებას შეუწყოს ხელი. რადგან ყველა გამოკითხვის მიხედვით, მის მიმართ ხალხს სხვა განწყობა გააჩნია, რუსეთში პოლიტიკურ სიტუაციაზე კი სულ სხვა რამეს ფიქრობს.“

სხვა ექსპერტების მსგავსად, მეთიუ როჯანსკიც მიიჩნევს, რომ ორივე ლიდერი ერთ გუნდში თამაშობს. მისი თქმით:

“ტანდემი ამ სისტემის ზუსტი აღმნიშვნელია. პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, რომ ერთგული დამხმარე ჭირდებოდა და მედვედევი სწორედ ამ საქმეს ასრულებს. ეს ერთი გუნდია, თუმცა მათ არა აქვთ თანაბარი უფლებები. მიუხედავად იმისა რომ მედვედევი ოთხი წელი კრემლში იჯდა ის მაინც უმცროს პარტნიორად რჩება.“

ანალიტიკოსების აზრით, პუტინ-მედვედევის ტანდემს რთულ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება. ეს არის ქვეყნის მოდერნიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირება. თუმცა რამდენად მოახერხებენ ისინი ამ პრობლემებთან გამკლავებას სხვა საკითხია, რადგან წარსულში მათ ამ მხრივ ვერაფრით გამოიჩინეს თავი.

XS
SM
MD
LG