ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბალანსი იცვლება


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჟინტაო

რუსეთის ექსპორტი ჩინეთში მხოლოდ ნედლეული მასალებით შემოიფარგლება, ხოლო ჩინეთიდან რუსეთში სამომხმარებლო საქონელი მიედინება

რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბალანსი სწრაფად იცვლება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იუწყება, რუსეთი ოდესღაც ჩინეთში შეიარაღებას, ავტომანქანებსა და მანქანა-დანადგარებს აგზავნიდა, მაგრამ ახლა რუსეთის ექსპორტი ჩინეთში მხოლოდ ნედლეული მასალებით შემოიფარგლება, ხოლო ჩინეთიდან რუსეთში სამომხმარებლო საქონელი მიედინება.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ჩინეთიდან დაბრუნდა. მან თან ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ბევრი ხელშეკრულება ჩამოიტანა. მაგრამ, როგორც ჩანს, მან ვერ დაარწმუნა ჩინელი ინვესტორები რათა მათ რუსეთის ქარხნების მოდერნიზაციაში კაპიტალი დააბანდონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მისი ჩინეთის პრეზიდენტთან ჰუ ჟინტაოსთან შეხვედრის შესახებ მოახსენა. აღსანიშნავია, რომ წელს ორი ქვეყნის ლიდერები უკვე მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. მედვედევის თქმით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა დადეს დაპირება, რომ ისინი მოსკოვის მახლობლად ახალი ტექნოლოგიური ცენტრის აშენებაში ინვესტიციების დაბანდებას განიხილავენ.

მიმომხილველების ერთი ნაწილისთვის რუსეთი და ჩინეთი სრულყოფილ წყვილს წარმოადგენენ - კავშირი მსოფლიოში ენერგომატარებლების უმსხვილეს მწარმოებელსა და მომხამრებელს შორის.

ახლახან გაფორმებული შეთანხმებების თანახმად ახლო მომავალში რუსეთის წილი ჩინეთის ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტში 10 პროცენტს მიაღწევს. რაც შეეხება სხვა გაფორმებულ გარიგებებს, ჩინეთი რუსეთის რკინის მაღაროებში, ალუმინის მწარმოებელ ქარხნებში, ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სოფლის მეურნეობაში მილიარდობით დოლარს დააბანდებს.

გასული ათწლეულის მანძილზე რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თორმეტჯერ გაიზარდა. შედეგად ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილს არცთუ შორეულ წარსულში გერმანია იკავებდა. 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთის ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონი ქვეყნის შორეული აღმოსავლეთია, რომელიც ციმბირის ნაწილს შეიცავს და ჩინეთს ესაზღვრება.

იმავდროულად რუსული ავტომანქანებისა და შეიარაღების ექსპორტი ჩინეთში მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოსკოველი ეკონომისტის კრის ვიფერის თქმით, რუსებს არ მოსწონთ იმის აღიარება, რომ რუსეთი ჩინეთისთვის ნედლეული მასალების მომწოდებელი ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით ვიფერმა აღნიშნა:

„პრეზიდენტ მედვედევსა და რუსეთის მხარეს სურდათ რუსეთის სამრწეველო სექტორის მოდერნიზაციაში ჩინეთის მონაწილეობის შესახებ ესაუბრათ. მათ არ უნდოდათ, რომ ხსენებული დისკუსია მხოლოდ ენერგეტიკის სფეროთი ყოფილიყო შემოფარგლული. მაგრამ როცა ისინი ჩინეთში ჩავიდნენ გაირკვა, რომ ჩინელებს მხოლოდ უფრო მეტი ენერგომატარებლების მოპოვება აინტერესებდათ.“

სამრეწველო სფეროში მხოლოდ ერთი ხელშეკრულება დაიდო. გაფორმებული გარიგების თანახმად ჩინური კომპანია ურალში სატვირთო ავტომანქანების წარმოებაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩინეთს რუსეთში უფრო ხარისხიანი საქონლის წარმოება სულაც არ აინტერესებს, მაგრამ რუსეთიდან ენერგომატარებლების - ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის - იმპორტი პეკინის უსაზღვრო ინტერესს იწვევს.

ამჟამად ჩინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტის ლომის წილი გემებით მალაკას სრუტეს გავლით შემოდის. ამ სტრატეგიული სისუსტის განეიტრალების მიზნით ჩინეთი ენერგომატარებლების იმპორტის სახმელეთო მარშრუტების განვითარებაზე ზრუნავს.

გასულ კვირას რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა რუსეთიდან ჩინეთში პირველი ნავთობსადენი სიმბოლურად გახსნეს. ნავთობის ტრანსპორტირება ციმბირიდან 1,000 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენით ჩრდილოაღმოსავლეთ ჩინეთში მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

ჩინელებს სურთ, რომ ნავთობსადენის გარდა მალე მსგავსი ბუნებრივი აირის მილსადენიც გაიხსნას. როგორც მოსალოდნელია მომავალი წლის ზაფხულში რუსეთი და ჩინეთი ბუნებრივი აირის მილსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა ორმხრივი მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ათი წლის მანძილზე მიმდინარეობს.

რუსეთი ბუნებრივ აირზე ფასის ზრდას ელოდება, მაგრამ ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა ბუნებრივი აირის დეფიციტს არ განიცდის. ამას გარდა მსოფლიო ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ფაქტორების გარდა რუსეთის პოზიციებს შუა აზიიდან ჩინეთში გაყვანილი ნავთობსადენები მნიშვნელოვნად ავნებს.

კრის ვიფერი დასძენს:

„ჩინეთს ახლა რუსებისთვის ულტიმატუმის ფორმით შემდეგის თქმა შეუძლია: ‘თუ არ დათანხმდებით იმ პირობებზე, რომელიც ჩვენთვის არის მომგებიანი, მაშინ ჩვენ სხვა ვარიანტებს ავამოქმედებთ.’ ჩინეთს შუა აზიიდან უფრო მეტი ენერგომატარებლის იმპორტი ყოველთვის შეუძლია.“

სანამ მედვედევი პეკინში იმყოფებოდა თურქმენეთის პრეზიდენტმა ბუნებრივი აირის შეკუმშვის სადგური გახსნა. ხსენებული სადგური თურქმენეთიდან ჩინეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს წელიწადში 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის, რაც რუსეთიდან ჩინეთში დიდი ხნის წინ შეთანხმებული ბუნებრივი აირის მიწოდების მთლიან მოცულობას გადააჭარბებს.

XS
SM
MD
LG