ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვინენკოს მკვლელობის სასამართლო მალე დაიწყება


Alexander Litvinenko (2002 photo)
Alexander Litvinenko (2002 photo)

ლიტვინენკოს სიკვდილს გარდაცვლილის ოჯახი რუსეთის სახელმწიფოს აბრალებს

მთავარი მოსამართლის განცხადებით, მომავალი წლის დასაწყისში, 2006 წელს ბრიტანეთში მოწამლული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. ალექსანდრ ლიტვინენკოს ოჯახს სურს, რომ სასამართლო მოსმენისას გამოძიებულ იქნას მათი რწმენით რუსეთის სახელმწიფოს „კრიმინალური როლი”. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, სელა ჰენესი მოგვითხრობს ლონდონიდან.

ხუთშაბათს გამართულ წინასწარ მოსმენაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რობერტ ოუენმა განაცხადა, რომ ლიტვინენკოს გარდაცვალებასა და გამოძიების დაწყებას შორის ექვსწლიანი შეფერხება „სამწუხარო” ფაქტია. მისი თქმით, მოსმენა 2013 წლის დასაწყისში გაიმართება.

ადამიანის უფლებების ადვოკატი, ლუიზ კრისტიანი ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივს, მარინა ლიტვინენკოს წარმოადგენს. კრისტიანის თქმით, მარინა დიდხანს ელოდა საკუთარი ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხების მიღებას.

„რასაკვირველია, მისთვის ძალიან მძიმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულყოფილი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, ახლა ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ გამოძიება სწრაფად ჩატარდება და მიზეზებს დაადგენს,” - განმარტავს ლუიზ კრისტიანი.

ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის ყოფილი აგენტი იყო, რომელიც კრემლს აკრიტიკებდა. ის ბრიტანეთში 2000 წელს ჩამოვიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. 2006 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გვამის გაკვეთისას, ლიტვინენკოს სიკვდილი რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ-210-ით, მოწამვლას დაუკავშირდა.

ბრიტანეთის პოლიციამ მთავარ ეჭვმიტანილად რუსეთის უშიშროების სამსახურის ასევე ყოფილი აგენტი, ანდრეი ლუგოვოი დაასახელა. ლუგოვოის ლონდონის სასტუმროში გამართული შეხვედრისას ლიტვინენკოს ჩაიში პოლონიუმის ჩადებაში დასდეს ბრალი. პოლიციამ, ასევე, დაადანაშაულა რუსეთის ყოფილი აგენტი, დმიტრი კოვტუნი, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ შეხვედრას. ორივე პირი უარყოფს წაყენებულ ბრალდებას. მათ ექსტრადირებაზე კი, რუსეთმა უარი განაცხადა.

სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული იქნება ყველა კავშირი ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან და, ასევე, მოვისმენთ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ლიტვინენკო რუსეთის სახელმწიფოს მიერ იქნა მოკლული, - განაცხადა გამომძიებელმა.

ხუთშაბათს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფრაგმენტები პოლიციის ანგარიშიდან, რომელიც ლიტვინენკოსა და ბრიტანეთის უცხოურ საიდუმლო სამსახურს შორის კავშირებს შეეხება, არ გახმაურდება. მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ფრანგმენტები ხელმისაწვდომი იქნება ადვოკატებისა და გამომძიებლისათვის, და საზოგადოებისთვის ისინი საჯარო არ გახდება.

კრისტიანის თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა ჩატარდეს, მათ შორის კრემლთან შესაძლო კავშირის კუთხითაც.

„ორივე პიროვნება, რომელთაც პოლიციისა და სამეფო სასამართლო სამსახურის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი, რასაკვირველია, დამოუკიდებელი გამოძიებების შედეგად პასუხისმგებლობა დაეკისრათ - ესენი არიან ბატონი ლუგოვოი და ბატონი კოვტუნი - რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტები არიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ამ ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე შეძლეს. ვფიქრობ, უამრავი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნდა პოლონიუმი, ვინ იყო მწარმოებელი და რა იყო მოტივაცია,” - ამბობს კრისტიანი.

რუსეთის მთავრობამ უარყო ლიტვინენკოს გარდაცვალებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა. მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ტენდენციურია.

ჯონათან იალი ლონდონის გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების დირექტორია. მისი თქმით, ბრიტანეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის ურთიერთობები ლიტვინენკოს გარდაცვალების შემდეგ გაცივდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობები ოდნავ გალღვა, თუმცა, ამ გამოძიებამ შესაძლოა პროცესები უკუსვლით წაიყვანოს.

„ზოგიერთი ამ ფაქტის ხელახლა დადასტურება ან თუნდაც ახალი ფაქტების გამოვლენა, მრავალი თვალსაზრისით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ დღეს არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. თუმცა, შესაძლოა, ყოველივე ეს [ორ ქვეყანას შორის] ურთიერთობის გაცივების ახალი მიზეზი გახდეს, რაც არც არასოდეს ყოფილა ჯანსაღი,” - განმარტავს ჯონათან იალი.

ბრიტანეთში, სასამართლო გამოძიება უეცარი ან აუხსნელი გარდაცვალებების ფაქტებს იკვლევს. ამ გამოძიებების მიზანია, დადგინდეს გარდაცვალების დეტალები, მათ შორის ადგილი და დრო, და ასევე ის, თუ როგორ დადგა გარდაცვალება. ეს არ არის სასამართლო პროცესი და არ ადგენს სისხლისსამართლებრივ ან სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG