ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ლიტვინენკოს საქმე” – დღევანდელი რუსეთი


ალექსანდრე ლიტვინენკოს ხმა: მე გთხოვთ აჩვენოთ ეს კასეტა მთელ მსოფლიოს და აცნობოთ, რომ ისინი შეკვეთილ მკვლელობებს ახორციელებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

- ალექსანდრე ლიტვინენკოს ეს სიტყვები ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმიდან არის, რომლის პრემიერაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ის რასაც ალექსანდრე ლიტვინენკო სიცოცხლეში ამბობდა და წერდა, მეტნაკლებად ცნობილია, მაგრამ ნეკრასოვის ფილმი, რომელსაც ასე ქვია “ლიტვინენკოს საქმე”, არ ეხება მხოლოდ ლიტვინენკოს. ფილმში ასახულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი რუსეთი - როგორ, რა ფორმით ფორმირდება ეს ახალი სახელმწიფო, როგორია დემოკრატიის ხარისხი და როგორი იყო პირველ ეტაპზე. სამწუხაროა, რომ დღევანდელი რუსეთის სახიდან გამომდინარე, მაყურებელს დავიწყებული ქონდა, რომ ოდესღაც რუსეთშიც ეწყობოდა საპროტესტო აქციები, სადაც სიტყვის თავისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია - ჩეჩნეთში ომს აპროტესტებდნენ. სწორედ ამიტომ, ალექსანდრე ლიტვინენკოს თქმით რუსეთის “კაგებე” თავად იწყებს ტერორისტული აქტების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე საინტერესოა ეპიზოდი ფილმიდან, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, აწ გარდაცვლილი ანა პოლიტკოვსკაია საუბრობს.

ანა პოლიტკოვსკაიას ხმა: დღევანდელ ჩვენ გაზეთში გავიდა მასალა, რომელსაც ჩვენ ვთვლით; სენსაციურს, პრინციპულს, მნიშვნელოვანს. ის რომ ნორდოსტის ერთ-ერთმა ტერორისტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა. როდესაც ამ მასალას ვწერდი მთელი გულით განვიცდიდი, ვშფოთავდი... ვიფიქრეთ, როდესაც ამ მასალას გამოვაქვეყნებთ, ეს საზოგადოებაზე იმოქმედებს... და, აი დღეს ორშაბათია, გაზეთი დილას ადრე გამოვიდა, უკვე შუადღეა... არავის არაფერი აინტერესებს. ნორდოსტი იყო რიგითი საკონტროლო ტერაქტი, ხელისუფლება შესანიშნავად არის გაცნობიერებული იმაში, რომ ეს მოვლენა პროტესტს, მათთვის რაიმე სახის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ, კრემლის პედესტალიდან ძალიან წყნარად უმზერს ჩვენს შინაგან ტანჯვებს და გვაკვირდება... საჭირო იქნება გაგვანადგურებს, არა და გვაცვლის სიცოცხლეს.

- ფილმში, ბუნებრივია, სულ ცოტა ხანში განხორციელებული ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც არის ნაჩვენები. პრესკონფერენციაზე, რომელიც ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა, მთავარი კითხვა ის იყო - თუ რა გამოხმაურება ექნება ამ ფილმს რუსეთში. მაგრამ, როგორც ეტყობა ევროპა და ევროპელი ჟურნალისტები სათანადოთ არ იცნობენ რუსული სახელმწიფოს რეალობას, რადგან ამ ფილმის პრემიერის ალბათობა რუსეთში ძალიან ცოტაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ფილმის შემქნელი დღემდე სანქტ პეტერბურგში ცხოვრობს და მისი სიცოცხლე დღემდე საშიშროების წინაშეა. მაგრამ ეს უკანასკნელი ანდრეი ნეკრასოვი, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ადამიანებისგან, რომელსაც არ ეშინია, ხმამაღლა საუბრობს იმ რეჟიმზე, რომელიც მის ქვეყანაშია – ეს კი უდავოდ იძლევა იმედს, რომ მომავალში რუსეთში მისი მიმდევრები გამოჩნდებიან და ქვეყანაში ძალადობასა და დიქტატურას დაუპირისპირდებიან. ქართველი მაყურებლისთვის კი ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ რუსეთსა და საქართველოს შორის გარკვეული მსგავსება შეინიშნება. პირველ რიგში ეს მსგავსება ისეთი ადამიანების ნაკლებობაა, როგორიც ანა პოლიტკოვსკაია და ანდრეი ნეკრასოვი არიან.

XS
SM
MD
LG