ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმა რუსეთიდან: "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის"!


45 წლის წინ 25 აგვისტოს წითელ მოედანზე შვიდმა საბჭოთა მოქალაქემ საპროტესტო აბრები გაშალა და ხმამაღლა ჩეხოსლოვაკიის ანექსია დაგმო. კონსტანტინ ბაბიცკიმ, ლარისა ბოგორაზმა, ნატალია გორბანევსკაიამ, ვადიმ დელონემ, ვლადიმირ დრემლიუგამ, პაველ ლიტვინოვმა, ვიქტორ ფეინბერგმა და ტატიანა ბაევამ ოკუპანატებს თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიიდან გასვლა მოთხოვეს. "სირცხვილი ოკუპანტებს!", "თავი დაანებეთ ჩეხოსლოვაკიას!", "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!",-ამბობდნენ ისინი.

შვიდივე დემონსტრანტი სუკის აგენტებმა უმოწყალოდ სცემეს და დააპატიმრეს. არცერთმა მათგანმა სასამართლოზე საკუთარი "ბრალეულობა" არ აღიარა. ბაბიცკი, ბოგორაზი და ლიტვინოვი გადაასახლეს, დელონე და დრემლიუგა ბანაკებში გაგზავნეს, გორბანევსკაია და ფეინბერგი კი ძალით ფსიქიატრიულ სატუსაღოში მოათავსეს.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ კარამურზა 45 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებისას შვიდი დისიდენტის გავლენაზე საუბრობს და მათ "რუსი ერის ღირსებას" უწოდებს. გორბანევსკაიას უთქვამს: "თუ ერს ერთ ადამიანს გამოაკლებთ ჩემი სახით, ეს მთელი ერი აღარ იქნება." მას უთქვამს ისიც, რომ დემონსტრაციას "ეგოისტური" მიზეზით შეუერთდა, რათა "სუფთა სინდისი ჰქონოდა." გორბანევსკაიასა და სხვა დისიდენტებთან ინტერვიუები კარამურზამ ჩაწერა ახალი დოკუმენტური ფილმისთვის "მათ აირჩიეს თავისუფლება."

ამ დღეებში, ამერიკის ხმის რუსული რედაქცია ცნობილ უფლებადამცველს ლიუდმილა ალექსეევას ესაუბრა. 45 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებისას, ალექსეევამ არ დამალა, რომ თვითონაც შემთხვევით გადაურჩა მომხდარს და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს მოსკოვში არ იყო უახლოეს მეგობრებთან ერთად წითელ მოედანზე ვერ მივიდა. ალექსეევა პარალელს ავლებს დღეანდელ რეალობასთან რუსეთში და ამბობს, რომ 2012 წლის 6 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციაც ანალოგიურად დაარბიეს. "ისე, რომ დარბევა და ძალადობა რუსეთის ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში ჩვეული რამაა" და ეს დაშვებული პრაქტიკაა-ამბობს ის.

ალექსეევა იხსენებს, რომ პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლა საკუთარ ტრაგედიად აღიქვა მისმა სამეგობრო წრემ. "ეს იყო დიდი იმედგაცრუება და თან, გვრცხვენოდა იმისიც, რომ დემოკრატიული თავისუფლებების ჩახშობაში ჩვენი ქვეყანაც მონაწილეობდა. მაშინ საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ, რომ თითქოს საბჭოთა მოქალაქეები, როგორც ერთი, ტანკების ჩეხოსლოვაკიაში შესვლას ემხრობოდნენ. ლარისა მეუბნებოდა, რომ ქუჩაში რომ არ გამოსულიყვნენ მაშინ მათი სიჩუმე მთავრობის მოქმედების მხარდაჭერად იქნებოდა აღქმული." ალექსეევა ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდა შვიდი დისიდენტის უცხოეთში ემიგრაცია, თუმცა ამბობს, რომ "თითოეული მათგანის სიტუაცია განსხვავებულად წარიმართა. დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე მათგანს მუდმივად ახსენებდნენ, თუ რა მოვლენების მონაწილეები იყვნენ და რომ რუსეთში მათ არ დაედგომებოდათ."

დღეს სამი მათგანი-ბოგორაზი, დელონე და ბაბიცკი ცოცხლები აღარ არიან.

ლიუდმილა ალექსეევა 86 წლის რუსი ისტორიკოსი და უფლებადამცველია. დღეს ის მოსკოვში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG