ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდპანდემიის საჩუქარი ქართულ რაგბის


ბორჯღალოსნები
ბორჯღალოსნები

ბორჯღალოსნებისთვის, რომლებიც წლებია აკაკუნებენ „ექვსი ერის“ კარზე, მოულოდნელად „რვა ერი“ გაიღო. კოვიდპანდემიის გამო მსოფლიო რაგბის ყველაზე ელიტარული ტურნირი „ექვსი ერი“ წელს, ექსპერიმენტული სახით გაიმართება. ოფიციალურად, „შემოდგომის ერთა თასი 2020“ ერქმევა, სადაც ექვსი ერის ბობოლებს - ინგლისს, უელსს, ირლანდიას, საფრანგეთს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველო და ფიჯი დაემატებიან.

ექსპერიმენტული "რვა ერი"
ექსპერიმენტული "რვა ერი"

ქართულ რაგბს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ახალ ტურნირში მონაწილეობა პანდემიის გამო იაპონიამ და სამხრეთ აფრიკამ იუარეს. ორგანიზატორებს ქართველების დაძახების გარდა, სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ ჰქონდათ. „ექვსი ერის“ გადათამაშების დირექტორი ბენ მორელი ამბობს:

განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ დაგვემატნენ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები. ველით რომ ამ ტურნირისთვის ორივე გუნდი გასაოცარი შენაძენი იქნება"
ბენ მორელი, „ექვსი ერის“ გადათამაშების დირექტორი


„პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რის გამოც ტრადიციული შემოდგომის ტესტები ვერ ჩატარდა. ჩვენ შევქმენით უნიკალური ტურნირი, რომელიც უმაღლესი კლასის რაგბის გარანტიაა ჩვენი ფანებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

ფანებს ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება ეს ბრწყინვალე ტურნირი, რომელშიც ბევრი დიდი მორაგბე ითამაშებს. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ დაგვემატნენ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები. ველით რომ ამ ტურნირისთვის ორივე გუნდი გასაოცარი შენაძენი იქნება“ - აღნიშნა მორელიმ.

ექსპერიმენტული „8 ერი“ სტარტს 13 ნოემბერს აიღებს და 6 დეკემბრამდე გასტანს. საქართველო A ჯგუფში ითამაშებს, სადაც 14 ნოემბერს თვიქნემზე - ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს და 28 ნოემბერს ავივაზე კი ირლანდიას დაეჯახება. ბორჯღალოსნები ყველა მატჩს სტუმრად გამართავს.

საქართველოს ადგილი A ჯგუფში ერგო
საქართველოს ადგილი A ჯგუფში ერგო

A ჯგუფში დაკავებული ადგილის შესაბამისად, ქართველებს „რვა ერში“ კიდე ერთი თამაში მოუწევთ, ამჯერად, მერიფილდზე, B ჯგუფის აუტსაიდერთან, სავარაუდოდ, ფიჯისთან ან იტალიასთან. ბორჯღალოსნების რვა ერში მიწვევას პარტიულ ღონისძიებაზე ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.

„ვილოცავ, ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ასეთი შედეგის დასადებად ჩვენმა ბიჭებმა მთელი გული ჩადეს და დამსახურებულად დაიკავეს რჩეულთა შორის საპატიო ადგილი. ვუერთდები საერთო სიხარულს და მათ კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული რაგბი ისტორიულ შანსს სამწუხაროდ უმძიმესს სიტუაციაში ხვდება. საქართველოს სარაგბო სამყარო დაპირისპირებული და გაყოფილია, რაგბის კავშირს პრეზიდენტი ისევ არ ჰყავს, ნაკრებს კი კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი. ეროვნული ჩემპიონატი პანდემიის გამო არ ტარდება, ნაკრებში თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი კი გრძელდება.

დავით ზირაქიშვილის, გიორგი ჩხაიძის, მერაბ კვირიკაშვილის, მამუკა გორგოძის, შალვა სუთიაშვილისა და გიორგი ნემსაძის შემდეგ, სარაგბო კარიერა დავით კაჭარავამაც დაასრულა. „კაჭის“ ნაკრებში სარეკორდო 122 შეხვედრა ჰქონდა გამართული. ყოფილი მორაგბე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს, იგი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია.

ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" პარტიულ სიაშია
ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" პარტიულ სიაშია

Facebook Forum

XS
SM
MD
LG