ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააღდგომო ლელობურთი გურიაში


გურია, შუხუთი, აღდგომა, 2017
გურია, შუხუთი, აღდგომა, 2017

აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღინიშნა გურიაში. ამ უძველესი ეროვნული თამაშის გამო, რომელსაც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ორასწლოვანი ისტორია აქვს, „მთელი დუნია“ შეიყარა და ტრადიციულად, რამდენიმე საათით, საქართველოს ცენტრალური ტრასა, საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალი E-60-იც გადაიკეტა.

სოფლის ცენტრში, სწორედ ამ ავტომაგიტრალზეა ის ადგილი, სადაც შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა, ერთ ფუთიან ლელობურთს ჰაერში აგდებს და ზემო და ქვემო შუხუთლებს შორის დიდი და დაუვიწყარი „რკენაი საკვირველი“ იწყება.

გადმოცემის მიხედვით, ამ მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა. მას მერე, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები და ქვემოურები არკვევენ.

2017 წლის აღდგომა დღეს, ლელობურთი სულ ნახევარი საათი გაგრძელდა, ზემოურებმა მალე იძალეს და ლელეზე ბოგირებთან პირველებმა დაამიწეს ლელო. თამაშის შემდეგ კი ბურთი, ასევე ტრადიციის მიხედვით, წელს გარდაცვლილი ზემოურის - მამუკა მშვიდობაძის საფლავზე მიიტანეს.

მამა საბა ამბობს, რომ ლელობურთით დაინტერესება ყოველწლიურად იზდება და აღდგომაზე, შუხუთში სულ უფრო მეტი მაყურებელი ჩადის

შუხუთის ლელობურთი - უფრო კუთხური თამაშია, რომელსაც საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. წესი მარტივი აქვს, თუმცა ძალიან მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. შუხუთის მაცხოვრებლები ორ ნაწილად იყოფიან და ერთმანეთს ერკინებიან ლელოს დასადებად. გამარჯვებულს ბურთი სასაფლაოზე მიაქვს, მიცვალებულის სულის პატივსაცემად“
მამა საბა, შუხუთის ეკლესიის წინამძღვარი

„ადამიანები სპეციალურად ამ თამაშზე დასასწრებად უცხოეთიდანაც კი ჩამოდიან. შუხუთის ლელობურთი - უფრო კუთხური თამაშია, რომელსაც საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. წესი მარტივი აქვს, თუმცა ძალიან მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. შუხუთის მაცხოვრებლები ორ ნაწილად იყოფიან და ერთმანეთს ერკინებიან ლელოს დასადებად. გამარჯვებულს ბურთი სასაფლაოზე მიაქვს, მიცვალებულის სულის პატივსაცემად.“

ლელოს შუხუთში წელიდადში ერთხელ, ყოველთვის აღდგომა დღეს თამაშობენ. ეს ტრადიცია გასული საუკუნის 40-იან წლებში, კომუნისტებმა დაარღვიეს და ლელობურთი 1 მაისს - მშრომელთა საერთაშორისო დღეს გადმოიტანეს.

შუხუთის ლელოს წესებით, ბურთი 16-დან 18 კილომდე შეიძლება იწონიდეს, ის საქონლის ტყავისგან იკერება , შემდეგ გრიგოლეთის სილითა და ნახერხით ივსება. უწინ მოკერვამდე, ბურთში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების - აგუნას წვენს ასხამდნენ. მოგვიანებით, ის, ალადასტურის ღვინომ ჩაანაცვლა.

ადრე, სოფლის ცენტრში თოფის გასროლისა და ლელოს აგდების პატივი უხუცეს მოთამაშეებს ჰქონდათ. ბოლო წლებში, ამ რიტუალს სოფლის მღვდელი ატარებს. ბურთი შუხუთის ეკლესიის ეზოში ივსება და თამაშის წინა ღამეს, ტაძარში საგულდაგულოდ ინახება.

ზემოურებსაც და ქვემოურებსაც სათამაშოდ რამდენიც შეუძლიათ იმდენი კაცი გამოჰყავთ. ლელობურთის არეალი შუხუთის ცენტრიდან, აქეთ-იქეთ, 400-400 მეტრს მოიცავს, რომლებსაც ღელეები კეტავენ. გამარჯვებული ის არის, ვინც ფუთიან ბურთს ღელის იქეთ გადაიტანს.

ცნობილი შუხუთელი ლელობურთელის გრიგოლ აფხაძის ოჯახის ცნობით, 1985 წლისთვის, ზემოურები ანუ ისინი, ვინც შუხუთიდან სოფელ აცანისკენ მიმავალი გზის ზემოთ ცხოვრობენ, 117-109-ს უგებდნენ ქვემოურებს. შემდეგ სტატისტიკა აირია და ზუსტი ანგარიში არავინ იცის.

2000 წლიდან კი ძალიან მძიმე თამაშში, რომელიც ზოგჯერ მობურთალთა სიკვდილითაც კი სრულდება (ბოლოს ასეთი შემთხვევა 2015 წლის ლელობურთისას მოხდა), უფრო უკეთ ისევ ზემოურები გამოიყურებიან. მათი ქაოსური გორგალი ქვემოურებზე გაცილებით მარჯვე და მოხერხებულია.

2017 წლის ლელობურთს დიდი პატივი ერგო. რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსოფლიო თასმა მოგზაურობა საქართველოში, სწორედ შუხუთიდან დაიწყო. ვეტერანი მორაგბე ნონო ანდღულაძე ამბობს

მსოფლიო თასი უკვე საქართველოშია და მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით შუხუთიდან დაიწყო, ჩვენი ისტორიული თამაშის - ლელობურთის მექადან. ძალიან გვინდოდა რომ მსოფლიო თასს მოგზაურობა დაეწყო იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი მამაპაპური რაგბი ჩაისახა“
ნონო ანდღულაძე, ვეტერანი მორაგბე

„31 მაისიდან 18 ივნისამდე საქართველო პირველად მასპინძლობს 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს. თასი უკვე საქართველოშია და მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით შუხუთიდან დაიწყო, ჩვენი ისტორიული თამაშის - ლელობურთის მექადან. ძალიან გვინდოდა რომ მსოფლიო თასს მოგზაურობა დაეწყო იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი მამაპაპური რაგბი ჩაისახა.“

შუხუთის ლელობურთის კიდევ ერთი ტრადიციაა, რომ საქართველოსთვის რთულ წლებში გურულები ლელოს თამაშს ერიდებიან. ასე იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომის წლებში; ცხინვალის, სამოქალაქო და აფხაზეთის ომების დროს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ზემოურებმა და ქვემოურებმა ლელო შუხუთის ცენტრში სიმბოლურად ააგდეს და ბურთი თბილისში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წაიღეს. გადმოცემის მიხედვით, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შუხუთში შეკერილი ლელოს ბურთი გურიის საზღვრებს გასცდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG