ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ თასი მეათედ აღმართეს


გიორგი ნემსაძე და მერაბ შარიქაძე რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასებით, გოგიტა ბუხაიძის ფოტო
გიორგი ნემსაძე და მერაბ შარიქაძე რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასებით, გოგიტა ბუხაიძის ფოტო

50 ათასი მაყურებლის თვალწინ, კვირას, „დინამო არენაზე“, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 25-16 სძლია რუმინეთს, 10 ქულით გადაასწრო 2018 წლის კონტინენტის პირველობის ცხრილში, მეათედ ასწია რაგბი ევროპის თასი და მეთერთმეტედ ქართული წარმოშობის რუმინელი წმინდანის ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება. შარშან ორივე ეს ტროფი საქართველომ სწორედ რუმინეთთან მარცხის გამო დათმო.

„ბორჯღალოსნებს“ ეროვნული ჰიმნის შესრულებისას სპეციალური თეთრი მაისურები ეცვათ, წარწერით - ტატუნაშვილი, ასე მიაგეს ქართველმა მორაგბეებმა პატივი ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, რომლის ცხედარიც ოკუპანტ რუსეთს სასოწარკვეთილი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადმოუცია.

მორაგბეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, გოგიტა ბუხაიძის ფოტო
მორაგბეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ტრადიციულად უხერხულ მეტოქეს, რომელიც რამდენიმე ნატურალიზებული ტონგელითა და ახალ ზელანდიელი მორაგბით იყო გაძლიერებული ქართველებმა სამი ლელო (ლომიძე, სიჭინავა, ასიეშვილი) დაუდეს. ძალიან ლამაზი გამოვიდა ანზორ სიჭინავას ლელო. ის ლაშა ხმალაძის ფილიგრანულად გადაკიდებულ დარტყმას მოჰყვა. ჯარიმები კვლავ ზუსტად შეასრულა სოსო მათიაშვილმა.

ფინალის ტოლი თამაში მძიმე საყურებელი გამოდგა, „მუხის ფოთლები“ ამჯერად დავჩაგრეთ შერკინებაში, თუმცა რუმინელები უკეთ გამოიყურებოდნენ ხელით თამაშში, ქართველებმა კი მაღალი კლასის გუნდისთვის შეუფერებლად ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით აუტების მოწოდებისას.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბათუმის“ მორაგბე გიორგი თხილაიშვილმა თამაშის შემდეგ ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს გადაუხადა:

რთული თამაში იყო, რუმინეთს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ რა ამოცანებიც დაგვისახა მთავარმა მწვრთნელმა, ვფიქრობ წარმატებით გადავჭერით და შარშან დროებით დაკარგული თასები დავიბრუნეთ"
გიორგი თხილაიშვილი, საქართველოს ნაკრების მორაგბე

„რთული თამაში იყო, რუმინეთს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ რა ამოცანებიც დაგვისახა მთავარმა მწვრთნელმა, ვფიქრობ წარმატებით გადავჭერით და შარშან დროებით დაკარგული თასები დავიბრუნეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ რაგბის ფანობას, ისინი ნამდვილი მე-16 მოთამაშეები არიან და ასეთი მხარდაჭერით უდიდესს სტიმულს გვაძლევენ.“

საქართველომ ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2018 წლის გათამაშებაში სლემი შეასრულა ანუ ყველა შეხვედრა მოიგო (ბელგია 47-0, გერმანია 64-0, ესპანეთი 23-10, რუსეთი 29-9, რუმინეთი 25-16), ჯამში, 26 ლელო გაიტანა და მხოლოდ ორი მიიღო, ამის მიუხედავად, წლევანდელმა სეზონმა მთლიანობაში გაორებული შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველ მორაგბეებს, რომლებიც გაურკვეველი პერსპექტივით, „უფროსი“ და „უმცროსი“ „ექვსი ერის“ შუაში არიან გაჩხერილნი, ამ დონეზე თამაშის მოტივაცია თითქოს დაკარგული ჰქონდათ.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ეროვნული ნაკრების თამაშს დაღი დაასვა თაობათა ცვლის რთულმა პროცესმაც, ისეთი ლიდერის სრულფასოვნად შეცვლა, როგორიც მამუკა გორგოძე იყო (მან სანაკრებო კარიერა ზუსტად ერთი წლის წინ დაასრულა) შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას დაემატა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმა (მიქაუტაძე, შარიქაძე, გორგაძე) და ახალბედების გამოუცდელობა, თუმცა რამდენიმე მათგანის (სიჭინავა, გაჩეჩილაძე, კვესელაძე) ქვეყნის მთავარ გუნდში დაწინაურება სამწვრთნელ შტაბს აქტივში შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზევე მოიპოვა, როცა ჯგუფში ტონგასა და ნამიბიას სძლია. ამიტომ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ერთა თასის ოთწლიან ციკლს (2016, 2017, 2018, 2019) იაპონიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს და ექსპერიმენტებსაც არ ერიდება.

მილთონ ჰეიგი - ბორჯღალოსანთა ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი
მილთონ ჰეიგი - ბორჯღალოსანთა ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი

ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიელი დამრიგებელი მილთონ ჰეიგი, რომელიც მერვე წელია საქართველოში მუშაობს ამბობს, რომ შეცდომები იყო, თუმცა მთავარი მაინც გამარჯვებაა, ქართული რაგბის კიდევ უფრო დიდი პროგრესისთვის კი აუცილებელია მსოფლიო რაგბის მამებმა დიდი „ექვსი ერის“ კარი გააღონ და ქართველებს მაღალ დონეზე რეგულარული თამაშის უფლება მისცენ:

გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში რაგბის თვალსაჩინო პროგრესს იგნორირებას ვერ გაუკეთებენ. მსოფლიო რეიტინგში ახლა მე-12 ადგილზე ვართ და ვუსწრებთ „ექვსი ერის“ მონაწილე იტალიას. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან ექვსი ერის კარი გაიხსნება“
მილთონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ჯერ კიდევ მოლაპარაკების დიდი გზაა გასავლელი რომ ეს ოცნება ახდეს. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში რაგბის თვალსაჩინო პროგრესს იგნორირებას ვერ გაუკეთებენ. მსოფლიო რეიტინგში ახლა მე-12 ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ექვსი ერის მონაწილე იტალიას. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან ეს კარი გაიხსნება.“

თბილისში მარცხისა და ორი თასის დაკარგვის მიუხედავად, მატჩის შემდეგ უზომოდ გახარებულები დარჩნენ რუმინელებიც. კვირას, ბრიუსელში პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, რუმინეთის უშუალო კონკურენტმა ესპანეთმა სენსაციურად 10-18 წააგო ბელგიასთან და „მუხის ფოთლებმა“ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის პირდაპირ მოპოვება „დინამო არენაზე“ აღნიშნეს.

ბელგია - ესპანეთის მატჩის შემდეგ კინაღამ რუმინელი მსაჯი გაილახა
ბელგია - ესპანეთის მატჩის შემდეგ კინაღამ რუმინელი მსაჯი გაილახა

ბრიუსელის მატჩი დიდი სკანდალით დასრულდა, შეხვედრის რუმინელ არბიტრს ვლად იორდაკესკუს ესპანელმა მორაგბებმა მიკერძოებულ მსაჯობაში დასდეს ბრალი და საფინალო სასტვენის შემდეგ მის საცემრად გაიწიეს, ორგანიზატორებმა მსაჯის სტადიონიდან გაყვანა მოასწრეს, თუმცა იორდაკესკუს მინიმუმ ერთი მუშტი მაინც მოხვდა, რაც მზარდი ესპანური რაგბის მომავალს კარგს არაფერს უქადის.

"რაგბი ევროპის" გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები (2018)

  1. მიხეილ ნარიაშვილი - მონპელიე საფრანგეთი
  2. ლევან ჩილაჩავა - ტულონი საფრანგეთი
  3. კოტე მიქაუტაძე - მონპელიე საფრანგეთი
  4. ვიტო კოლელიშვილი - კლერმონი საფრანგეთი
  5. გიორგი ნემსაძე - ბრისტოლი ინგლისი
  6. ანტონ ფეიქრიშვილი, კარდიფი უელსი
  7. ვასილ ლობჟანიძე - ბრივი საფრანგეთი
  8. კარლენ ასიეშვილი - ბრივი საფრანგეთი
  9. ლაშა ლომიძე - ლონდონ აირიში ინგლისი
  10. გელა აფრასიძე - მონპელიე საფრანგეთი
  11. ბადრი ალხაზაშვილი - ტულონი საფრანგეთი
  12. შალვა სუთიაშვილი - ანგულემი საფრანგეთი
  13. ნოდარ ჭეიშვილი - შონბრი საფრანგეთი
  14. გიორგი ცუცქირიძე - ორიაკი საფრანგეთი
  15. ზურაბ ჟვანია - სტად ფრანსეზი საფრანგეთი
  16. გიორგი მელიქიძე - სტად ფრანსეზი საფრანგეთი
  17. ოთარ გიორგაძე - კლერმონი საფრანგეთი
  18. თორნიკე მატარაძე - ლიონი საფრანგეთი
  19. ანზორ სიჭინავა - აკადემია თბილისი
  20. მერაბ კვირიკაშვილი - ლელო სარასენსი თბილისი
  21. გიორგი კვესელაძე - არმაზი მარნეული
  22. რევაზ ჯინჭველაშვილი - არმაზი მარნეული
  23. ლაშა ხმალაძე - ბათუმი
  24. გიორგი თხილაიშვილი - ბათუმი
  25. შალვა მამუკაშვილი - ლოკომოტივი თბილისი
  26. ბექა წიკლაური - ლოკომოტივი თბილისი
  27. სანდრო თოდუა - ლელო სარასენსი თბილისი
  28. გიორგი კოშაძე - ხარები რუსთავი
  29. გიორგი ჭყოიძე - ჯიქი გორი
  30. გურამ შენგელია - ჯიქი გორი
  31. დავით კაჭარავა - ენისეი რუსეთი
  32. სოსო მათიაშვილი - კრასნი იარი რუსეთი
  33. ლაშა მალაღურაძე კრასნი იარი რუსეთი
  34. მიხეილ გაჩეჩილაძე - ენისეი რუსეთი
  35. გიორგი ფრუიძე - კრასნი იარი რუსეთ
  36. მთავარი მწვრთნელი: მილთონ ჰეიგი ახალი ზელანდია
საქართველოს ნაკრები ჩემპიონობას ზეიმობს
საქართველოს ნაკრები ჩემპიონობას ზეიმობს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG