ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური კონვენციის მეორე დღეს, ამომრჩეველს სიტყვით მელანია ტრამპმა და მაიკ პომპეომ მიმართეს


ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კონვენციის მეორე დღეს სიტყვით გამოვიდა. მასთან ერთად საღამოს მთავარი მონაწილე იყო სახელმწიფო მდივანი და ამერიკის პირველი დიპლომატი მაიკ პომპეო.

რესპუბლიკელებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად, ორშაბათს, ყრილობის პირველ დღეს დაასახელეს. ის და მაიკ პენსი, ისევე როგორც 4 წლის წინ, კვლავ ერთად იბრძოლებენ რესპუბლიკელების სახელით თეთრი სახლისთვის.

დემოკრატებმა გააკრიტიკეს რესბუბლიკელების ყრილობის ტონი. მათ არ მოეწონათ ის, თუ როგორ უსვამდა ხაზს ტრამპის კამპანიის მრჩეველი კიმბერლი გილფოლდი იმას, რომ დემოკრატებს სურთ „ამ ქვეყნის განადგურება“.

მელანია ტრამპი ყრილობას თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან ჩაერთო. ვარდების ბაღი, მელანია ტრამპის ინიციატივით, ცოტა ხნის წინ, განახლდა. მელანია ტრამპის გამოსვლა ქალი ამომრჩევლების ხმებზე იყო გათვლილი. მან სუფრაჟისტების შესახებაც ისაუბრა. წელს ამერიკაში ქალების მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღებიდან 100 წელი გავიდა.

მელანია ტრამპმა, თავის 25-წუთიან გამოსვლაში კორონავირუსის პანდემიაზეც გაამახვილა ყურადღება და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს. ამერიკაში ბოლოს განვითარებული ორი ყველაზე დიდი მოვლენა-კორონავირუსი და რასობრივი თანასწორობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები- მისი გამოსვლის წამყვანი თემები იყო. პირველმა ლედიმ პოლიციის მხიდან ძალის გადაჭარბებაზე და შავკანიანების უფლებებზე გაამახვილა ყურადღება.

მელანია ტრამპმა თავი შეიკავა მეუღლის პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისგან. თუმცა, მედია გააკრიტიკა "ჭორების" და "ყალბი სათაურების" გამო.

მაიკ პომპეო ყრილობას იერუსალიმიდან ჩაერთო, სადაც ახლა ის ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

"ეროვნული მთავრობის კონსტიტუციური, მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს, რომ თქვენი და ჩემი ოჯახები უსაფრთხოდ არიან და თავისუფლად ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ და მისდევენ იმ ღვთისმსახურებას, რომელიც აირჩიეს", თქვა პომპეომ. "ამ მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი უსაფრთხოდ ყოფნისა და ჩვენი თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მნიშნელოვანი ინიციატივები განახორციელა მსოფლიოს თითქმის, ყველა კუთხეში", დაამატა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ პომპეოს ვიდეო მამართვის გამო მის წინააღმდეგ გამოძების დაწყებაც მოითხოვა. მისი თქმით, ძალიან უჩვეულო და უპრეცედენტოა, როდესაც მოქმედი სახელმწიფო მდივანი რომელიმე პარტიიდან პარტიის ყრილობაზე გამოდის და პარტიულ საქმიანობაშია ჩართული.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, პარტიების დაფინანსება, ან საკუთარი თანამდებობის გამოყენება ვინმეს პოლიტიკური ინტერესებისთვის.

რესპუბლიკური პარტიის კონვენცია კიდევ 2 დღეს გაგრძელდება და 27 აგვისტოს დასრულდება. ყრილობის ბოლო დღეს სიტყვით ამომრჩეველს მიმართავენ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG