ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მრჩეველი კელიან კონვეი თანამდებობას ტოვებს


დონალდ ტრამპის მრჩეველი კელიან კონვეი თანამდებობას ტოვებს. მიზეზად მან ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა დაასახელა.

53 წლის კონვეი, ტრამპის მხარდამჭერი და თანამებრძოლი იყო პირველივე დღეებიდან. 2016 წელს ის იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მმართველიც. გასული ოთხი წლის განმავლობაში, ის გამუდმებით იცავდა პრეზიდენტსა და მის გადაწყვეტილებებს.

ამავე დროს კი, მისი მეუღლე, ვაშინგტონში ცნობილი ადვოკატი ჯორჯ კონვეი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსია და ის იმაზეც ხმამაღლა საუბრობს, რომ მისი აზრით, ტრამპის მენტალური მდგომარეობა არ შეესაბამება პრეზიდენტის თანამდებობას. კონვეი თეთრ სახლს თვის ბოლოს დატოვებს. მისი თქმით, გარკვეული ცვლილებები იქნება მეუღლის კარიერაშიც და მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი შვილები არიან და სწორედ მათ დაუთმობენ მეტ ყურადღებას.


ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, კელიან კონვეის 15 წლის ქალიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის განადგურებულია იმით, რომ დედამისი რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. გოგონა ამბობს, რომ ბავშვობის ტრავმებისა და შევიწროვებისგან გასათავისუფლებლად სამართლებრივი დახმარების მიღება სურს.

დროებით საქმიანობისგან ჩამოშორების შესახებ განცხადება გააკეთა მისმა მეუღლემაც. ჯორჯ კონვეი, რომელსაც დონალდ ტრამპი "ჯოჯოხეთიდან მოვლენილ ქმრად" მოიხსენიებდა, დროებით არ მიიღებს მონაწილეობას "ლინკოლნის პროექტში", - რომელიც მისივე დაარსებული, პრეზიდენტის საწინააღმდეგო პროექტია.

კელიან კონვეის მედიაში ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც ცნობილი ფრაზის - "ალტერნატიული ფაქტების" ავტორს. მან ეს ფრაზა პირველად მაშინ გამოიყენა, როდესაც პრეზიდენტების ტრამპისა და ობამას ინაუგურაციის დღეს შეკრებილი ხალხის რაოდენობას ერთმანეთს ადარებდნენ. ის სწორედ ჟურნალისტებთან კამათითა და საუბრის თემის შეცვლით იყო ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG