ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მედიის წინააღმდეგ


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში აგრესიის გაღვივებაში ბრალი მედიას დადო. პრეზიდენტის განცხადება სინაგოგაში მომხდარ მასობრივ მკლელობას ეხება და ტრამპის კრიტიკოსებისადმი გაგზავნილ ასაფეთქებელი მოწყობილობების სერიას მოჰყვა.

პრეზიდენტის ოპონენტები მას ბრალს სდებენ ამერიკის მოსახლეობაში განხეთქილების გაღვივებაში, რასაც მისი ოპონენტების თქმით, ტრამპის რიტორიკა განაპირობებს, რომელიც დემოკრატების, არალეგალური იმიგრანტების და სხვა კრიტიკოსებისკენ არის მიმართული.

პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერზე” მედიის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა: “ჩვენ ქვეყანაში დიდი აგრესიაა დაგროვებული, რაც ნაწილობრივ არასწორად ან მცდარად გაშუქებული ახალი ამბებით არის გამოწვეული. ყალბი ამბების გამარვცელებელი მედია ხალხის ნამდვილი მტერია. მათ უნდა შეწყვიტონ ღია და პირდაპირი მტრობა და ახალი ამბები სწორად და სამართლიანად გააშუქონ. ეს აგრესიას და სიბრაზეს დაასრულებს, და ჩვენ შევძლებთ ყველა მხარის გაერთიანებას მშვიდობასა და ჰარმონიაში. ყალბი ახალი ამბები უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ტრამპმა.

​კვირა საღამოს კი პრეზიდენტმა თქვა, რომ: “ყალბი მედია ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, რათა ბრალი რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს, და მე დამდონ იმ განხეთქილებასა და სიძულვილში, რასაც უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვხედავთ. რეალურად, ეს ყალბი და არაკეთილსინდისიერი გაშუქების ბრალია, რაც უფრო დიდ პრობლემებს იწვევს, ვიდრე ისინი ფიქრობენ”, - თქვა ტრამპმა.

​ტრამპმა დაგმო შაბათს პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარი მასობრივი მკლელობა, რომლის შედეგადად 11 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. მან განაცხადა, რომ “ეს ბოროტი ანტი-სემიტური თავდასხმა კაცობრიობის წინააღმდეგ იერიშია. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, რათა ანტისემიტიზმის საწამლავი მსოფლიოში ავლაგმოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სიძულვილის დასამარცხებლად”, - თქვა მან.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც წამყვან დემოკრატებს ამანათებით ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს, ზოგიერთმა კონსერვატორმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ეს ტრამპის მემარცხენე ოპონენტებმა თვალის ასახვევად ჩაიდინეს, რათა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ უპირატესობა მოეპოვებინათ.

თუმცა პარასკევს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის მხარდამჭერი დააკავა და მას ბრალად დასდო ყოფილი პრეზიდენტისთვის ბარაკ ობამასთვის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯო ბაიდენისთვის (2020 წელს ტრამპის შესაძლო ოპონენტი) და 2016 წელს ტრამპის ოპონენტის ჰილარი კლინტონისადმი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნა. მოწყობილობები ასევე ობამას ადმინისტრაციაში ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ყოფილ ოფიციალურ პირებისაც გაუგზავნეს. ეჭვმიტანილი ფურგონში ცხოვრობდა, რომლის ფანჯრებზეც ტრამპის პოსტერები და სამიზნე ნიშნებით დაფარული წამყვანი დემოკრატების სურათები იყო განთავსებული.

ტრამპმა შეაქო სამართალდამცავები ეჭვმიტანილის დაკავებისთვის და განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალადობა არასდროს არ უნდა იქნას დაშვებული.

მას შემდეგ, რაც 56 წლის ცეზარ საიოკი დააკავეს, ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე მედია გააკრიტიკა.

“ჩვენ ვიხილეთ მედიის მცდელობა ბოლო საათებში, რათა ერთი პირის მიერ ჩადელი საშინელი ქმედება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ ჩემსა და რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ. მედიის მხრიდან განგრძობითი უსამართლო გაშუქება, ღრმა მტრობა და ნეგატიური თავდასხმები ხალხს ერთმანეთს მხოლოდ აშორებს და ჯანსაღ დებატებს ძირს უთხრის”, - თქვა მან.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ბომბების ამანათით გაგზავნის საფრთხე გახდა ცნობილი, ტრამპის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებმა დემოკრატიული პარტიიდან კონგრესში, სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ მას ბრალი დასდეს დაპირისპირების გაღვივებაში. მათი თქმით, ტრამპის სხვა განცხადებების გათვალისწინებით პრეზიდენტის მიერ ამანათების შემთხვევის დაგმობა “არადამაჯერებელია”.

“უკვე მერამდენედ, პრეზიდენტი გაგებით მოეკიდა ძალადობას და ამერიკელები ერთმანეთს მისი სიტყვებით და საქციელით დაუპირისპირა”, - განაცხადეს კონგესმენებმა. “[პრეზიდენტმა] გამოხატა რა მხარდაჭერა იმ კონგრესმენის მიმართ, რომელმაც ჟურნალისტი ფიზიკურად შეურაცხყო, აგრეთვე ნეო-ნაცისტების მიმართ, რომლებმაც შარლოტსვილში ახალგაზრდა გოგო მოკლეს, ასევე მისი მხარდამჭერების მიმართ აქციებზე, რომლებიც ძალადობენ დემონსტრანტებზე და დიქტატორების მიმართ მსოფლიოს გარშემო, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას კლავენ, ის დამოუკიდებელ მედიას ხალხის მტრად მოიხსენიებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონვეიმ უარყო მოსაზრება, რომ ტრამპის რიტორიკა დაპირისპირებას აღვივებს. მან CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ “ თუ ნახავთ მის [ტრამპის] განცხადებებს თითოეული ტრაგედიის, ან თუნდაც ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა, მისი სიტყვები ძალზედ მგრძნობიარე და დამაიმედებელია. ისინი შეგნებულად ზეპარტიულია. პრეზიდენტი ქვეყნის ტკივილის შემსუბუქებას ცდილობს”, - თქვა მან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG