ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მაშველები მაღაროდან ცხედრების ამოტანას აგრძელებენ


ოფიციალური პირების ცნობით, ციმბირის რეგიონ კემეროვოში, 25 ნოემბერს მომხდარი მაღაროს აფეთქების დროს დაღუპული ხუთი მაღაროელის ცხედარი იპოვეს.

რეგიონულმა მთავრობამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მაშველთა ერთი ჯგუფი ჯერ კიდევ მაღაროში იმყოფება, წყალს ტუმბავს და ნახშირჟანგის დონის სტაბილიზებას ახდენს.

გავრცელებული ცნობებით, ცხედრები 365 მეტრის სიღრმეში იპოვეს და მაშველებს იქ მისაღწევად 4.5 კილომერის გავლა მოუხდათ. ამ დრომდე მიმდინარეობს 32 ადამიანის ძებნა. სავარაუდოდ, ისინიც დაღუპნენ.

უბედური შემთხვევის დროს სულ 51 ადამიანი, მათ შორის, ხუთი მაშველი დაიღუპა. სამოცი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 239 მაღაროელის ევაკუაცია კი წარმატებით დასრულდა.

27 ნოემბერს, მაღაროელთა ჯგუფმა ჟუნალისტებს უთხრა, რომ მაღაროში მეთანის დონის გასაზომად მუდმივად აძლევდნენ გამზომ ხელსაწყოებს, რომლებიც ისე იყო გადაკეთებული, რომ ნაკლებ დონეს აჩვენებდა და მიუხედავად ამისა, აგვისტოში და ამ თვის დასაწყისში, ხელსაწყოებმა მეთანის მომეტებული დონე აღნიშნა. მაღაროელებმა წარმოადგინეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც დარღვევებს აჩვენებდა.

მაღაროელებმა ასევე თქვეს, რომ აფეთქებიდან 90 წუთის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების მანქანები და მაშველები ადგილზე არ მისულან და მიწისქვეშ მყოფ ადამიანებს მხოლოდ სხვა მაღაროელები ეხმარებოდნენ.

უსაფრთხოების წესების დარღვევების და კრიმინალური გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის ორი საქმე გაიხსნა. ხუთი ადამიანი, მაღაროს დირექტორი, მისი მოადგილე, ობიექტის უშუალო ზედამხედველი და ორი სახელმწიფო ინსპექტორი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG