ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ახალი სახეები


ბევრი მათგანი აპირებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

ეს ადამიანები რესპუბლიკური პარტიის ახალი სახეები არიან და ორი წლის შემდეგ ბევრი მათგანი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მათ შორის არის კენტუკელი სენატორი რენდ პოლი, რომელიც პრეზიდენტ ობამას მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა და ცოტა ხნის წინ, კონსერვატიული აქტივისტების კონფერენციაზე, საცდელ არჩევნებში გაიმარჯვა.

მოსალოდნელია, რომ სენატორ პოლს საკმარისი კონკურენტები ეყოლება კოლეგა სენატორის, ტეხასელი ტედ კრუზის ჩათვლით.

„ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტებში კრუზი და პოლი პოპულარობით სარგებლობენ. ეს ძალა რესპუბლიკური პარტიის შიგნით 2010 წლის შემდეგ არის, როცა რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში მმართველი უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა.

ალიასკის ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პალინი, რესპუბლიკელ ლიდერებს დაჟინებით ურჩევს „ჩაის სმის“ მოძრაობა არსებულ მოცემულობად არ ჩათვალონ.

„იცით რომ 2010 წლის გამარჯვებამ მიგიყვანათ ხელისუფლებაში? ეს თქვენი დამსახურება არ იყო, ეს „ჩაის სმის“ მოძრაობამ გააკეთა!“

ვაშინგტონის „პიუს კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენელი კეროლ დოჰერტი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებული დაყოფა, კონგრესის ამ წლის შუალედურ არჩევნებში იჩენს თავს.

„რესპუბლიკური პარტია დიდ გაურკვევლობაშია და იქ ცოტაოდენი დაყოფაც შეინიშნება. ისინი, ცოტა არ იყოს, ისეთი პოზიციიდან ცდილობენ საკუთარი გზის მოძებნას, როგორშიც ხშირად ხელისუფლების გარეთ მყოფი პარტიები არიან ხოლმე. წარსულში ასეთ სიტუაციაში დემოკრატები იყვნენ.“

ზოგიერთი რესპუბლიკელი ამ უთანხმოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მათ შორისაა 2012 წლის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, კონგრესმენი ვისკონსინიდან პოლ რაიანი.

„ეს არის, „ჩაის სმის“ მოძრაობა ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ, ლიბერტარიანელები სოციალური კონსერვატორების წინააღმდეგ. არის შიდა ბრძოლა, კონფლიქტი, ზურგში კბენა, უთანხმოება. იცით რა? მე ირლანდიელი ვარ. მე ამას, როგორც ოჯახის კვლავ გაერთიანებას, ისე ვხედავ.“

რაიანი 2016 წელს შესაძლო საპრეზიდენტო პრეტენდენტია. ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტიც ასეთივე პრეტენდენტია.

„თუ არ გავიმარჯვებთ , ვერ ვმართავთ. მხოლოდ ის კი არ იქნება ცუდი, რომ ვერ ვმართავთ, ყალიბს ვერ შევქმნით და ჩვენს საზოგადოებას ვერ შევცვლით. უფრო უარესი ის არის, რომ ისინი ჩვენ ამას უკვე გვიკეთებენ.“

დოჰერტი ამბობს, რომ გამოკვეთილი რესპუბლიკელი ლიდერის არყოლა ათწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო იქნება. ტახტის მემკვიდრე არ არსებობს, როგორც რესპუბლიკელთა კამპანიებში ადრე ხშირად ხდებოდა ხოლმე, ასე, რომ ეს ღია კამპანია იქნება.“

დემოკრატების შემთხვევაში სულ სხვა სურათია. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არჩევნებში მონაწილეობას თუ გადაწყვეტს, ის ძლიერ ფავორიტად რჩება.
XS
SM
MD
LG