ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩაის სმის“ მოძრაობამ 5 წლის იუბილე აღნიშნა


პარტიის მხარდამჭერები თეთრ სახლში მათი წარმომადგენლის მოხვედრაზე ოცნებობენ

„ჩაის სმის“ მოძრაობის ხუთი წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაზე, მინესოტის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მიშელ ბაჰმანმა პატივისცემა გამოხატა ადგილობრივი აქტივისტების მიმართ, რომლებიც 2009 წლიდან ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდმივად იყვნენ წარმოდგენილნი.

„იმიტომ, რომ რაც თქვენ ამერიკისთვის გააკეთეთ იყო შესანიშნავი, ის იყო ამ ქვეყნის სასიცოცხლო ძალის წყაროს სრულიად განახლება.“

„ჩაის სმის“ მოძრაობის უდიდესი გამარჯვება 2010 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებში აღინიშნა, როცა ამ მოძრაობის მხარდამჭერები რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის კვლავ მოპოვებაში დაეხმარნენ.

„ჩაის სმის“ მოძრაობა პოლიტიკური პარტია არ არის, ის ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფების ფართო სპექტრს მოიცავს. ზოგიერთმა მათგანმა დაფინანსების მოპოვების მძლავრ ორგანიზებებში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ამ მოძრაობის მხარდამჭერები თეთრ სახლში ოდესმე მათი წარმომადგენლის მოხვედრაზე ოცნებობენ. ბევრი მათგანი ყველაზე რეალურ კანდიდატად ტეხასის რესპუბლიკელ წარმომადგენელ ტედ კრუზს თვლის, რომელიც „ჩაის სმის“ მოძრაობის მხარდაჭერით 2012 წელს იქნა არჩეული.

„ჩაის სმის“ მოძრაობის ბოლო კონფერენციაზე ტედ კრუზმა ამ მოძრაობის იდეალებზე ისაუბრა.

„ყველაზე მთავარია თავისუფლება, თავისუფალი ბაზრის პრინციპები, შეზღუდული მთავრობა, არ გავაკოტროთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ის, რომ დავუბრუნდეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პრინციპებს.“

მაგრამ გასულ ოქტომბერში, ფედერალური მთავრობის დახურვის შედეგად, „ჩაის სმის“ მოძრაობამ პოლიტიკური დარტყმა მიიღო. ჩიხში შესვლის გამო საზოგადოებამ რესპუბლიკელები დემოკრატებზე მეტად დაადანაშაულა და ბევრმა რესპუბლიკელმა ლიდერმა „ჩაის სმის“ მოძრაობის ჯგუფები „უკომპრომისო“ პოზიციის გამო გააკრიტიკა, რამაც თავის მხრივ მთავრობის დახურვა გამოიწვია.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი იმ კარგად დაფინანსებული კონსერვატიული ჯგუფების მიმართ კრიტიკით გამოვიდა, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ არასაკმარის კონსერვატიულობაში შემჩნეულ რესპუბლიკელ კონგრესმენებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

„მე გარკვევით განვაცხადე, რომ დიდ პატივს ვცემ „ჩაის სმის“ მოძრაობას და იმ ენერგიას, რაც მათ საარჩევნო პროცესში შემოიტანეს. მე „ჩაის სმის“ მოძრაობას არ ვსაყვედურობ. მე ვაშინგტონის იმ ზოგიერთ ორგანიზაციებს ვსაყვედურობ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩემზე და სხვებზე თავდასხმებით უნდა მოიპოვონ დაფინანსება.“

დემოკრატებს „ჩაის სმის“ მოძრაობაზე, რაღა თქმა უნდა, სრულიად სხვა შეხედულება აქვთ. სენატის დემოკრატი ლიდერი ნევადიდან, ჰარი რიდი ჩივის, რომ პოლიტიკურ ჩიხში შესვლის მთავარი მიზეზი, რესპუბლიკურ პარტიაზე „ჩაის სმის“ მოძრაობის გავლენაა.

„ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ნებისმიერი ფორმის მთავრობას, იქნება ეს ადგილობრივი, შტატის თუ ფედერალური მთავრობა. ეს მათი ბუნებაა.“

2014 წელი „ჩაის სმის“ მოძრაობისთვის გადამწყვეტი იქნება. „ჩაის სმის“ მოძრაობის მომხრეები, ნოემბრის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ძლიერი წარმოჩენის მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ. ამ არჩევნებში, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შენარჩუნებას და სენატის გასაკონტროლებლად საჭირო საკმარისი ადგილების მოპოვებას იმედოვნებს.

ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკური მკვლევარი სტივენ ჰესი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით გახლეჩვა „ჩაის სმის“ მომხრეებსა და მის კრიტიკოსებს შორის, 2014 წელს ფაქტორად მოგვევლინება.

„როგორც სჩანს, წარსულთან შედარებით არც თუ ისე ძლიერი დაყოფაა, მაგრამ ის ნამდვილად სახეზეა და გარკვეულწილად ყოველთვის იქნება. ჩვენი პარტიები მონოლითურები არ არიან.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2010 და 2012 წლებში, „ჩაის სმის“ მოძრაობის მიერ წამოყენებულმა, უკიდურესად მემარჯვენე სენატის რესპუბლიკელმა კანდიდატებმა, რესპუბლიკელთა იმედებს - სენატში უმრავლესობა მოეპოვებინათ - ზიანი მიაყენეს.

რესპუბლიკელი სტრატეგოსი ფორდ ოკონელი ამბობს, რომ წელს პარტიის ლიდერები ამ პრობლემის თავიდან აცილებას იმედოვნებენ.

„“ჩაის სმის“ მოძრაობისთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ის არის, რომ მათ როგორც ექსტრემისტებს ისე აღიქვამენ. დემოკრატები ზუსტად ასე შეძლებენ გააგრძელონ „ჩაის სმის“ მოძრაობის კანდიდატების დამარცხება იმიტომ, რომ ამერიკელი ხალხის მიერ „ჩაის სმის“ მოძრაობა, ზოგადად უარყოფით მოვლენად აღიქმება.“

მოსალოდნელია, რომ „ჩაის სმის“ ფრთასა და ტრადიციულ რესპუბლიკელთა შორის არსებულმა ბზარმა ორი წლის შემდეგ იჩენოს თავი, როცა რესპუბლიკელ კანდიდატთა დიდი ჯგუფი, „ჩაის სმის“ მოძრაობის ფავორიტთა ჩათვლით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის დასახელებისთვის დაწყებულ ბრძოლაში ჩაებმება.
XS
SM
MD
LG