გასულ ოქტომბერს აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოსახლეობაში საკმაოდ არაპოპულარული პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც უმეტესწილად რესპუბლიკურ პარტიას დაბრალდა. ახლა პარტიის ლიდერები ცდილობენ ტაქტიკის შეცვლას და თანაპარტიელებს ნაკლებ კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ.
„ჩაის სმის პარტია“ გასულ ოქტომბერს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
დემონსტრანტები თეთრი სახლის წინ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დახურვის გამო, რომელიც მთავრობის დახურვას უკავშირდებოდა.
ძირითადი ბრალდებები გაისმა რესპუბლიკურ პარტიის მისამართით, რამაც გააღრმავა უთანხმოება „ჩაის სმის“ პარტიის ფრაქციის შიგნით, რომლის ლიდერიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერია.
„მართალი რომ ვთქვათ, ადგილი აქვს მათი მიმდევრების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, ჩვენს წევრებს უბიძგებენ ისეთ პოზიციებზე ყოფნას, რაც მათ არ სურთ. ვფიქრობ მათ სრულიად დაკარგეს ნდობა.“
კიდევ ერთი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და კონსერვატიული ფრთის გვერდის ავლით, ჯონ ბეინერმა დემოკრატებთან ერთად მიიღო კანონი სახელმწიფო ვალის ზღვარის გაზრდის თაობაზე.
თუმცა რესპუბლიკელები, რომლებიც ჩაის სმის პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ, არ აპირებენ ფარ-ხმალის დაყრას. მათ შორისაა მისურის შტატის წარმოამდგენელი ვიკი ჰარცლერი:
„ჩვენ იმისთვის აგვირჩიეს, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან. დღეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უნდა გადაიდგას სწორი ნაბიჯები და შემცირდეს ვაშინგტონის მიერ თანხების უკონტროლო ხარჯვა.“
ისეთ საკითხზე, როგორიცაა ემიგრაცია, რესპუბლიკურ პარტიას საკმარისი რესეურსები აქვს, რათა დაბლოკოს ნებისმიერი რეფორმა, აცხადებს კონგრესმენი ნიუ იორკის შტატიდან პიტერ კინგი:
„მე ვფიქრობ, რესპუბლიკურმა პარტიამ სწორედაც რომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. მაგრამ, როდესაც ოლქების მიხედვით ჩავუყვებით ამ საკითხს, რესპუბლიკელთა უმრავლესობის მოპოვება რთული ხდება.“
პარტიის შიგნით არსებული განხეთქილება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის საერთო ენის გამონახვას ართულებს, აცხადებს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი:
„ვისურვებდი, რომ რესპუბლიკური პარტია ქმედითუნარიანი იყოს. ასევე ვისურვებდი, რომ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვისთანაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმართვა, კომპრომისზე წასვლა და შედეგის მიღება.“
ამ ეტეპზე „ჩაის სმის პარტია“ კარგავს პოპულარობას, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა უმჯობესდება, აცხადებს ეკონომისტი სტივენ ჰესი ბრუკინგის ინსტიტუტიდან:
„ჩაის სმის პარტიის მომავალი დიდადაა დამოკიდებული ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც უფრო სტაბილური იქნება ეკონომიკა, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაინტერესდება პოლიტიკით. ყველა თავის საქმეს მიხედავს.“
პარტიის შიგნით ასევე მიდის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ მიიღებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის ნომინაციას. პოლიტიკური ექსპერტის ალან ლიჰთამანის განცხადებით:
„ბრძოლა რესპუბლიკური პარტიის შიგნით მძვინვარებს.მემარჯვენე ფრთის ზოგიერთი წარმომადგენელი მოხარულიც კი იყო, როდესაც რეპუბლიკური პარტიის წევრს, ნიუ ჯერსის გუბერნატორს და სავარაუდო კანდიდატს კრის კრისტის გარკვეული პრობლემები შეექმნა სამართალდამცავებთან.“
დემოკრატები თავის მხრივ ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ მოწინააღმდეგის ბანაკში არსებული განხეთქილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კონგრესში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. თუმცა, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ობამას პოპულარობის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა და ექსპერტთა ნაწილის აზრით, რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ უმრავლესობას კონგრესში და ასევე საკმაოდ კარგი შანსები აქვთ სენატში გამარჯვებისთვის.