ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი:კავკასიაში ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყო


საერთაშორისო სავალუტო ფონდი:კავკასიაში ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ფინანსური სექტორის გაუმჯობესებას ეხება.

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულმა შუა აზიისა და კავკასიის კვლევათა ცენტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ჩაატარა ფორუმი სახელწოდებით „ეკონომიკური გამოცოცხლება და რისკი: კავკასიისა და შუა აზიის ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი დაკვირვებებისა და რეკომენდაციების კონტექსტში.“

ფორუმი მიეძღვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის“ გამოცემას, რომელიც ყოველ ექვს თვეში ქვეყნდება. ფორუმზე ანგარიშის მთავარი დასკვნების მიმოხილვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი დევიდ ოუენი გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ოუენმა აღნიშნა, რომ ზოგადად კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები რეგიონის სახელმწიფოების მთავრობებისთვის ძირითადად ფისკალური კონსოლიდაციის აუცილებლობასა და ფინანსური სექტორის გაჯანსაღებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფონდი კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს ყოფს ენერგომატარებლების იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებად. ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებში საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი შედის, ხოლო ექსპორტიორი ქვეყნების კატეგორია აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს.

„ეკონომიკური გამოცოცხლება რუსეთში რეგიონზე დადებით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებში. ეს როგორც სავაჭრო ბრუნვის გააქტიურებაში ისე ფულადი გადარიცხვების ზრდაში გამოიხატება,“ აღნიშნა ოეუნმა.

ოუენის თქმით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის ზრდამ სომხეთში 30 პროცენტს მიაღწია, ხოლო ყაზახეთში 65 პროცენტს. რაც შეეხება ფულად გადარიცხვებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთში ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყო და ეკონომიკური ზრდის ტემპმა იქ წელს 4 პროცენტს მიაღწია. შედეგად რუსეთიდან კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში ფულადი გარადიცხვების ნაკადი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის რვა ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 5.7 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ გამოცოცხლებას წარმოადგენს. ფონდის გამოანგარიშებით ეკონომიკური გამოცოცხლება უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება ენერგომატარებლების ექსპორტიორ ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6 პროცენტს გადააჭარბებს. მაგალითად აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის ტემპტი 4.5 პროცენტს მიაღწევს, ყაზახეთში 5.5 პროცენს, უზბეკეთში 8 პროცენტს და თურქმენეთში კი 9.5 პროცენტს.

„რაც შეეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიორ ქვეყნებს, სომხეთსა და საქართველოში ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნება გასულ წელთან შედარებით, როცა ორივე ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნეგატიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. წელს ჩვენი პროგნოზის თანახმად ამ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ტემპი 4-დან 5.5 პროცენტს მიაღწევს,“ აღნიშნა ოუენმა.

ფორუმის შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ბატონ ოუენს კომენტარი სთხოვა კავკასიის რეგიონში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

„რეგიონში დადებითი ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნება. ზოგადად კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 4-დან 5 პროცენტს მიაღწევს და მომავალ წელს ეს მაჩვენებელი ალბათ იმავე ფარგლებში დაფიქსირდება. თუ ჩვენ საქართველოსა და სომხეთის გასული წლის მაჩვენებლებს გავიხსენებთ, უდავოა, რომ სახეზეა მკვეთრი ეკონომიკური გამოცოცხლება. გასულ წელს ხომ საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, არაფერი რომ არ ვთქვათ სომხეთის ეკონომიკაზე, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა. საქართველოსა და სომხეთში გარე დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 12-14 პროცენტს შეადგენს. ამდენად ამ ქვეყნების მთავრობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დეფიციტის შემცირება წარმოადგენს. საქართველოში 2009 წელს დეფიციტმა პიკს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 9-10 პროცენტს უდრიდა. წელს კი ეს მაჩვენებლი 6-7 პროცენტამდე შემცირდა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4-4.5 პროცენტს შეადგენს, რაც ფისკალური კონსოლიდაციის საკმაოდ სწრაფი ტემპის მანიშნებელია,“ დასძინა ოუენმა.

XS
SM
MD
LG