ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტი: რუსეთი, აღმოსავლეთ უკრაინაში, შენიღბულად მოქმედებს


ლუგანსკი, 24 აპრილი, 2014
დასავლეთში, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან საბრძოლო მზადყოფნაშია და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მხოლოდ ბრძანებას ელის უკრაინაში შესასვლელად.

ამერიკის ომის კოლეჯის დაზვერვის სპეციალისტი ჯონ შინდლერი კი ამბობს, რომ საბრძოლო კონფლიქტი უკვე დაწყებულია. ის ამ კონფლიქტს „განსაკუთრებულ ომს“ უწოდებს.

„ეს ძალის გამოყენების ფარული სტრატეგიაა - ჯაშუშობა, დაშინება, ტერორიზმიც კი. ეს ისე ცხადად არ ჩანს, როგორც სამხედრო ძალის გამოყენება გამოჩნდებოდა. რუსები უკრაინაში სწორედ ამას აკეთებენ. იგივე გააკეთეს ყირიმშიც. საქართველოში, 2008 წლის ომამდეც ზუსტად იგივე მეთოდები გამოიყენეს, რასაც ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.“

ვიდრე პუტინი ყირიმის ანექსიას მოახდენდა, პრო-რუსი ადგილობრივი შეიარაღებული ძალები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ და მოსკოვის დახმარება მოითხოვეს. რუსეთის ოფიციალური პირები შეიარაღებულ დაჯგუფებებთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევის ცენტრის დირექტორი კიერ გილსი ამბობს, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ანექსიამდე იმყოფებოდნენ. ეს ეჭვი იმის მიუხედავად გაჩნდა, რომ რუსეთი ყველანაირად ეცადა ანონიმურობა შეენარჩუნებინა. გილსი ამბობს:

„მათ დანაყოფების ამოსაცნობი სამკლავე და სხვა სახის ნიშნები მოიხსნეს. თუმცა, ეს არც ისე საგულდაგულოდ გააკეთეს. ზოგიერთ მათგანს ისევ ეწერა სახელი ჯავშან-ჟილეტებზე. სოციალურ ქსელებში მათზე კვლევის ჩატარებით რთული დასადგენი არ იყო, თუ რომელ დანაყოფებს ეკუთვნოდა თითოეული მათგანი. ისინი ყირიმისკენ თებერვალში გაერმართნენ.“

ახლა ყირიმი რუსეთის ხელშია და ყურადღება მთლიანად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზეა გადატანილი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანია.

რუსეთის ოფიციალური პირები კი ისევ უარყოფენ რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე არსებობას. გილსი ამბობს, რომ არც ამ შემთხვევაში არსებობს რაიმე ეჭვი:

„რუსეთის ძალები უკრაინის აღმოსავლეთში უფრო მეტ სიფრხილეს იჩენენ, ვიდრე ამას ყირიმში აკეთებდნენ, რომ საკუთარი თავი არ გამოამჟღავნონ. ისინი ცდილობენ თავი მოუწესრიგებლად წარმოაჩინონ და დაფარონ ის, რომ კარგად არიან გაწვრთნილი. ადგილობრივ დანაყოფებთანაც უკეთესად ურთიერთობენ, ვიდრე ყირიმში, სადაც ადვილად იყო გასარჩევი თუ ვინ იყო რუსეთის ჯარისკაცი და ვინ ადგილობრივი შიარაღებული დანაყოფების წარმომადგენელი.“

ჯონ შნაიდერი ამბობს, რომ რუსეთის ძალები უკრაინაში უკვე რამდენიმე ხანია იმყოფებიან:

„როგორც სამხრეთ, ისევე აღმოსავლეთ უკრაინაში, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფები და სპეც-დანიშნულების რაზმები რეიდებს ატარებენ. ზოგიერთი მათგანი ოდესაშიც კი იქნა დაკავებული. ეს ჯგუფები შედარებით მცირე ზომისაა - 10, 20, 30 ადამიანისგან შედგება. ისინი ადგილობრივ მხარდამჭერებს ეძებენ, ადამიანებს ურიგებენ იარაღს, ფულს. მათ საკუთარი საქმე ძალიან კარგად იციან და მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე დიდი ხანია ატარებენ.“

შნაიდერი და გილსი ამბობენ, რომ არსებობს იმის სამხილი, რომ სპეც-დანიშნულების დანაყოფები, რომლებიც ყირიმში იყვნენ გაგზავნილი, ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში არიან.

შნაიდერის აზრით, პუტინის მმართველობის განმავლობაში, რუსეთმა ფარული ოპერაციების რაოდენობა გაზარდა:

„პუტინმა შექმნა სახელმწიფო, სადაც სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც მისი ძალაუფლების მთავარი საყრდენია, უკიდურესად გავლენიან, გადაწყვეტილების მიმღებ და სრატეგიის შემმუშავებელ სამსახურებად ჩამოყალიბდა. ამ ფორმით დაზვერვა არც ერთ დასავლურ სახელმწიფოს აქვს.“

შნაიდერის აზრით, თუ ვინმეს ეს კონცეფცია არ ესმის, მაშინ ის ვერც იმას გაიგებს, თუ როგორ მუშაობს მოსკოვი და კრემლი დღეს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG