ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ოლანდთან უკრაინის თემაზე ისაუბრებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ კვირას პარიზში გაემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან უკრაინის თემას განიხილავს. ეს ოლანდთან მისი პირველი შეხვედრა იქნება უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ.

პუტინის ერთ-ერთი თანაშემწის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არ არის დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. ამერიკის, ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები პარიზში იქნებიან პუტინის ვიზიტის დროს და მათი არაოფიციალური შეხვედრა გამორიცხული არ არის.

ამ ფონზე რუსეთმა, უკრაინის მთავრობას ქვეყნის აღმოსავლეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და „მშვიდობიანი დიალოგისკენ“ მოუწოდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე ძალადობის გამო და კიევს მოუწოდაგამოიყენოს „ექსკლუზიურად მშვიდობიანი მეთოდები“ ქვეყნის აღმოსავლეთზე კონტროლის დასაბრუნებლად.

გაეროს წარმომადგენელმა გენერალური მდივნის განცხადება ორშაბათს დონეცკის აეროპორტთან გამართულ ბრძოლას დაუკავშირა. აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის პრო-რუსული სეპარატისტები და უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე საათი იბრძოდნენ. შედეგად დაიღუპა დაახლოებით 50 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა სეპარატისტები იყვნენ.
XS
SM
MD
LG