ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიშნევსკი: რუსული მედიისგან ვერ გაიგებ ამერიკაა მტერი თუ ისლამური სახელმწიფო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

პარიზში მომხდარი თავდასხმების შემდეგ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა საბოლოოდ აღიარეს ის, რასაც დასავლეთში ექსპერტები დიდი ხანია ეჭვობდნენ, კერძოდ კი ის, რომ სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერორისტული აქტი იყო. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.

სატელევიზიო ეთერში გადაცემულ შეხვედრაზე, კრემლში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდერ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავი “უცხოური ასაფეთქებელი ნივთიერებებით” განადგურდა.

რუსულ არხებს რომ უყუროთ, ვერ გაიგებთ ამერიკა უფრო დიდი მტერია თუ “ისლამური სახელმწიფო." ეს პოლიტიკური შიზოფრენია დიდ ხანს ვერ ვაგრძელდება.
ალექსანდერ ვიშნევსკი

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დამნაშავეებს იპოვის სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და დასჯის.

პუტინის ეს მკაცრი ტონი რუსებისთვის კარგადაა ცნობილი.

1999 წლის აფეთქება

ლიბერალური პარტია “იაბლოკოს” თავმჯდომარის მოადგილე ბორის ვიშნევსკი ამბობს, რომ პუტინმა მსგავსი მუქარა 1999 წელს საცხოვრებელი ბინების აფეთქების შემდეგაც გააჟღერა.

მაშინ, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში შუაღამისას საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

პრეზიდენტ ბორის ელცინის ახლად დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა პუტინმა მაშინ თავდასხმა ჩეჩენ მეამბოხეებს დააბრალა.

პუტინმა მაშინაც მსგავსი განცხადება გააკეთა: “ჩვენ ტერორისტებს ყველგან დავედევნებით.” “ტუალეტებში რომ ვიპოვოთ, მაპატიეთ, მაგრამ ტუალეტებიდან გამოვათრევთ,” დასძინა მაშინ პუტინმა.

მკაცრმა განცხადებებმა პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში სხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად დააწინაურა… და ჩეჩნეთის მეორე ომიც დაიწყო.

ვიშნევსკი ამბობს, რომ პუტინის მიერ “მეტროჯეტის” თვითმფრინავის ჩამოგდების ტერორისტულ აქტად გამოცხადების დაყოვნება პოლიტიკურ გათვლებს უკავშირდება. მისი თქმით, კრემლი თავს იკავებდა ამ დასკვნის გაკეთებისგან, რადგან ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებაში გაჩნდეს შეხედულება, რომ რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის გამო რუსი მოსახელობა ისჯება.

“იმის დაუყოვნებლივ აღიარება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო შექმნიდა საბაბს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შურისძიების აქტი იყო რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის გამო,” აცხადებს ვიშნევსკი.

პარიზში მომხდარი თავდასხმების შემდეგ კი კრემლს ადვილად შეუძლია თქვას, რომ ტერორიზმი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაა მიმართული.

დუბროვკიდან ბატაკლანამდე

პარიზის საკონცერტო დარბაზზე მიტანილი იერიში რუსეთს კიდევ ერთ ტრაგედიას ახსენებს. ეს “ნორდ-ოსტის” ტერაქტია.

2002 წლის 23 ოქტომბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა “დუბროვკის” თეატრში 800 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

დუბროვკის თეატრში გარდაცვლილი ადამიანების დროებითი მემორიალი
დუბროვკის თეატრში გარდაცვლილი ადამიანების დროებითი მემორიალი

ტატიანა კარპოვამ იმ დღეს დუბროვკაში შვილი დაკარგა. რუსეთის სპეც-დანიშნულების რაზმმა მაშინ ტერორისტების გასაუვნებელყოფად თეატრში გაზი გაუშვა. ჩეჩენ თავდამსხმელებთან ერთად გაზის შედეგად 130 მძევალი დაიღუპა.

კარპოვა ამბობს, რომ გული შესტკივა პარიზში დაღუპული ადამიანების გამო და უხარია როცა ხედავს, რომ რიგითი რუსები პარიზელების ტკივილს გულითადად იზიარებენ.

თუმცა, ის დასძენს, რომ არ სჯერა კრემლის დაპირების, რომ არასოდეს დაივიწებს ტერორიზმის მსხვერპლთ. კარპოვას თქმით, მთავრობამ ნორდ-ოსტის ტრაგედია ადვილად დაივიწყა.

“ჩვენი თავის ამარად ვართ დარჩენილი,” ამბობს ის. “ჩვენი მთავრობა არასოდეს იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. როდესაც მთავრობის წევრებს პასუხი ვთხოვეთ, გვიპასუხეს, რომ ჩეჩენი ტერორისტების ოჯახებთან მივსულიყავით და მათგან მოგვეთხოვა პასუხები. დამიჯერეთ, ეს ძალიან მტკივნეული პასუხია,” დასძინა მან.

გლობალური ანტი-ტერორისტული კოალიცია

დღეს კრემლს სხვა გზავნილი აქვს: ჩვენ ამ საქმეში ერთიანი ვართ.

პუტინმა დასავლეთს მოუწოდა განსხვავებული შეხედულებები უკრაინასა და სირიაზე გვერდზე გადადონ და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ძლიერი კოალიცია შექმნან. რუსეთი უკვე ბობმავს ისლამისტების პოზიციებს საფრანგეთთან კოორდინაციით.

ამ თანამშრომლობასთანაც ადვილია პარალალების გავლება.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შეხვედრა
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შეხვედრა

ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბერის თავდასხმების შემდეგ პუტინი ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელმაც ამერიკას მიუსამძიმრა და დასავლეთს განსხვავებების გვერდზე გადადებისკენ და ალ-ყაიდას დასამარცხებლად ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

ეს თანამშრომლობა მალევე დასრულდა.

ვიშნევსკი პუტინის ამ მოწოდებას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გასაერთიანებლად ასევე დროებითად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთთან კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მთავრობა ქვეყნის შიგნით კრემლის მიერ მობილიზებულ ანტი-დასავლურ სენტიმენტებს დაძლევს.

“რუსულ არხებს რომ უყუროთ, ვერ გაიგებთ ამერიკა უფრო დიდი მტერია თუ “ისლამური სახელმწიფო.” ეს პოლიტიკური შიზოფრენია დიდხანს ვერ ვაგრძელდება,” ამბობს ვიშნევსკი.

XS
SM
MD
LG