ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შერ ხანი და ტაბაკები: პუტინის მიმართვა დასავლეთს


პრეზიდენტმა პუტინმა ოთხშაბათს ფედერალური ასამბლეის წინაშე მიმართვაში დასავლეთს მოუწოდა „წითელი ხაზები“ არ გადაკვეთოს. მისი თქმით, რუსეთის პასუხი იქნება „სწრაფი და ხისტი“ და დამნაშავეები საკუთარ ნაბიჯებს ინანებენ.

„იმედი მაქვს, არავინ გაბედავს რუსეთთან მიმართებით წითელი ხაზების გადაკვეთას და იმას, თუ სად გადის ეს ხაზი, ჩვენ ცალკეულ შემთხვევაში გადავწყვეტთ“, - თქვა პუტინმა. „ისინი ვინც პროვოკაციებს აწყობენ, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხეს უქმნის, ინანებენ თავიანთ ქმედებებს, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე აქამდე უნანიათ“, - თქვა მან.

პუტინის ყოველწლიური მიმართვა იმ ფონზე მიმდინარეობდა, როცა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის უპრეცენდენტო მობილიზება ხდება, კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში შიმშილობს და ჩეხეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ, 2014 წელს მომხდარი აფეთქების ორგანიზების ბრალდებით.

მოსკოვი უარყოფს უკრაინის და დასავლეთის შეშფოთებას სამხედრო მობილიზაციაზე და ამბობს, რომ ის არავის უქმნის საფრთხეს და რუსეთს აქვს უფლება მის ტერიტორიაზე ჯარები სადაც უნდა იქ განათავსოს.

„ჩვენ არ გვინდა ხიდები გადავწვათ“, - თქვა პუტინმა. „თუმცა, ჩვენი კეთილგანწყობა ვინმემ გულგრილობად ან სისუსტედ არ ჩაგვითვალოს და თავად რომ არ დაწვას ან ააფეთქოს ეს ხიდები, რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და ხისტი“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის გამოსვლასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. ნავალნი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია და გასულ წელს ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს, სამი კვირაა ციხეში შიმშილობს, მასთან პირადი ექიმების დაშვების მოთხოვნით და ამ მოთხოვნაზე ოფიციალური პირების უარის გამო. პოლიციამ ნავალნის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა მოსკოვში და დაარბია „არასანქცირებული“ აქციები რუსეთის მასშტაბით.

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მისი სიცოცხლისთვის რისკების შექმნას საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა.

ამერიკასა და მის მოკავშირეებზე საუბრისას, რუსეთის ლიდერმა დაგმო ისინი, ვინც „არაკანონიერ, პოლიტიკურად მოტივირებულ ეკონომიკურ სანქციებს“ აწესებენ. მან განაცხადა, რომ რუსეთმა თავშეკავება აჩვენა და არ უპასუხია „ღიად უხეში“ ქმედებებისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის და ფედერალურ სააგენტოებზე „სოლარ უინდის“ კიბერთავდასხმის გამო. შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რამდენიმე კომპანია და პირი შეიყვანა სანქციების სიაში და შეზღუდვები დააწესა რუსეთის შესაძლებლობაზე ისესხოს ფული.

რუსეთმა საპასუხოდ 10 ამერიკელი დიპლომატი გააძევა, შავ სიაში შეიყვანა 8 მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირი და დამატებითი მოთხოვნები დაუწესა ამერიკის საელჩოს მოსკოვში.

„რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რომელსაც ჩვენ დავიცავთ საერთაშორისო კანონთან შესაბამისობაში“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, გამოსვლაში პუტინმა ამერიკა და მოკავშირეები ტაბაკებს შეადარა რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნიდან“, რომლებიც ვეფხვ შერ ხანს ემსახურებიან. „ისინი თავიანთი ბატონის სიამოვნებისთვის ღმუიან“, - თქვა მან.

ამ კვირაში, ჩეხეთმა18 რუსი დიპლომატი გააძევა, მას შემდეგ რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წელს მასშტაბური აფეთქება, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. მას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსკოვმა უარყო ბრალდება და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

პუტინმა გამოსვლაში დასავლეთი გააკრიტიკა, მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს „გადატრიალების“ და მკვლელობის მცდელობაზე რეაქციის არქონის გამო. პუტინმა პარალელი გაავლო ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შემთხვევებთან.

2014 წელს რუსეთმა იანუკოვიჩს დახმარება გაუწია, როცა კიევში მაიდანის რევოლუციის შედეგად ის ქვეყნიდან წავიდა. ცოტა ხანში კი მოსკოვი ყირიმში შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა. „ღირსების რევოლუციას“ 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეჭრამ და კონფლიქტმა ამ დრომდე 14,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საკუთარი გამოსვლის უდიდესი ნაწილი პუტინმა საშინაო საკითხებს დაუთმო და განაცხადა, რომ ქვეყანამ კოვიდ-19-თან გამკლავება წარმატებით შეძლო. მან ისაუბრა რუსულ ვაქცინაზე და პანდემიის ეკონომიკური ეფექტის შესამცირებლად, სოციალურ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG