ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი და „შეშის ძიების“ ოპერაციები


25-26 ნოემბრის პროტესტის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან

პროტესტის მუხტი, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას მოჰყვა, დღემდე მხოლოდ იზრდება და ძალებს იკრებს. თუმცა მისი განეიტრალება ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია. ამისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება: არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ან დათანხმება ეგრეთ წოდებულ „გემანულ მოდელზე“. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ის, რაც ასე მარტივად მოსაგვარებლად გამოიყურება გარეშე თვალისთვის, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისთვის განსხვავებული პრიზმით აღიქმება. ამიტომ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მსგავს შემთხვევებში, ხელისუფლება ორიენტირებული კრიზისის განმუხტვაზე, სულაც არაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზვავის ეფექტის შესახებ, თეორიულად, იცის.

"შეშის კასრები" საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან. 18 ნოემბერი 2019
"შეშის კასრები" საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან. 18 ნოემბერი 2019

ის, ახალგაზრდები, ვინც გავრილოვის ღამის შემდეგ სირცხვილის პერმანენტულ შხაპს უწყობდა ხელისუფლებას, დღესაც ქუჩაში დგანან. მათმა პროტესტმა მხოლოდ ერთი სახელისუფლებო გადაადგილება გამოიწვია: პარლამენტის თავმჯდომარის ჩანაცვლება. მთავარი „შედეგი“, რაც მძლავრმა საპროტესტო მუხტმა მოიტანა და რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, მმართველმა გუნდმა „გააქრო“. ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა საქართველოში 24 ივნისს გაცემულ თავისსავე პირობას უღალატა. მოგვიანებით ეს ღალატი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შემდეგნაირად ახსნა: „ეს იყო იდეა და არა დაპირება“.

ნოემბრის მიწურულის ცივი ამინდების მიუხედავად, საპროტესტო აქციები პარლამენტის მიმდებარედ არ წყდება. ხელისუფლება, ძალის გამოყენებას, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს: არ იშურებს ცივი წყლის ჭავლსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებს დემონსტრანტებისთვის. განსაკუთრებული დევნის ობიექტად კი შეშა იქცა, რომელსაც მოპიკეტეები გასათბობად იყენებენ. „შეშის ძიების“ ოპერაციები სრულიად ორიგინალურ და ამ დრომდე არნახულ პოლიციურ პრაქტიკად ყალიბდება. მიზეზი მარტივია: რაც ნაკლები შეშა მიაღწევს პროტესტის მონაწილეებამდე, მით ნაკლებია შანსი ღამე გაათიონ დემონსტრანტებმა, რადგან ისინი, ელემენტარულად, გაიყინებიან, ამიტომ ხელისუფლება შეშის ექსპროპრეაციის მეთოდით ცდილობს პოლიტიკური წინააღმდეგობის გატეხვას.

ოპოზიციამ კი ამასობაში ის სამართლებრივი „ბაზა“ გააშალაშინა და წარმოადგინა, რომლის არარსებობაზეც ხელისუფლება აპელირებდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე „ამბოხებულმა“ მაჟორიტარმა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. „ჩვენ რამდენიმე დღეში შევთავაზებთ ხელისუფლებას სრულყოფილ სამართლებრივ საფუძველს იმისა, რომ სამართლიან გარემოში ჩაარდეს არჩევნები“,- აცხადებდა გიგა ბოკერია. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი“ გულისხმობს არჩევნების ჩატარებას შერეული პრინციპით, ისევე, როგორც ამას ისედაც ითვალისწინებდა საქართველოს კანონმდებლობა 2020 წლისთვის, მხოლოდ გარკვეული ცვლილებით.

კარვები რუსთაველზე. ამომრჩევლები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ
კარვები რუსთაველზე. ამომრჩევლები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკა კუპრავა ამბობს, რომ მოდელი სავსებით გამართულია სამართლებრივად და მისი ხორცშესხმისთვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ სახელისუფლებო გუნდი, ამ მოდელს დათანხმდება, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ეს ვარიანტიც ისევე მოიცავს სამართლებრივ გადანაწილებას, როგორც „ჩაგდებული“ ინიციატივა გულისხმობდა.

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთაგან 77 აირჩევა პროპორციული წესით, 73 კი მაჟორიტარი გახლავთ. კანომდებლობით, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოში, შესაძლოა, პარტიამ არჩევნებზე მოიპოვოს ამომრჩეველთა ხმების 48 პროცენტი, მაგრამ პარლამენტში შეჰყავს, დაახლოებით, ორჯერ მეტი დეპუტატი, ვიდრე აქვს რეალური მხარდაჭერა მოქალაქეებისგან (რაც არჩევნებით დასტურდება). ოპოზიცია არჩევნებზე მოპოვებული ხმების სწორედ ამგვარ გადანაწილებას მიიჩნევს არასამართლიანად და სურს ის აქციოს პროპორციულად იმ მხარდაჭერისა, რასაც თითოეული პარტია მიიღებს არჩევნებზე.

„ამ შემოთავაზებული ვარიანტით უზრუნველყოფილია კონსიტუციური კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს 2020-ში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს (2024 სრულიად პროპორციულზე გადავდივართ), სადაც გვაქვს ჩანაწერი, რომ 77 არიჩევა პროპორციულად, 73 მაჟორიტარულად. "გერმანული მოდელის" ქართულ ვერსიაში დაცულია ორივე სისტემა. 73 შევა პარლამენტში მაჟორიტარულად, 77 პროპორციულად, მხოლოდ თითოეული პოლიტიკური ძალა პარლამენტში იმდენ დეპუტატს შეიყვანს, რამდენ პროცენტსაც ჯამურად მიიღებს არჩევნებში. მაგალითად, თუ პარტის აქვს მოქალაქეების 45 პროცენტიანი მხარდაჭერა არჩევნებზე, პარლამენტში შეიყვანს 150-დან, ანუ პარლამენტარების მთლიანი რაოდენობის 45 პროცენტს, დაახლოებით, 68 პარლამენტარს, რომელთაგან, პირობითად, 18 შეიძლება იყოს პროპორციული სისტემიდან გასული ადამიანი, 50 კი მაჟორიტარი. ანუ, ბალანსი იქნება დაცული პროპორციულად“.

ალიკა კუპრავა ამბობს, რომ შინაარსობრივად, ორივე სისტემა, ის, რაც ჩააგდეს „ურჩმა“ დეპუტატებმა და ეგრეთ წოდებული, „გერმანული მოდელიც“ პროპორციული გამოდის, მხოლოდ ისე, რომ არ ირღვევა კონსტიტუციაში არსებული ფორმალური ჩანაწერი. ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებას არ სჭირდება კონსტიტუციის ჩასწორება. მიიღებენ თუ არა ამ წესს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უბრალოდ, არ სურთ ამ წესის მიღება.

„76 დეპუტატი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ, ერთჯერადად, 2020 არჩევნები ჩავატაროთ უფრო სამართლიანი წესით, ვიდრე ეს დღეს გვაქვს. ის, რაც ვნახეთ, თითქოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსიტიტუციო ცვლილებები, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი დაიჯერებს. ცვლილები მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ჩავარდა. გერმანული მოდელი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პროპორციულ სისტემას შინაარსით უახლოვდება. მხოლოდ შიგნით შენარჩუნებულია როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წარმომადგენლობა“,- მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლების სასარგებლოდ არაფერი არ იცვლება. „გაცხადებულია პოზიციები, რაც მათ აქვთ. ჩემი მოლოდინით, განსაკუთრებული საზოგადოებრივი პრესინგი თუ არ განხორციელდა მათზე, ან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას თუ არ ექნა ადგილი, არამგონია, ოცნება ამ მოდელს დათანხმდეს,“- გვეუბნება ალიკა კუპრავა.

საპროტესტო ტალღა, შეიძლება ითქვას, რომ მასობრივ ხასიათს ატარებს: „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - როგორც მათი სლოგანი მოწმობს. პროტესტის მონაწილეები ცდილობენ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან და მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ პარლამენტის წევრებს მმართველი გუნდიდან, მათ ვინც ჩააგდეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება საარჩევნო წესის უფრო სამართლიანით შეცვლის თაობაზე.

საპროტესტო აქსესუარები. პროტესტი პარლამენტის წინ
საპროტესტო აქსესუარები. პროტესტი პარლამენტის წინ

26 ნოემბერს, გამთენიისას, 5 საათზე დაარბია სპეცრაზმმა პარლამენტის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები. „ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ყველა უკვე ძალიან დაღლილი ვიყავით: ზოგს ეძინა პარლამენტთან... იმ ადამიანებსაც, ვინც ონლაინ „გვდარაჯობდა“ ასევე დასვენება სჭირდებოდათ, სწორედ ამ დროს შემოგვესია სპეც-რაზმი“,- ამბობს ანა სუბელიანი, პროტესტის მონაწილე, ვინც პარლამენტთან ათენებდა 26 ნოემბრის ღამეს. „განეიტრალების“ მორიგი ტალღის შედეგი ასეთია: 28 დაკავებული, 3 დაშავებული.

ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც 18 ნოემბერს დააკავა პოლიციამ. წინა „ნადირობის“ შედეგი ასეთი გახლდათ: 37 დაკავებული, 6 დაშავებული.

პროტესტის მონაწილეების სამომავლო გეგმები კვლავ პერმანენტულ აქციებს გულისხმობს. „მაინც ვერ გაგვტეხთ, ბრძოლას არ შევწვეტთ“,- აცხადებენ ისინი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტის პიკეტირება პარლამენტს შიგნით სხდომების გამართვის პარალელურად დაიგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG