ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი უარი შეწყალებაზე: დეკანოზმა მამალაძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, წინამორბედის მსგავსად, დეკანოზი მამალაძე ციხეში დატოვა
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, წინამორბედის მსგავსად, დეკანოზი მამალაძე ციხეში დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, საშობაო ამნისტიის ფარგლებში, არ შეეწყალებინა დეკანოზი გიორგი მამალაძე, „ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზი ციხეში დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მამალაძემ საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო.

თავად ლომჯარია წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, დეკანოზის შეწყალებას მხარს ღიად უჭერდა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ დეკანოზის მიმართ „გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა.“

ლომჯარია: „გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული
ლომჯარია: „გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული

სახალხო დამცველმა საზოგადოებას შეახსენა, ე.წ „ციანიდის საქმის“ როგორც გამოძიების, ისე დახურული სასამართლოს მონიტორინგის 2017 წელს მომზადებული ანგარიში, სადაც კერძოდ ნათქვამია:

  1. მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა“, რაც სასამართლოზე არ დადასტურდა;
  2. სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე
  3. ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს
  4. მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე
  5. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების - აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება
  6. პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება. ამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული“

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის თებერვალში თბილისის აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა მას საჯაროდ დასდეს ბრალი პატრიარქის მკვლელობის ორგანიზებაში თუმცა სასამართლომ მამალაძე დამნაშავედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა ცნო და და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზმა ბრალი არ აღიარა და სს საქმეს "შეკერილი" უწოდა.

ზურაბიშვილი: „პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“
ზურაბიშვილი: „პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“

დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაიმეორა რომ „პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“ და სწორედ ამიტომ „ვერ მოძებნა არგუმენტები გიორგი მამალაძის შეწყალებისათვის“. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის „ვერსია გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა“.

დეკანოზ მამალაძის ოჯახი მიიჩნევს რომ საპატრიარქომ, რომელმაც პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით 2019 წლის ნოემბერში მიმართა, პრეზიდენტმა და მთავრობამ „მინი-სპექტაკლი გაითამაშეს“. „პატრიარქის მოთხოვნაა, რომ ჩემი ძმა ციხეში იჯდეს და არ ისაუბროს სოდომურ ცოდვებსა და ფინანსულ მაქინაციებზე, რაც საპატრიარქოში წლების მანძილზე ხდება“ - აღნიშნა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

„საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის გამონათქვამების კომენტარი“, – ასე გამოეხმაურა საპატრიაქროს წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. დეკანოზი არც წინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, ახლა დაცვის მხარის მთელი იმედი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკავშირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG