ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს პრიორიტეტია


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსლეს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროკავშირის და ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდა. ასევე, გაიმართა შეხვედრები ბელგიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან.

23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ “ნატოსთან ურთიერთობა ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს. ზუსტად ამიტომაც ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში და ევროკავშირში. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ჩემი საპრეზიდენტო მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.”

ზურაბიშვილმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესმა საქართველო უფრო უსაფრთხო ქვეყნად აქცია. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ “მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, როდესაც გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი წნეხის ქვეშ არის.”

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ “მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს 17 მოკავშირე მიიღებს. ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება.”

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და ნატო გააგრძელებენ “ერთობლივ მუშაობას” საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მოსამზადებლად. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მხარდაჭერას.

ნატოს ხელმძღვანელთან შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს და ევროპული სტრუქტურების სხვა წევრებსაც შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG