ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი რუსეთს "ძალადობის სპირალის" დასრულებისკენ მოუწოდებს


პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს "ძალადობისა და სიკვდილის სპირალი" უკრაინაში.

ფრანცისკემ ეს მიმართვა საკვირაო ქადაგებისას, ვატიკანში გააკეთა, წმინდა პეტრეს მოედანზე. ეს 24 თებერვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება და ომის დაგმობაა.

"ჩემი მიმართვა პირველ ყოვლისა რუსეთის პრეზიდენტს ეხება. მე მას ვემუდარები, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი, მათ შორის მისივე ხალხის სიყვარულის გამო" - ამბობს ფრანცისკე.

"მეორე მხრივ კი, დამწუხრებული ვარ რა, იმ უზარმაზარი ტანჯვით, რაც უკრაინელმა ხალხმა [რუსეთის] შეჭრის შემდეგ განიცადა, ასეთივე დაბეჯითებით ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტს, იყოს მზად სერიოზული სამშვიდობო შეთავაზებისადმი", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა მზარდ ბირთვულ საფრთხეებსა და მუქარას "აბსურდი" უწოდა და თქვა, რომ ღრმადაა დამწუხრებული იმგვარი ესკალაციით, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების მეტი დარღვევის საფრთხეს ქმნის. "სინამდვილეში ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის რისკებს ისე, რომ მსოფლიოში ამის უკონტროლო და კატასტროფული შედეგების შიში არსებობს", - ამბობს პაპი.

რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის 4 ტერიტორიის რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილების შესახებ. ეს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული და იმ ე.წ. რეფერენდუმების ლეგიტიმურობას, რომლითაც კრემლი ამ გადაწყვეტილებას ასაბუთებს, დანარჩენი მსოფლიო არ აღიარებს. ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ბოლო დღეებში კვლავ გაიმეორა და დასავლეთს ისიც კი უთხრა, რომ ეს "არ არის ფანდი". რაც შეეხება რომის პაპის მიმართვას, მის შესახებ მოსკოვს ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG